Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ


სოზარ სუბელიანი, თბილისი 24 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველის სარჩელის განხილვა დაიწყო. სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან,

კერძოდ, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა” და “კონსტიტუციის 42-ე მუხლთან” ერთად, ითხოვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ცვლილებების გაუქმებას, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევას კანონიერ საფუძველს უქმნის. შეგახსენებთ, რომ 1999 წლის 27 აპრილს საქართველო ევროსაბჭოს სრულუფლებიანი წევრი გახდა, რაშიც თავისი როლი დემოკრატიულმა საპროცესო კანონმდებლობამაც ითამაშა. უკვე ორ კვირაში, 13 და 28 აპრილს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შევიდა 289 ცვლილება, რომლითაც ერთი ხელის მოსმით გაუქმდა საქართველოს კანონმდებლობის დემოკრატიული იმიჯი. რამდენიმე თვეში საპროცესო კოდექსში კიდევ რამდენიმე ათეული ცვლილება შევიდა, რითაც ანტიდემოკრატიულმა შესწორებებმა ამ კოდექსის თითქმის ნახევარი მოიცვა. მიუხედავად ქართველი და უცხოელი ადამიანის უფლებადამცველების პროტესტებისა, ქართველმა კანონმდებლებმა ამ შესწორებათა გაუქმება არ მოინდომეს, რასაც შედეგად საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელები მოჰყვა.

საქართველოს სახალხო დამცველის ნანა დევდარიანის თქმით, იგი მას შემდეგ გახდა იძულებული, სარჩელით მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, როცა პარლამენტისადმი არაერთი მიმართვა უშედეგოდ დარჩა: [ნანა დევდარიანის ხმა] “რაც შეეხება საკონსტიტუციო სარჩელებს, რომლებიც ჩვენ ბოლო პერიოდში უხვად შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში და, მათ შორის, რამდენიმე საქმეზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გავდივართ, ეს სარჩელები შეეხება შესწორებებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლებიც შევიდა ევროსაბჭოში ჩვენი გაწევრიანების შემდეგ. მე ვთვლი, რომ ამ შესწორებებმა სერიოზულად გააუარესა კოდექსი უფლებათა დაცვის თვალსაზრისით. ამ შესწორებებთან დაკავშირებით 2 წელია, რაც ჩემი რეკომენდაციები დევს პარლამენტში და, მიუხედავად იმისა, რომ, თავმჯდომარიდან დაწყებული, კომიტეტით დამთავრებული, ყველა ამბობს – კი, კი, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთო, საშველი მაინც არ დაადგა. აი, სწორედ კოდექსის ამ მუხლებზე შევედით ჩვენ საკონსტიტუციო სარჩელით და, ალბათ, მე ვფიქრობ, ჩვენ მოვიგებთ.” [სტილი დაცულია]

მეორე მხრივ, კავკასიაში “ჰუმან რაითს ვოთჩის” წარმომადგენელი, ალექს ანდერსონი აცხადებს, რომ საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები, პირიქით, საპროცესო კანონმდებლობის გამკაცრებასა და იმ დარჩენილი მექანიზმების გაუქმებასაც ითხოვენ, რომლებითაც, ასე თუ ისე, ჯერ კიდევ შესაძლებელია ადამიანის უფლებების დაცვა: [ალექს ანდერსონის ხმა] “ორი წლის წინ “ჰუმან რაითს ვოთჩმა” გამოაქვეყნა საკმაოდ ტანადი მოხსენება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოახდინა პარლამენტმა ადამიანის უფლებების იმ დაცვითი მექანიზმებისა და იმ რეფორმების ნაკუწებად ქცევა, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან მომდინარეობდა. ეს საპროცესო კოდექსი ევროსაბჭომ მოიწონა, მაგრამ, სამწუხაროდ, პარლამენტმა მისგან არაფერი დატოვა. დაახლოებით ერთი თვის წინ ჩვენ გამოვაქვეყნეთ პრესრელიზი შინაგან საქმეთა მინისტრის კობა ნარჩემაშვილის მიერ საქართველოს პარლამენტში გაკეთებული განცხადების წინააღმდეგ. ამ განცხადებით მინისტრი ითხოვდა სისხლის სამართლის კოდექსში დარჩენილი იმ მცირედი მექანიზმების გაუქმებასა და გაუარესებას, რომლებიც ჯერ კიდევ ადამიანის უფლებების დაცვისკენ არის მიმართული. ჩვენმა პრესრელიზმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში დიდი დაინტერესება გამოიწვია, მაგრამ, სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა სამინისტროზე ამგვარი არგუმენტები დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს და მინისტრი ამ სახიფათო ცვლილებებთან დაკავშირებით ისევ თავის აზრზე რჩება.” [სტილი დაცულია]

