Accessibility links

logo-print

პოლიტიკოსები საარჩევნოდ სოციალურად დაუცველი ფენების გრძნობებზე ითამაშებენ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ოთხშაბათს პარლამენტის საგანგებო სხდომა დღის მეორე ნახევარში საპატიო მიზეზით დაინიშნა - 25 დეკემბერს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებიდან 25 წელი შესრულდა.

25 დეკემბერს ალიას მთაზე მშენებარე წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გამართულ საზეიმო წირვა-ლოცვას ხელისუფლების პირველი პირებიც ესწრებოდნენ. დედაქალაქის ცენტრი კი გადაკეტილი ჰქონდათ მრავალშვილიან დედებს, რომლებიც საახალწლოდ ხელისუფლებისგან ტრადიციულ მატერიალურ დახმარებას ითხოვენ. დახმარების მიუღებლობის შემთხვევაში, მრავალშვილიანი დედები იმუქრებიან, რომ მერიის შენობას შტურმით აიღებენ.

თბილისის საკრებულო აქციის მონაწილე მრავალშვილიანი დედების მოთხოვნის დაკმაყოფილებას და საახალწლოდ მათთვის 200 ლარიანი დახმარების გაღებას არ აპირებს. საკრებულოს წევრის დავით ბერძენიშვილის ინფორმაციით, აქციის მონაწილე ქალბატონებს - დაახლოებით 200 მრავალშვილიან დედას - თბილისის მერი ვანო ზოდელავა შერჩევის გაურკვეველი პრინციპით ეხმარებოდა, მაშინ, როცა თბილისში ათასამდე მრავალშვილიანი დედაა. შესაბამისად, იგი დარწმუნებულია, რომ აქციის მონაწილე ქალებს თბილისის მერი და სახელმწიფო მინისტრი საკრებულოს წინააღმდეგ იყენებენ. საქმე ის გახლავთ, რომ მრავალშვილიანი დედების დახმარების შესახებ გადაწყვეტილება სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ მიიღო, მაგრამ ამ გადაწყვეტილების შესრულება თბილისის მერიას დაავალა.
სამწუხაროდ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლები ერთმანეთთან ბრძოლის იარაღად საზოგადოების ყველაზე გაჭირვებულ ფენებს გამოიყენებენ. თუ აქამდე პოლიტიკოსები სოციალურად გაჭირვებულთა არსებობას, როგორც წესი, მხოლოდ არჩევნების წინა პერიოდში იხსენებდნენ, ახლა მაღალი თანამდებობის პირები იმავე ფენებით მანიპულირებას ერთმანეთის პოლიტიკური გავლენის შესამცირებლად მიმართავენ.
პოლიტიკურ პარტიათა უმრავლესობის აზრით, ახალი დემოკრატების, მართლაც, მისასალმებელი ინიციატივა მინიმალური ხელფასის გაზრდის თაობაზე, მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და მეტი არაფერი. დღეს, როცა ხელისუფლება თვეების განმავლობაში პენსიებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციების არსებულ ხელფასებს ვერ არიგებს, მომატებული ხელფასებისთვის აუცილებელი თანხების მობილიზებას მითუფრო ვერ შეძლებს. ასეთ სიტუაციაში კიდევ უფრო გაიზრდება ხელისუფლებით უკმაყოფილოთა რაოდენობა, - ასეთნი საზოგადოებაში ისედაც საკმაოდ ბევრნი არიან, - სამაგიეროდ, პოლიტიკურ ქულებს ჩაიწერს ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც მინიმალური ხელფასის გაზრდის საკითხი დააყენა დღის წესრიგში. გათვლა მარტივია: თუ გადაწყვეტილება ვერ შესრულდა, ეს უკვე ხელისუფლების ბრალი იქნება.
დღევანდელ ხელისუფლებას წინ, მართლაც, მძიმე დღეები ელის - წინასაარჩევნო პერიოდში მას თავის ირგვლივ ისეთი პარტნიორების შემოკრება მოუწევს, ვინც მოქალაქეთა კავშირის შელახულ რეპუტაციას აღადგენს. მანამდე კი, ნომერ პირველ ამოცანად რჩება სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიღების საკითხი. 2003 წლის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, ქვეყანას 2002 წლის ბიუჯეტით მოუწევს ცხოვრება. მართალია, აღორძინების კავშირი კატეგორიულად უარყოფს, თითქოს 24 დეკემბერს ბათუმში შეხვედრისას სახელმწიფო მინისტრმა და ასლან აბაშიძემ ბიუჯეტის პროექტის მხარდაჭერის საკითხიც განიხილეს, მაგრამ ავთანდილ ჯორბენაძის მოულოდნელი ვიზიტი ბათუმში საპირისპირო დასკვნის საფუძველს იძლევა. შესაბამისად, დიდია იმის შესაძლებლობა, რომ ბოლო წლების შეურიგებელმა ოპონენტებმა - მოქალაქეთა კავშირმა და აღორძინებამ - საერთო ენა წინასაარჩევნო პერიოდში მაინც იპოვონ.
XS
SM
MD
LG