Accessibility links

2002 წელი ყოფილ იუგოსლავიაში


მიმავალი წელი არაერთგვაროვანი იყო ყოფილ იუგოსლავიაში. სერბიას ცოტა უკლია, რომ თავისი პრეზიდენტი ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალში გააგზავნოს; ხორვატიაში სერიოზული ძვრები არ შეინიშნება;

კოსოვო საერთაშორისო პროტექტორატად რჩება; მსგავსი, მაგრამ შედარებით განსხვავებული სტატუსი აქვს ბოსნია-ჰერცეგოვინას; ჩერნოგორია რეგიონში კონტრაბანდისა და ტრეფიკინგის ცენტრად ჩამოყალიბდა; მაკედონია კი, ბოლოს და ბოლოს, იწყებს მწვავე სოციალური პრობლემების გადაჭრას. რაც შეეხება სლოვენიას, იგი ნატოშიც მიიწვიეს და მალე ევროპის კავშირის წევრიც გახდება.
უფრო დაწვრილებით ბიძინა რამიშვილი მიმოიხილავს მიმავალ წელს ამ მრავალფეროვან რეგიონში.


ე.წ. შეკვეცილი იუგოსლავია, ანუ პოლიტიკური წარმონაქმნი, რომელიც სერბიისა და ჩერნოგორიისგან შედგება, სულს ღაფავს. სულ მალე მან შეიძლება შეწვიტოს არსებობა და ადგილი დაუთმოს უფრო არამყარ კონფედერაციას. ამ, ასე ვთქვათ, ნაძალადევ ქორწინებაში გამრიგებლის როლში ევროკავშირის უშიშროებისა და საგარეო პოლიტიკის კოორდიანტორი, ხავიერ სოლანა გამოდის. მან დაარწმუნა იუგოსლავიისა და ჩერნოგორიის პრეზიდენტები ვოისლავ კოშტუნიცა და მილო ჯუკანოვიჩი, რომ აუცილებელია ახალი ტიპის სახელმწიფოს შექმნა. კოშტუნიცა აშკარად კმაყოფილია, რომ მოხერხდა ამ შეთანხმების მიღწევა:

[კოშტუნიცას ხმა] "იმ დროს, როცა ევროპის ინტერგაცია ხდება და როცა ბალკანეთს დეზინტეგრაციის საფრთხე ემუქრება, სერბიამ და ჩერნოგორიამ ინტეგრაციის გზა აირჩიეს და, ამდენად, არა მარტო ბალკანეთის, არამედ მთელი ევროპის სტაბილურობას უყრიან საფუძველს."

უფრო ფრთხილი პოზიცია აქვს ჩერნოგორიის პრეზიდენტს, მილო ჯუკანოვიჩს, რომელიც წლების მანძილზე აგებდა თავის პოლიტიკურ კარიერას რესპუბლიკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ იმედებზე:

[ჯუკანოვიჩის ხმა] "ეს შეთანხმება არავითარ საფრთხეს არ უქმნის არცერთი სახელმწიფოსა და არცერთი ქვეყნის – მათ შორის არც სერბიისა და ჩერნოგორიის – უფლებას, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ გადახედონ თავიანთ პოზიციას და საკუთარ მოქალაქეებს დაეკითხონ სახელმწიფოს მომავლის შესახებ."

სერბიასაც და ჩერნოგორიასაც ინფლაციის მაღალი დონე ტანჯავს. ჩერნოგორიაში თუ ევროს ხმარებაზე გადავიდნენ, სერბია ჯერ კიდევ ცდილობს საკუთარი თვითმყოფადობის შენარჩუნებას. თუმცა ქვეყანაში მოსახლეობის პოლიტიკურმა აპათიამ იჩინა თავი, რაც კარგად გამოჩნდა ოქტომბერსა და დეკემბერში გამართულ არჩევნებში.

