Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქრისტეშობის ტრადიციების შესახებ


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა 25 დეკემბერს დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობა ქრისტეშობას აღნიშნავს.

აინთება მორთული ნაძვის ხეები, დიდები და პატარები ნაძვისხის ძირში დახვავებულ, საგანგებოდ შეფუთულ საჩუქრებს გახსნიან. ფაქტობრივად, ზეიმი უკვე 24-ში საღამოს დაიწყება.

ჩვენს დღევანდელ ყოველკვირეულ პროგრამაში "ათასწლეულთა მიჯნაზე" ამ ტრადიციის წარმოშობის ზოგიერთ წყაროზე გესაუბრებით.

ქრისტეშობის დღედ 25 დეკემბერი მეოთხე საუკუნეში დადგინდა. მაგრამ თუ ლუკას სახარებას მივმართავთ, ამ თარიღის სისწორეში შეიძლება ეჭვი შეგვეპაროს.

როგორც ყველამ ვიცით, ეს დიდი ამბავი ბეთლემში მოხდა. რომის კეისარმა ავგუსტუსმა გამოსცა ბრძანება მთელი მსოფლიოს აღსაწერად, რისთვისაც ყველა თავის ქალაქში უნდა წასულიყო. მარიამის მეუღლე იოსებიც ბეთლემს გაემგზავრა, ვინაიდან ის დავითის სახლსა და ტომს ეკუთვნოდა. შემდეგ სახარებაში ვკითხულობთ:

"მათი იქ ყოფნისას შეუსრულდა მარიამს მშობიარობის დღეები. და შვა ძე თავისი, პირმშო, შეახვია და მიაწვინა იგი ბაგაში, ვინაიდან სატუმროში არ იყო ადგილი მათთვის".

და შემდეგ, ყურადღებით ისმინეთ: "იმ მხარეში იყვნენ მწყემსები მინდვრად და ღამით დარაჯობდნენ თავიანთ სამწყსოს."

მაგრამ პალსეტინაში მწყემები ღია ცის ქვეშ სადარაჯოდ რჩებიან გაზაფხულიდან შემოდგომამდე და, აქედან გამომდინარე, ქრისტეშობა ვერ მოხდებოდა ზამთარში.

მაშ საიდან წარმოიშვა ეს ტრადიცია? არის შემდეგი მოსაზრებები: შეიძლება ეს დღე არჩეულ იქნა უკვე არსებულ საზოგადოებრივ დღესასწაულებთან – წარმართულ დღესასწაულებთან – დასამთხვევად. 21 დეკემბერს რომალები აღნიშნავდნენ ზამთრის ნაბუიანობას – წლის უგრძეს ღამეს, რომლის შემდეგ დღე დაგრძელებას იწყებს. დღესაწაულს "დაუმარცხებელი მზის დაბადება"ეწოდებოდა. ხოლო 17 დეკემბერს რომაელები სატურნალიებს ზეიმობდნენ. ორივე ძალზე მხიარული დღესაწაული იყო, მათ თან ახლდა ქეიფი და საჩუქრების გაცვლა.

ბუნდოვანი და საეჭვოა არა მარტო ქრიტეს დაბადების დღე, არამედ წელიც. სახარება ბეთლემის ვარსკვლავს ახსენებს. თანამედროვე ასტრონომების თანახმად, ასეთი მასშტაბის ციურ მოვლენას ადგილი ჰქონდა ოფიციალურ ქრისტეშობამდე 6 წლით ადრე, ოქტომბერში.

ასეა თუ ისე, ქრისტიანები – როგორც ჭეშმარიტი მორწმუნეები, ისე სეკულარიტები – ტრადიციისამებრ შობის დღესაწაულს მარადმწვანე ხის მორთვით ზეიმობენ. მაგრამ ნაძვის ხის გარშემო ცეკვაც, ალბათ წარმართობასთან უნდა იყოს დაკავშირებული.

ხის თაყვანისცემა ქრისტეს დაბადებამდეც ბევრგან იყო გავრცელებული. მაგლითად, ბრიტანეთში დრუიდები ზამთრის მოსვლას მარადმწვანე ხის შემკობით აღნიშნავდნენ. სკანდინავიაში ფითრს აღმერთებდნენ.

ჯერ კიდევ ძველი აღთქმა უკრძალავდა ებრაელებს წარმართული კერპების და მათ შორის ხის თაყვანისცემას. ქრისტიანული ეკლესიის მამებიც თავდაპირველად ალმაცერად უყურებდნენ ხის კულტს.
ევროპაში ნაძვის ხე მე-16-ე საუკუნეში შემოვიდა გერმანიაში. ბრიტანეთში კი მხოლოდ მე –19 საუკუნეში.

ჩვენს თოვლის ბაბუას ევროპაში სანტა კლაუსს ეძახიან. სახელი მოდის წმინიდა ნიკოლოზისგან, რომელიც მეზღვაურების, სიცილიის, საბერძნეთისა და რუსეთის მფარველ წმინდანად ითვლება. ეს წმინდანი ისტორიული პიროვნებაა. დაიბადა თურქეთში, მე-4 საუკუნეში. იყო მორწმუნე ქრისტიანი და სახელი თავისი გულუხვობითა და გაჭივრებულთათვის დახმარებით გაითქვა. რომაელებმა, ჯერ კიდევ წარმართებმა, ნიკოლოზი დააპატიმრეს და აწამეს. მაგრამ როცა იმპერატორი გახდა კონსტანტინე, ის მოინათლა და გაათავისუფლა ნიკოლოზი. 325 წელს კონსტანტინემ მოიწვია ნიკეს კრება, რომელსაც ნიკოლოზიც ესწრებოდა. ის ცნობილი იყო ბავშვების სიყვარულით. ცნობებით, ტრადიცია, როცა ბავშვები მისგან საშობაო საჩუქარს ელოდებიან, მე-16 საუკუნეში, ჰოლანდიაში დაიწყო. მისი თანამედროვე სახე – ჭარმაგი წვერებიანი წითელ ტანისამოსში გამოწყობილი მოხუცი მე-19 საუკუნის დამდეგს შეიქნა, ვინმე კლემენტ მორის მიერ.

შობის ზოგიერთ სხვა ასპექტზე ჩვენს მორგ გადცემაში მარიამ ჭიაურელი გესაუბრებათ.
XS
SM
MD
LG