Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად რეალურია მინიმალური ხელფასის საარსებო მინიმუმთან გათანაბრება


გიორგი კაკაბაძე, თბილისი ბევრმა ქართველმა ეკონომისტმა ნეგატიურად შეაფასა "გაერთიანებული დემოკრატების" წინადადება მინიმალური ხელფასის საარსებო მინიმუმთან - 115 ლართან - გათანაბრების შესახებ. მაგალითად,

საქართველოს დამსახურებული ეკონომისტი ვაჟა ფარულავა ამბობს, რომ ეს წინადადება, უკეთეს შემთხვევაში, ილუზიას უკავშირდება, სხვა შემთხვევაში კი, უბრალოდ, ავანტიურას წარმოადენს.

ჯერ ერთი, ვაჟა ფარულავა ამბობს, რომ მსოფლიო პრაქტიკაში არ ყოფილა მინიმალური ხელფასის ერთბაშად თითქმის ექვსჯერ გაზრდის პრეცედენტი. "ხელფასების ზრდის პროცესი ეტაპობრივად უნდა მიმდინარეობდეს, ეკონომიკის ზრდის შესაბამისად", - ამბობს იგი. გარდა ამისა, ეკონომისტი აღნიშნავს, რომ, "გაერთიანებული დემოკრატების" მონაცემებით, საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულთა რიცხვი 150 ათასს, ხოლო პენსიონერთა რიცხვი 700 ათასს შეადგენს. ვაჟა ფარულავას თქმით, იმ შემთხვევაშიც, თუ ეს მონაცემები შემცირებული არ არის, საბიუჯეტო სფეროში მინიმალური ხელფასის 115 ლარამდე და პენსიის 26 ლარამდე გაზრდას 150 მილიონი კი არა, 223 მილიონი ლარი მაინც დასჭირდება. ეკონომისტის გათვლები ითვალისწინებს მოსამსახურეთა თვიური განაკვეთების ოპტიმალურ დიფერენცირებას, აგრეთვე, ხელფასზე დაწესებულ ე.წ. ზედნადებ ხარჯებს - სოციალური დაზღვევის, ჯანდაცვისა და დასაქმების ფონდებში სავალდებულო შენატანების სახით.

ვაჟა ფარულავას შეფასებით, "გაერთიანებულმა დემოკრატებმა", სამწუხაროდ, ვერც პენსიების რეალური ზრდის ოდენობა გამოიანგარიშეს სწორად. მისი თქმით, "სახელფასო ფონდის გადიდება 150 მილიონი ლარით პენსიის მხოლოდ 4,8 ლარით გაზრდას შეიძლება გასწვდეს, ხოლო თუ "დემოკრატებს," არასაბიუჯეტო სფეროში მინიმალური ხელფასის გაზრდის დავალდებულებით, სოციალური ფონდების გაზრდის იმედი აქვთ, ამაოდ იღვწიან: საბაზრო ეკონომიკა ბრძანებებს არ ემორჩილება. ხელფასების უმრავლესობა "ჩრდილში" გადაინაცვლებს და სოციალური ფონდები უფრო მეტად დაიშრიტება". ეკონომისტის გათვლით, პენსიების 12 ლარით გაზრდას, ხელფასებზე ზედნადები ხარჯების ჩათვლით, თითქმის 500 მილიონი ლარი ესაჭიროება.

ეკონომიკური ექსპერტი აღნიშნავს იმასაც, რომ "გაერთიანებული დემოკრატები" და მათი ოპონენტები თანხების მობილიზების უმთავრეს საშუალებად საგადასახადო სფეროში ადმინისტრირების გამკაცრებას განიხილავენ: [ფარულავას ხმა] "თითქოს, ადმინისტრირების გამკაცრების გზის გარდა, სხვა გზა არ არსებობდეს ბიუჯეტის შევსების და ხელფასების მატების. არადა, სხვა გზების მთელი რიგი არსებობს. მათგან პირველი და ყველაზე გამართლებული გზა, რაზეც ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს, ეს არის დასაქმება, დასაქმების ზრდა და, დასაქმების ზრდის კვალობაზე, საგადასახადო ბაზის გადიდება. გარდა ამისა, არსებობს მეორე გზა, რასაც კადრების შეკვეცა ჰქვია და მესამე - ინფლაციური გზა".

ვაჟა ფარულავა ამბობს, რომ ერთადერთ რეალურ გზას, ანუ დასაქმების ზრდას და, შესაბამისად, საგადასახადო ბაზის გადიდებას, უზარმაზარი ინვესტიციები და წლები სჭირდება. მაგრამ, მისი თქმით, "თუ ამ გზას დავადგებით, მაშინ ხელფასების ეტაპობრივი ზრდა რეალური იქნება. თუ კადრების შეკვეცის გზას ავირჩევთ, მაშინ კადრები, სულ ცოტა, უნდა განახევრდეს და ეს იმაზე ნაკლები სოციალური უბედურება არ იქნება, რასაც 20-ლარიანი მინიმალური ხელფასი ჰქვია. რაც შეეხება ინფლაციის გზით ხელფასის ზრდას, ცხადია, ეს არ იქნება ხელფასის რეალური მომატება, მაგრამ ეკონომიკის ჩამოშლის ფუნქციას ნამდვილად შეასრულებს".

[ფარულავას ხმა] "საერთოდ, თუ ჩვენ შრომის ანაზღაურების სისტემის რეფორმირებას ვაპირებთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს პროცესი ყველა ქვეყანაში იწყებოდა არასაბიუჯეტო სფეროდან, ე.ი. საბიუჯეტო სფეროს ალტერნატიული სფეროდან, რასაც ეკონომიკა ჰქვია. ჯერ ამ სფეროში უნდა მოხდეს ხელფასების სისტემის რეფორმირება, რაც, აუცილებლად უნდა ხორციელდებოდეს შრომის ნაყოფიერების ზრდის კვალობაზე და ამ ზრდით იმპულსირებული საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდის შემდეგ უნდა დავიწყოთ ეტაპობრივად მინიმალური ხელფასების მატება და ასე, ნელ-ნელა, გადავინაცვლოთ ზევით".

ყოველივე ნათქვამის მიუხედავად, ვაჟა ფარულავა არ გამორიცხავს, რომ პარლამენტი მიიღებს "გაერთიანებული დემოკრატების" მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტს.
XS
SM
MD
LG