ნანა დევდარიანის თქმით, სარჩელები, კონკრეტულად, ადამიანის ისეთ უფლებებს შეეხება, როგორიცაა: [ნანა დევდარიანის ხმა] “პირველი 12 საათის განმავლობაში რომ უსტატუსოდ არის ადამიანი დაკავებული და მას ადვოკატით არ უზრუნველყოფენ იმიტომ, რომ მას ეჭვმიტანილის სტატუსი არ ჰქონია თურმე. ხოლო, რახან ეჭვმიტანილის სტატუსი არა აქვს, კოდექსში ასეთი რედაქციაა სწორედ, რომ ეჭვმიტანილად ცნობის შემდეგ მას აქვს ადვოკატის უფლება; ეს არის, ასევე, ადვოკატის შეზღუდვა, როცა მას დღე-ღამეში მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში შეუძლია თავის კლიენტთან განმარტოებით შეხვედრა; ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი წინასწარი პატიმრობის 9-თვიან საკონსტიტუციო ვადასთან დაკავშირებით. პრაქტიკა როგორია: შევიდა პააატარა, ასეთი “უმტკივნეულო” შესწორება, რომ ამ ვადაში არ შედის საქმეების გაცნობის დრო. ეს ნიშნავს, რომ, 9 თვის მაგივრად, კაცი, შეიძლება, 2 წელიც იჯდეს და 3 წელიც, სანამ ეს საქმეების გაცნობა არ დამთავრდება და სასამართლოში არ წავა საქმე. მე ვთვლი, რომ ეს არის საკონსტიტუციო ნორმის პირდაპირი დარღვევა.” [სტილი დაცულია]

საკონსტიტუციო სარჩელის ნაწილი ჯარისკაცთა უფლებებსაც შეეხება, ოღონდ სარჩელის შინაარსი ამ შემთხვევაშიც ვერ გასცდა უკანონო დაკავების პრობლემას: [ნანა დევდარიანის ხმა] “როცა ჩვენი სწრაფი რეაგირების ჯგუფი გადიოდა ინსპექტირებაზე, გარდა პოლიციის წინასწარი დაკავების საკნებისა, ჩვენ ვამოწმებდით კომენდატურასაც და უცებ აღმოვაჩინეთ, რომ დაპატიმრებული არიან ჯარისკაცები: ზოგი 3 დღე-ღამით, ზოგი – 7 დღე-ღამით, ზოგი – 10 დღე-ღამით. ვიკითხეთ – რის საფუძველზე – იმიტომ, რომ კონსტიტუცია პირდაპირ გვეუბნება, რომ ამის უფლება მხოლოდ მოსამართლეს აქვს. გაუპტვახტა, ხო… გაირკვა, რომ ოფიცერს აქვს უფლება. მოვძებნეთ, რა ნორმატიული აქტით რეგულირდება ეს და გავარკვიეთ, რომ - 1994 წლის სახელმწიფო მეთაურის განკარგულებით. დამტკიცებულია წესდება და ამ წესდებაშია შეტანილი ნორმა, რომ ოფიცერს შეუძლია დააპატიმროს.” [სტილი დაცულია]

