Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად რეალურია დესტაბილიზაციის საფრთხე საქართველოში?


ძალაუფლების მოსაპოვებლად საზოგადოების დაპირისპირება და მართვადი ქაოსის ატმოსფეროს შექმნა საქართველოს ზოგიერთი პოლიტიკური ძალისთვის ეთიკური პრინციპის გამოა მიუღებელი,

ზოგისთვის - საკუთარი მწარე გამოცდილების გამო. 23 დეკემბერს, თბილისის ომის მეთერთმეტე წლისთავზე, ორივე პოლიტიკური ბანაკის წარმომადგენლებმა საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირეს. თავის მხრივ, დესტაბილიზაციის დაუშვებლობაზე ლაპარაკობს საქართველოს ხელისუფლებაც, რომელიც, როგორც გასული კვირის ბოლოს გამართულ სამთავრობო სხდომაზე გამოჩნდა, ყველაზე დიდი დოზით ატარებს ამ საშიშ მუხტს.

11 წლის წინ თბილისის ცენტრში დაწყებულმა შეიარაღებულმა დაპირისპირებამ, რომლის ფორმალური მიზეზი მმართველი პოლიტიკური ძალის - "მრგვალი მაგიდის" - გახლეჩა გახლდათ, საქართველოში ხელისუფლებისთვის მრავალწლიან ბრძოლას დაუდო სათავე. ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ყველაზე აქტიური მხარდამჭერების დევნაში საქართველოს სტაბილურობას ახალი საფრთხე გამოუჩნდა, ხელისუფლების საყრდენი პოლიტიკური ორგანიზაცია "მხედრიონის"სახით, რომლის ლიდერი ჯაბა იოსელიანი საქართველოს ლიდერის ედუარდ შევარდნაძის ყველაზე საშიშ ოპონენტად იქცა. საბოლოო ჯამში, საკუთარი ძალაუფლების განმტკიცება ედუარდ შევარდნაძემ 1995 წელს რადიკალური პოლიციური მეთოდებითა და ახალი მმართველი პარტიის "მოქალაქეთა კავშირის" შექმნით შეძლო.

საქართველოში კი პრეზიდენტ შევარდნაძის პირადი ძალაუფლების განმტკიცება ქვეყნის სტაბილური ფუნქციონირების სინონიმად ითვლება. შესაბამისად, მიმდინარე წლის დასაწყისში მმართველი პარტიის, "მოქალაქეთა კავშირის," გახლეჩაში ბევრმა ანალიტიკოსმა ახალი დესტაბილიზაციის საფრთხე დაინახა. და მაინც, რამდენად წააგავს დევანდელი რეალობა 11 წლის წინანდელ მოვლენებს? რომელ პოლიტიკურ ძალას შეიძლება ხელს აძლევდეს დესტაბილიზების პროვოცირება საქართველოში? აი, რა განაცხადა ამ შეკითხვაზე 1990-91 წლებში საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, "ეროვნული თანხმობისა და სამართლიანობის აღდგენის კავშირის " წევრმა ნემო ბურჭულაძემ:

[ნემო ბურჭულაძის ხმა] "თუ ვინმეს აწყობს არეულობა, აწყობს იმ ძალას, რომელიც დღეს რეალურად მართავს ქვეყანას. აწყობს იმდენადაც, რამდენადაც, არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების შემთხვევაში, ძალიან კარგად იციან მათ, რომ თითქმის ვერავინ, ვერც ერთი მათგანი ვერ მოხვდება ხელისუფლებაში. მათ სურთ, რომ არჩევნები არ ჩატარდეს. ამისთვის მშვენიერი საბაბი იქნება კიდევ ერთი არეულობა (რა დროს არჩევნებია, დასაწყნარებელია, ისვრიან) და ამის გამოწვევა მათ ძალიან ადვილად შეუძლიათ, თუ შევხედავთ ამ ბოლო მოვლენებს."[სტილი დაცულია]

მოსალოდნელი არეულობის "ირიბ ნიშნად"ასევე მიიჩნევა პოლიტიკაში კრიმინალური ელემენტებისა და უკონტროლო გასამხედროებული ჯგუფების მომრავლება. აქ, პირველ ყოვლისა, იგულისხმება პრეზიდენტ შევარდნაძის წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტის ორგანიზებისთვის მსჯავრდებული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის თემურ ხაჩიშვილისა და "მხედრიონის" ერთ-ერთი ლიდერის გიგა გელაშვილის ციხიდან გათავისუფლება და აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაბმა.

პირველმა ერთი კვირის წინ აშკარად პრორუსული პლიტიკური გაერთიანება "დათვი" დააფუძნა, მეორეს კი, როგორც "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აღნიშნავს, ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის ბორჯომის მონაკვეთის დაცვა დაავალეს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს დანიშვნა ედუარდ შევარდნაძის თანხმობის გარეშე ვერ მოხდებოდა, მაშინ აშკარად საფუძველი აქვს ვარაუდს, რომ ხელისუფლებამ ძალიან სახიფათო თამაში წამოიწყო პოლიტიკური ოპონენტების გასაჩუმებლად და ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

მეორე მხრივ, პარადოქსულია და არავითარ ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარება ის ფაქტი, რომ დესტაბილიზაციის საფრთხესა და სამართალდამცველ სტრუქტურებში "მიტმასნილი ელემენტების" მომრავლებაზე თავად ხელისუფლებაც ლაპარაკობს. წინა კვირას გამართულ მთავრობის სხდომაზე დესტაბილიზაციის მთავარ საფრთხედ დასახელდა სწორედ კორუფციით განეიტრალებული სამართალდამცავი სისტემა, რომელიც, ანტიკორუფციული საბჭოს მდივნის კახა უგულავას შეფასებით, არათუ სახელმწიფო უსაფრთხოებას, არამედ საკუთარ თავსაც ვეღარ აკონტროლებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG