Accessibility links

logo-print

ევროკავშირში გასაწევრიანებლად თურქეთს უამრავი პრობლემის მოგვარება მოუხდება


ანდრო ეული, პრაღა ევროპის კავშირის კოპენჰაგენის სამიტზე, 12-13 დეკემბერს, მისმა მონაწილეებმა არ დააკმაყოფილეს თურქეთის დაჟინებული მოთხოვნა, ანკარასთან დაწყებულ იქნეს მოლაპარაკება კავშირში გაწევრიანების თაობაზე.

ნაცვლად ამისა, 15-წევრიანმა კავშირმა, რომელმაც კოპენჰაგენში 10 ქვეყანას ოფიციალურად შესთავაზა ევროკავშირში გაწევრიანება, გადაწყვიტა, რომ თურქეთისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხი 2004 წლის მიწურულს განიხილოს, ხოლო მომდევნო წელს ანკარასთან უკვე გაწევრიანების თაობაზე დაიწყოს მოლაპარაკება.

როგორც კოპენჰაგენის სამიტის დასკვნითი დეკლარაციის მე-19 მუხლშია ნათქვამი, "ევროკავშირი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე დაიწყებს მოლაპარაკებას, თუ 2004 წლის დეკემბერში ევროპის საბჭო, ევროკომისიის საანგარიშო მოხსენების საფუძველზე დაასკვნის, რომ თურქეთმა ეგრეთ წოდებული "კოპენჰაგენის კრიტერიტუმები" დააკმაყოფილა.

ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ ამასთანავე, ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით 126 მილიონი ევროს ფულადი დახმარება აღმოუჩინონ თურქეთის ახალ მთავრობას.

ევროკავშირის ლიდერთა აზრით, კოპენჰაგენში მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ამ გაერთიანების ურთიერთობაში თურქეთთან.

ევროპასთან დაახლოების პირველი მცდელობა თურქეთმა 1963 წელს გააკეთა, როცა მაშინდელ ევროპის ეკონომიკურ თანამეგობრობასთან ხელი მოაწერა პარტნიორობის შეთანხმებას. ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე ოფიციალური განაცხადი ანკარამ 1987 წელს გააკეთა, თუმცა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მხოლოდ სამი წლის წინათ, ევროკავშირის ჰელსინკის სამიტზე მიიღო.

ბრიუსელი აცხადებს, რომ ვიდრე გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკება დაიწყებოდეს, ანკარას არაერთი სერიოზული პოლიტიკური რეფორმის გატარება ჰმართებს, რათა ქვეყანაში დამკვიდრდეს კანონის უზენაესობა, განუხრელად იქნეს დაცული ადამიანის უფლებები და არ იზღუდებოდეს ქვეყანაში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა მოქალაქეობრივი უფლებები.

გასული წლის ოქტომბერში, აგრეთვე მიმდინარე წლის 3 აგვისტოს, ანკარამ რამდენიმე მნიშვნელოვანი შესწორება შეიტანა კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში, რაც თეორიულად, ქვეყანაში მცხოვრები 12 მილიონი ქურთის უფლებების გაფართოებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, თურქეთის პარლამენტმა 15 წლის მანძილზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობა გააუქმა ქურთებით დასახლებულ დიარბაქირის პროვინციაში. თურქმა კანონმდებლებმა ასევე გააუქმეს სიკვიდილით დასჯა მშვიდობიანობის პერიოდში, რამაც სიცოცხლე შეუნარჩუნა პატიმრობაში მყოფ ქურთ სეპარატისტთა ლიდერს აბდულა ოჯალანს, რომელსაც სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

მაგრამ ევროკავშირი აცხადებს, რომ ყოველივე ეს არაა საკმარისი, და რომ თურქეთი ჯერჯერობით ვერ აკმაყოფილებს "კოპენჰაგენის კრიტერიუმებს". თავად თურქეთში, ცალკეული პოლიტიკოსები "ორმაგი სტანდარტის პოლიტიკაში" ადანაშაულებენ ბრიუსელს და აცხადებენ, რომ ხსენებულ კრიტერიუმებს ვერც ის ქვეყნები აკმაყოფილებენ, რომლებმაც ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური მიწვევა მიიღეს.

კოპენჰაგენის სამიტის დამთავრების შემდეგ მოწყობილ პრესკონფერენციაზე თურქეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა აბდულა გიულმა განაცხადა, რომ რეფორმები მის ქვეყანაში ხალხის საკეთილდღეოდ ხორციელდება, და არა იმისთვის, რომ ანკარა ევროკავშირში გაწევრიანდეს: [აბდულა გიულის ხმა] "ჩვენი გზა, თურქეთის გზა - გარკვეულია. მიმდინარე რეფორმები, იქნება ეს ადამიანის უფლებათა სფერო, დემოკრატიზაცია თუ ეკონომიკის გაჯანსაღება, ხორციელდება თურქი ხალხის საკეთილდღეოდ. და სწორედ ეს არის ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი. თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობა დღის წესრიგში კიდეც რომ არ იდგეს, ხსენებული რეფორმები მაინც განხორციელდებოდა, ვინაიდან თურქი ხალხი ამას იმსახურებს ". ნს 121734

სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ, რომელიც უდიდესი უმრავლესობითაა წარმოდგენილი თურქეთის პარლამენტში, განაცხადა, რომ შეცვლის 20 წლის წინათ მიღებულ კონსტიტუციას, რომელიც 1980 წლის სამხედრო გადატრიალებისთანავე იქნა მიღებული და უამრავ შეზღუდვას ითვალისწინებს.

საანგარიშო მოხსენებაში, რომელიც სექტემბერში გამოაქვეყნა დიდ ბრიტანეთში მოქმედმა ადამიანის უფლებათა დამცველთა ავტორიტეტიანმა ორგანიზაციამ "ამნესტი ინტერნეშნლმა", ნათქვამია, რომ შარშანდელი საკონსტიტუციო ცვლილებების მიუხედავად, თურქეთში კვლავაც ფართო ხასიათი აქვს პატიმართა წამებას. ანგარიშში საუბარია სხვა დარღვევებზეც.
XS
SM
MD
LG