ჩერნოგორიამ მნიშვნელოვანწილად იმიტომ შეძლო ეკონომიკურად გადარჩენა, რომ იგი ახერხებდა მაქსიმალური მოგება ენახა თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობის წყალობით. რესპუბლიკა კონტრაბანდისა და ტრეფიკინგის ცენტრად იქცა რეგიონში. მაგრამ უკვე მოჩანს იმის ნიშნები, რომ ჩერნოგორიელები კორუფციისა და კრიმინალური დაჯგუფებებისთვის ბრძოლის გამოცხადებას აპირებენ.

თითქმის არავითარი სიახლე არ მოუტანია მიმავალ წელს ხორვატიისა და ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის. ხორვატიაში პრემიერ-მინისტრ ივიცა რაჩანის სუსტი მთავრობა თავს არიდებდა სერიოზულ ეკონომიკურ რეფორმებს. უფრო მეტიც, იგი თავს იკავებს ჰააგის ტრიბუნალისთვის ომის დამნაშავეთა გადაცემისგან და ამით თავს იზოლაციაში იყენებს.

ბოსნია-ჰერცეგოვინაში საერთაშორისო თანამეგობრობის უზენაესი წარმომადგენლის თანამდებობა ჩაიბარა ბრიტანელმა პედი ეშდაუნმა, რომელმაც მყის გამოუცხადა ბრძოლა კორუფციას. მაგრამ ამავე დროს იგი კრიტიკის ქარცეცხლში მოჰყვა. ეშდაუნს აკრიტიკებენ, რომ არასაკმარის წინააღმდეგობას უწევს ნაციონალისტურ ჯგუფებს.

საპირისპირო ვითარებაა ალბანეთში, სადაც 2002 წლის მანძილზე აქტიურად ხორციელდებოდა ბინათმშენებლობისა და საგზაო მშენებლობის პროექტები, რომლებიც რეგიონში უპრეცედენტოა თავისი სისწრაფით. მიმავალ წელს ალბანეთში აირჩიეს ახალი პრეზიდენტი, საბჭოთა პერიოდის ფუნქციონერი ალფრედ მოისიუ. ამავე დროს ქვეყანას ჰყავს ახალი პრემიერ-მინისტრი – ფატოშ ნანო. მათი მთავარი ამოცანაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.

რაც შეეხება ალბანელებით დასახლებულ კოსოვოს, აქ მოვლენები ასევე სწრაფად ვითარდება. კოსოვოში გაეროს წარმომადგენელი, გერმანელი დიპლომატი მიხაელ შტაინერი, მიიჩნევს, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაწყვიტოს კოსოვოს მომავალი. შტაინერი მოითხოვს, რომ პროვინციას დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი მიენიჭოს.

ოდნავ სამხრეთით, მაკედონიაშიც გარკვეული წინსვლა შეინიშნება. მას მერე, რაც სექტემბრის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს სოციალ-დემოკრატებმა, მათ ხელი მოჰკიდეს გადაუდებელი სოციალური პრობლემების მოგვარებას. ალბანურ უმცირესობასთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად ხელისუფლებამ საკონსტინუციო ცვლილებების გზა აირჩია. ახალმა პრემიერ-მინისტრმა ბრანკო ცრვენკოვსკიმ განაცხადა:

[ცრვენკოვსკის ხმა] "მოგვწონს ეს თუ არა –მაკედონელებმა უნდა შევიგნოთ, რომ მაკედონია მხოლოდ მაკედონელი ხალხის სახელმწიფო არ არის. მაკედონია ყველას გვეკუთვნის თანაბრად, არავისა აქვს გამორჩეული უფლება, ფლობდეს მაკედონიას."

სულ სხვა ვითარებაა იუგოსლავიის კიდევ ერთ ყოფილ წევრ რესპუბლიკაში – სლოვენიაში. ეს იუგოსლავიის დაშლის შედეგად წარმოქმნილი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც ნატოში გასაწევრიანებლად მიიწვიეს პრაღის სამიტზე. 2004 წლისთვის კი იგი ევროპის კავშირის წევრიც გახდება.
XS
SM
MD
LG