Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუნებრივი აირით მოწამვლის ტრაგიკული შემთხვევები თბილისში


ბუნებრივი აირით მოწამვლამ თბილისში კიდევ ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჯირაძეების ოჯახის ორი წევრი, დაახლოებით 50 წლის ცოლ-ქმარი, 23 დეკემბერს, გვიან ღამით, დიღმის მასივში,

საკუთარ ბინაში გაიგუდა. წინასწარი მონაცემებით, მათი დაღუპვის მიზეზად კვლავაც ირანული წარმოების გამათბობელი ხელსაწყო - ეგრეთ წოდებული “ნიკალა” სახელდება. შარშანდელი ზამთრის გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, პასუხისმგებელი პირები, ალბათ, არც წელს გამოჩნდებიან.

შარშანდელი ზამთრის სამწუხარო სტატისტიკის მიხედვით, ბუნებრივი აირით მოწამვლამ თბილისში 32 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დედაქალაქის მაღალჩინოსნები განგაშს, როგორც წესი, პოსტფაქტუმ, ანუ თითოეული ასეთი უბედური შემთხვევის შემდეგ, ტეხდნენ, თავგამოდებით ეძებდნენ კონკრეტულ დამნაშავეებს, მაგრამ, ბუნებრივია – ვერ პოულობდნენ. საქართველოში გამეფებული ურთიერთგადაბრალების ფონზე, დამნაშავედ ამ საკითხშიც დაზარალებული მხარე გამოდიოდა. მაღალჩინოსნები მოსახლეობას უხარისხო გამათბობლების შეძენაში, არაკვალიფიციური ხელოსნების დაქირავებასა და ხელსაწყოთა არასწორ ექსპლუატაციაში ადანაშაულებდნენ. ხოლო იმ საკითხს, თუ რატომ იყიდება უხარისხო ხელსაწყოები ასე თავისუფლად და რატომ არავინ ებრძვის ამგვარ ფაქტებს – ხელისუფალთაგან მაინცდამაინც არავინ ჩასძიებია.

მართალია, ზოგიერთმა მაკონტროლებელმა ორგანომ ირანულ გამათბობელ “ნიკალას” შარშან ზამთარს დევნა, მართლაც, წამოუწყო, მაგრამ ის ფაქტი, რომ დევნილი ხელსაწყო დღესაც თავისუფლად იყიდება თბილისში, მაკონტროლებელთა მისამართით გარკვეულ და საფუძვლიან ეჭვებს აღძრავს. როგორც ჩანს, საქართველოში, როგორც ყველაფერ სხვას, თავისი ლობი მომწამვლელ ხელსაწყოებსაც გამოუჩნდა. ეს საქმე, ეტყობა, სარფიანია, რადგანაც ლობირებული გამათბობელი საკმაოდ იაფია და მოსახლეობა მას ასე ძლიერ სწორედ ამიტომ ეტანება. თუმცა თავად მოვაჭრეები “ნიკალას” მომწამვლელობას სასტიკად უარყოფენ, თითს “თბილგაზისკენ” იშვერენ და უბედურ შემთხვევათა მთავარ მიზეზად გაზის ნაკადის ცვალებადობას ასახელებენ.

სხვათა შორის, გაზის ნაკადის ცვალებადობას თბილისელები, მართლაც, უჩივიან და ამბობენ, რომ თუკი გამათბობელს ღამით ჩააქრობენ, დილით მისი ანთება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. ამის გამო ჩვილბავშვიანი ოჯახები თურმე რისკზე მიდიან და ხელსაწყოს ღამითაც ჩართულს ტოვებენ. მიწოდებული გაზის სუსტ ნაკადს “თბილგაზი” ობიექტური მიზეზებით ხსნის. საწარმოს ხელმძღვანელ პირთა განცხადებით, ამჟამად დღე-ღამეში მიწოდებული 1 560 000 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი თბილისისთვის საკმარისი აღარ არის და, თუკი ეს მაჩვენებელი 250 ათასით მაინც არ გაიზრდება, გაზის ნაკადის მომატებას არ უნდა ველოდოთ. “თბილგაზმა” შესაბამისი განაცხადი “იტერას” 6 დეკემბერს წარუდგინა და გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში ელოდება.

მიუხედავად ყველაფერ ამისა, “თბილგაზი” სასტიკად უარყოფს იმ ვერსიას, თითქოს მოწამვლას მიწოდებული ბუნებრივი აირის სუსტი ნაკადი იწვევდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით, საწარმოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი ლალი ხუციშვილი თბილისელებს 4 ძირითად რჩევას აძლევს:
[ლალი ხუციშვილის ხმა] “ღამით ნუ დატოვებენ გაზქურებს და გამათბობელ ხელსაწყოებს - ეს არის პირველი, რაც უნდა ახსოვდეთ; მეორე – როდესაც დააპირებენ გამათბობლის ყიდვას, აუცილებლად შეუთანხმდნენ “თბილგაზს” (კონსულტაცია უფასოა); მესამე – “თბილგაზს ” დაამონტაჟებინონ და მეოთხე – ვისაც უკვე აქვს არასწორად დამონტაჟებული გამათბობლები, მოგვმართონ ჩვენ”.

ხუციშვილი შეახსენებს თბილისელებს, რომ “თბილგაზი” მხოლოდ თავის დამონტაჟებულ ხელსაწყოთა მუშაობაზე აგებს პასუხს და სხვა პრეტენზიებს არ ღებულობს. ჰოდა, თუკი თქვენ სწორედ “ეს სხვა პრეტენზიები” გაწუხებთ, ისღა დაგრჩენიათ, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოთ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG