Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოთელი მეზღვაურები კვლავ სომალელი მეკობრეების ხელში რჩებიან


30 ივლისს სომალის ნაპირებთან მეკობრეების მიერ დაკავებული ქართველი მეზღვაურების ბედი ისევ გაურკვეველია. ბოლო მონაცემებით, ბერძნული კომპანიის კუთვნილ გემს,

რომელზეც ქართველი მეზღვაურები და მეკობრეები იმყოფებიან, ადგილსამყოფელი შეცვლილი აქვს. მეკობრეები მეზღვაურების გათავისუფლებისთვის მიღებულ გამოსასყიდს ვერ იყოფენ. ასევე, ბოლო ინფორმაციით, მეკობრეთა ტყვეობაში მყოფი მეზღვაურების მდგომარეობა გაუარესებულია, ვინაიდან ისინი საკვების დეფიციტს განიცდიან. საქართველოს სახალხო დამცველი ქართველი მეზღვაურების გათავისუფლებაში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო კომიტეტის ჩარევას არ გამორიცხავს.

ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციათაგან წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო კომიტეტი ერთადერთია, რომელსაც სომალიში თავისი წარმომადგენლობა ჰყავს. საქართველოს სახალხო დამცველი შესაძლებლად მიიჩნევს ამ ორგანიზაციის ჩართვას ქართველი მეზღვაურების გათავისუფლების პროცესში, რადგან მძევალთა გათავისუფლებისთვის გამოსასყიდის გადახდა ჯერჯერობით არასაკმარისი აღმოჩნდა.

საბერძნეთის კუთვნილი ტვირთმზიდი “ჯენლილი” მეკობრეებმა სომალის ნაპირებთან 30 ივლისს დაატყვევეს, თუმცა ეს ფაქტი მხოლოდ მოგვიანებით, 12 აგვისტოს, გახდა ცნობილი. მეკობრეები მეზღვაურების გათავისუფლებისთვის თავიდან 1 მილიონ დოლარს ითხოვდნენ, მოგვიანებით 600000 დოლარამდე, ბოლოს კი 85 ათას დოლარამდე ჩამოვიდნენ.
როგორც ცოტა ხნის წინ იტყობინებოდა გაზეთი “24 საათი”, დატყვევებული ტვირთმზიდის მეპატრონის, ბერძნული კომპანია “პალას ნავიგეიშენის,” ადვოკატებზე დაყრნობით, აღნიშნულმა კომპანიამ მეზღვაურების გამოსასყიდი თანხა - 85 ათასი დოლარი - ჯიბუტის ერთ-ერთ ბანკში 30 ნოემბერს გადარიცხა. დატყვევებულ მეზღვაურებსა და მათ ახლობლებთან კონტაქტში მყოფი პირები ირწმუნებიან, რომ მეკობრეებს ეს თანხა უკვე მიღებული აქვთ და ახლა ამ თანხას ვერ იყოფენ.

დეკემბრის შუა რიცხვებამდე დატყვევებულ ტვირთმზიდს ღუზა ქალაქ ბოსაასოდან 250 კილომეტრის დაშორებით ჰქონდა ჩაშვებული. 13 დეკემბერს მან ადგილმდებარეობა შეიცვალა და, სავარაუდოდ, ჯიბუტისთან ახლოს შეჩერდა. გემის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია. ფოთელი მეზღვაურების: ზურაბ გიორგაძის, არტურ არუთუნიანის, ნიკოლოზ პიჟოვის, ალექსანდრე ჩიჩაძის, ანატოლი არხანგოროდსკის და გულადი რუხაძის ამჟამინდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროში ინფორმაცია არ გააჩნიათ.

30 ივლისიდან მოყოლებული, სომალის ნაპირებთან დატყვევებულ ბერძნულ გემზე მყოფი მეზღვაურების ერთადერთი საკვები თევზი იყო.
ბოლო პერიოდის ვერსიით, დატყვევებული ტვირთმზიდი მეკობრეებს ისეთ წყლებში უნდა ჰყავდეთ შეყვანილი, სადაც თევზის მოპოვება შეუძლებელია. ამ ვერსიას ამყარებს საქართველოს სახალხო დამცველის მონაცემებიც. ნანა დევდარიანის თქმით, დატყვევებულთა მდგომარეობა გაუარესებულია - შესაძლოა, ისინი შიმშილობდნენ.

მეკობრეთა ტყვეობაში მყოფი მეზღვაურების გამოხსნა თავის დროზე ვერც სომალის ნაპირებთან მცურავი ბრიტანეთის და საფრანგეთის სამხედრო გემების მეშვეობით მოხერხდა. დატყვევებული გემის ირგვლივ ალყა მას შემდეგ მოიხსნა, რაც მეკობრეები მეზღვაურების ლიკვიდაციით დაიმუქრნენ. ჯერჯერობით არც გამოსასყიდის გადახდა ჭრის. მას შემდეგ, რაც 85 ათასი ჯიბუტის ერთ-ერთ ბანკში გადაირიცხა, ფოთელი მეზღვაურების გათვისუფლებას ყოველდღე ელოდებოდნენ, მაგრამ მოლოდინის პროცესი უსაზღვროდ გაიწელა.

უკანასკნელი წელიწადნახევრის მანძილზე სომალის ნაპირებთან უცხო ქვეყნების გემების დატყვევების 11 ფაქტს ჰქონდა ადგილი. საერთოდ კი, გემებზე მეკობრეთა თავდასხმებმა საგანგაშო მაჩვენებელს 2000 წელს მიაღწია. ამ წელს 469 ასეთი შემთხვევა აღირიცხა. მდგომარეობა სომალის ნაპირებთან ანტიტერორისტული კოალიციის სამხედრო გემების პატრულირებამ შეამსუბუქა. თუმცა მეკობერთა ტყვეობაში დარჩენილი ქართველი მეზღვაურებისთვის ეს ვერაფერი შეღავათია.
XS
SM
MD
LG