სახალხო დამცველმა სცადა, ამ შემთხვევაშიც უფრო პირდაპირი გზით წასულიყო, მაგრამ ისევ არაფერი გამოუვიდა: [ნანა დევდარიანის ხმა] “მე მივმართე პრეზიდენტს და მან დაავალა თავდაცვის მინისტრს, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარეს, უშიშროების მინისტრს, რომ მოეყვანათ ეს წესდება შესაბამისობაში კონსტიტუციასთან. არც ერთმა მათგანმა, 4 თვის განმავლობაში, ეს არ გააკეთა. რაკი არ გააკეთეს, მე ერთი გზა მქონდა დარჩენილი და შევიტანე საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლოში. ასე რომ, მე ვფიქრობ, ეს ანტიკონსტიტუციური მუხლები ამ სამხედრო წესდებიდან ამოვარდება და ეს არის უშუალო შედეგი სახალხო დამცველთან მოქმედი “სამხედრო პირთა უფლებების ცენტრის” მუშაობის. მე არც კი დამიშვია ერთი წამითაც, რომ მსგავსი რამე შეიძლება ყოფილიყო: 1994 წელს რომ იქნა მიღებული წესდება, მაშინ კონსტიტუცია ჯერ არ იყო მიღებული, ხოლო 1995 წლიდან ეს ანტიკონსტიტუციური დოკუმენტი არის ძალაში.” [სტილი დაცულია]

სარჩელის განხილვის ვადის მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, როგორმე თავიდან აეცილებინა სასამართლო პროცესი, რადგან მისი პოზიცია თავიდანვე წამგებიანია: საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს იმ ფაქტს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევა კანონმდებლობის დონეზეა აყვანილი, ხოლო სარჩელის არდაკმაყოფილება ხელისუფლების მორიგ კრიტიკას გამოიწვევს. სწორედ ამიტომ დეკემბრის დასაწყისში სახალხო დამცველს პარლამენტში სპეციალური შეხვედრა მოუწყვეს, სადაც სწორედ ეს საკითხები განიხილებოდა: [ნანა დევდარიანის ხმა] “სამუშაო შეხვედრა იყო გენერალური პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის და სასამართლოს წარმომადგენლების მონაწილეობით. მე მინდა გითხრათ, რომ კომიტეტის თავმჯდომარემ გოჩა პაიჭაძემ აბსოლუტურად ყველა მოსაზრება გაიზიარა. მათ შორის, იქ ერთი პუნქტი იყო დარჩენილი ჩემი რეკომენდაციებიდან, რომელიც არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი და მან თქვა, რომ ეს შესწორება – უფრო ზუსტად, დამატება – შევა. კერძოდ, ეს ეხება წინასწარი დაკავების ადგილებში ექსპერტის შეშვებას და ამის პროცედურულ უზრუნველყოფას და საპროცესო კოდექსში ესეც დაემატება. მაგრამ რეაქცია იყო ძალიან მძიმე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის მხრიდან. მათ განაცხადეს, რომ ჩვენ მათ, საერთოდ, უიარაღოდ ვტოვებთ კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლაში და მაშინ, საერთოდ, დაიქცევა ქვეყანა: გაიზრდება ადამიანის გატაცებების რიცხვი, მკვლელობები და სხვა... მაშინ მე ლოგიკურად დამებადა კითხვა: კი, მაგრამ, დღეს ხომ ის კოდექსი არის, რომელიც თქვენთვის იყო სასურველი? დღეს რატომ გაიზარდა ადამიანის გატაცებებისა და მკვლელობების რიცხვი, თუ ეს კოდექსით არის განპირობებული და არა რაღაც სხვა მიზეზებით? შეხვედრაზე ერთი ასეთი სურვილიც გამოითქვა: ხომ არ შევაჩერებდი ამ სარჩელებს, ან ხომ არ გამოვიტანდი მათ. და მაშინ პარლამენტი თვითონ შეიტანს ამ შესწორებებსო. მე ვუთხარი, რომ მე, რა თქმა უნდა, უკან ამ სარჩელებს არ გამოვიტან არავითარ შემთხვევაში იმიტომ, რომ, თუ პარლამენტს ამის განხორციელების სურვილი და ნება ჰქონდა, მას საამისოდ ზუსტად ორი წელი ჰქონდა, მაგრამ პარლამენტმა ეს არ გააკეთა.” [სტილი დაცულია]

24 დეკემბერს სასამართლომ მხარეების პოზიცია და არგუმენტები მოისმინა, სასამართლოს მომდევნო სხდომა კი 25 დეკემბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG