Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესა ქართულ-ოსური კონფლიქტის შესახებ


გიორგი კაკაბაძე, თბილისი წინა კვირაში რუსეთის პრესამ რამდენიმე წერილი მიუძღვნა ქართულ-ოსური კონფლიქტის პრობლემატიკას. 20 დეკემბრის "ინფორმაციულ-პოლიტიკური არხის" საიტზე ამ კონფლიქტის გარშემო საუბრამდე

რუსეთ-საქართველოს დღევანდელი ურთიერთობაც არის გაანალიზებული. გესაუბრებით ამ წერილების შესახებ.

ინტერნეტგაზეთში გამოქვეყნებული წერილის ავტორი კონსტანტინ კაზენინი თავდაპირველად აღნიშნავს ედუარდ შევარდნაძის განცხადებას, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანება არ უნდა უშლიდეს ხელს დსთ-ში ყოფნას. ავტორის თქმით, "ამ განცხადებას მოჰყვა რუსეთის საპასუხო ნაბიჯები ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზებზე კონტინგენტის ნაწილობრივი შემცირების თაობაზე; აგრეთვე ის, რომ ჩეჩნეთში დააკავეს 98 წელს შევარდნაძეზე თავდასხმაში ორი ეჭვმიტანილი პირი".

გაზეთი წერს: "რუსეთის ეს ნაბიჯები, რასაკვირველია, წარმოადგენს რეაქციას არა მხოლოდ დსთ-ში დარჩენის სურვილზე, არამედ საქართველოს ლიდერის ბოლოდროინდელი ქცევის საერთო მიმართულებაზეც, რასაც ზოგიერთმა მიმომხილველმა საკმაოდ ზუსტად რუსეთის ფრონტზე "გენერალური უკუქცევა" უწოდა. ეს გამოიხატა როგორც საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული რიგი ყარაჩაელი და ჩეჩენი ექსტრემისტის რუსეთისთვის გადაცემით, ისე თბილისში ჩატარებული "ჩეჩნური" წმენდით.

ავტორის თქმით, "გენერალურ უკუქცევას" თან ახლდა ზოგიერთი სხვა საკვანძო საკითხი, რომელიც საქართველოს ამბოხებულ ავტონომიებს უკავშირდება. მაგალითად, კაზენინი აღნიშნავს, რომ "საქართველოს პრეზიდენტმა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგებაში წარმომადგენლად დანიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერი ვახტანგ რჩეულიშვილი, რომელიც ქართული ისტებლიშმენტის თითქმის ყველაზე პრორუსულ წევრად მიიჩნევა".

წერილში ნათქვამია, რომ "თუ ადრე სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი თბილისთან მოლაპარაკებაზე უარს ამბობდა, ამჯერად რჩეულიშვილთან შეხვედრისთვის მზადყოფნა გამოთქვა. იმავდროულად, კოკოითმა ისიც განაცხადა, რომ ექვსი ათასიან არმიას ქმნის, შეიარაღებას კი კორუმპირებული ქართველი ჩინოვნიკებისგან იძენს".

19 დეკემბრის "კომსომოლსკაია პრავდას" ფურცლებზე ედუარდ კოკოითი საქართველოს პრეზიდენტს და მის თანამებრძოლებს აგრესიულ მისწრაფებებში ადანაშაულებს და აცხადებს: "მას შემდეგ, რაც საქართველოში უცხოელი სამხედრო ინსტრუქტორები გამოჩნდნენ და თბილისმა სამხედრო ტექნიკის დიდი პარტია მიიღო, პანკისში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების საბაბით, გაისმა განცხადებები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ძალისმიერი გზით დაბრუნების შესახებ".

17 დეკემბრის გაზეთ "ვრემია მნ-ის" აზრით კი, "თბილისი და ცხინვალი იმდენად კარგად შეეგუენ არსებულ ვითარებას, როცა არც მშვიდობაა დამყარებული და არც ომი მიმდინარეობს, რომ სერიოზულ ფინანსურ დივიდენდებსაც იღებენ". გაზეთი წერს, რომ "კონფლიქტის ზონაში მდებარე "ერგნეთის" ბაზრობაზე რუსეთის კონტრაბანდის 80% შედის და საქართველო უზარმაზარ ფულს კარგავს აღურიცხავ იმპორტზე. სამართალდამცავი ორგანოები და საგადასახადო სტრუქტურები კონტრაბანდის აღკვეთაში თავის უმოქმედობას "კონფლიქტის ზონაში არსებული ფეთქებადსაშიში სიტუაციით" ხსნიან".

"ვრემია მნ-ის" თქმით, "თუ თეორიულად, პოლიტიკურ დონეზე, კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგება შესაძლებელია, პრაქტიკაში ამას წინ აღუდეგება ქართველი და ოსი ჩინოვნიკებისა და კრიმინალების უზარმაზარი არმია, რომელიც მშვიდობიან ვითარებაში დიდ ფულს დაკარგავს".
XS
SM
MD
LG