Accessibility links

logo-print

აფხაზეთის მიმართ მოსკოვი კვლავ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს


საქართველოში ჩამოსვლისთანავე გაკეთებულ განცხადებაში რუსეთის ახალმა ელჩმა ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა აღნიშნა, რომ დაგეგმილი აქვს აფხაზეთს, საქართველოს განუყოფელ ნაწილს, ეწვიოს.

რუსეთის სხვა ოფიციალურ პირებსაც არაერთხელ გაუსვამთ ხაზი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თუმცა კი თავისი მოქმედებით რუსეთი კვლავაც აგრძელებს იმ სეპარატისტული რეგიონების მხარდაჭერას, რომლებიც სათუოს ხდიან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის განმსაზღვრელი ეგრეთ წოდებული ბოდენის პროექტის დაბლოკვის პარალელურად, მოსკოვი გეგმაზომიერად დგამს ნაბიჯებს საქართველოს სეპარატისტული კუთხის, აფხაზეთის, რუსეთის ფედერაციის ინფრასტრუქტურაზე მისაბმელად. აფხაზეთში დარჩენილი მოსახლეობის რუსეთის მოქალაქეებად გაფორმების შემდეგ მოსკოვმა ამ რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვაც დაიწყო.

24 დეკემბერს დასრულდა მოსკოვის მთავრობის დელეგაციის 4 დღიანი ვიზიტი სოხუმში. რუსეთის დედაქალაქის დელეგაციას ქალაქის მერის იური ლუჟკოვის მრჩეველი კონსტანტინ ზატულინი ხელმძღვანელობდა. სოხუმელი ჟურნალისტებისათვის მიცემულ ინტერვიუში ზატულინმა განაცხადა, რომ მოსკოვის მერია დაინტერესებულია აფხაზეთში საკურორტო, კვებისა და მრეწველობის ობიექტების აღდგენით. მისივე თქმით, მოსკოვის მთავრობა აფხაზეთს ეკონომიკური პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება, მათ შორის, საზღვაო და საჰაერო კავშირის აღდგენის საქმეში.

აქამდე თბილისში ფიქრობდნენ, რომ კრემლის მიმართ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური დათმობები ხელს შეუწყობდა აფხაზეთის მიმართ რუსეთის პოლიტიკის შეცვლასაც. სოხუმელი ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია ფიქრობს, რომ თბილისის მიერ გადადგმული ნაბიჯები მოსკოვისთვის საკმარისი არ არის, ის უფრო მეტს მოითხოვს და ამიტომ აგრძელებს სეპარატისტების მხარდაჭერას.

[თენგიზ პაჭკორიას ხმა] „ამით, ფაქტობრივად, გრძელდება პოლიტიკა, რომლის პირობითი სახელწოდებაა „მათრახის და თაფლაკვერის პოლიტიკა“. მეორე მხრივ, ასეთ ვიზიტებს აქვს კიდევ ერთი მიზანი - გარკვეული მხარდაჭერა და დახმარება გაუწიოს ახლანდელ რეჟიმს სოხუმში.“

ამ მიზნის განსახორციელებლად მოსკოვის მთავრობა 2003 წლის თებერვლის დასაწყისში, ჰუმანიტარული დახმარების სახით, აფხაზეთისთვის 10 ავტობუსისა და 2 ტროლეიბუსის გადაცემის პირობას იძლევა. ასევე, ახალი ათონის საექსკურსიო ტრანსპორტის შესაკეთებლად აუცილებელ სამუშაოებს მოსკოველი სპეციალისტები შეასრულებენ. რუსეთი თავის აფხაზ მოქალაქეებს განათლების პრობლემების მოგვარებაშიც ეხმარება. მოსკოვის განათლების დეპარტამენტმა აფხაზეთის სკოლებს 30 ათასი სასწავლო სახელმძღვანელო საჩუქრად გადასცა.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესამჩნევი დათბობის შემდეგ თბილისში გაოცებას ვერ ფარავენ სეპარატისტებთან მოსკოვის ასეთი თანამშრომლობის გამო. განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის მალხაზ კაკაბაძის განცხადებით:

[მალხაზ კაკაბაძის ხმა] „ქართულად ამაზე ვიცი მე ერთი გამოთქმა: ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო. უხეშად ამას ჰქვია ცეცხლთან თამაში, როდესაც გამოიყენება ორმაგი სტანდარტი სეპარატისტებთან მიმართებაში: ერთი - ჩეჩნეთში და მეორე - აფხაზეთში.“

მოსკოვის მერის იური ლუჟკოვის მეგობარი ასლან აბაშიძე დიდი ხანია აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმისათვის ეკონომიკური ბლოკადის მოხსნის ინიციატივით გამოდის. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის გადაწყვეტილების მიხედვით, რომელიც სოხუმის ხელისუფლებასთან ეკონომიკური ურთიერთობის წესებს განსაზღვრავს, მოსკოვის ამჟამინდელი ქმედება ნაკისრი ვალდებულებების დარღვევად ითვლება. ეს თბილისს სათანადო საერთაშორისო რეაგირების საშუალებას მაინც აძლევს. ასლან აბაშიძის ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში, ადვილი სავარაუდოა, თუ რა მასშტაბები შეიძლება მიიღოს რუსეთ-აფხაზეთის ეკონომიკურმა ინტეგრაციამ. თბილისს კი ამ პროცესებზე ზემოქმედების არანაირი ბერკეტი - მათ შორის, პროტესტის გამოთქმის უფლებაც - აღარ დარჩება.
XS
SM
MD
LG