Accessibility links

logo-print

საქართველოში შექმნილი კრიმინოგენული სიტუაციის გამო ინვესტიციები აღარ ხორციელდება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში უცხოური ინვესტიციების ოდენობამ კატასტროფულად იკლო. არაკეთილსაიმედო ეკონომიკურ გარემოსთან ერთად, საინვესტიციო კლიმატს, ძირითადად,

მძიმე კრიმინოგენული სიტუაცია აუარესებს. ამ თემასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ სახელმწიფო უშიშროების საბჭოზეც კი იყო მსჯელობა.

1998 წლის შემდეგ, რაც მცირე ნავთობსადენის, "ბაქო-სუფსას," ძირითადი მშენებლობა დასრულდა და თბილისის ენერგოგამანაწილებელი სტრუქტურა "თელასი" ამერიკულმა "ეი-იე-ეს კორპორეიშენმა" შეიძინა, საქართველოში არ განხორციელებულა რამდენადმე მნიშვნელოვანი ინვესტიცია.

ბოლო წლების განმავლობაში ამ მხრივ იმდენად გაუარესდა საინვესტიციო კლიმატი, რომ ადრე განხორციელებულ უცხოურ კაპიტალდაბანდებებსაც სერიოზული საფრთხე შეექმნა და დღეს ბევრი ინვესტორი საქართველოდან წასვლაზეც კი ალაპარაკდა.

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელის რომან გოცირიძის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი რთული კრიმინოგენული სიტუაციის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა მომავალში პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება.
საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ამბობს, რომ არსებული ვითარების გამო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანაში არათუ ინვესტიცია არ შემოდის, არამედ არც ერთი უცხოელი ბიზნესმენი დაცვის გარეშე არ დადის, რადგან საქართველოში ბიზნესის კეთება უკვე მეტად სარისკო გახდა.
მისი თქმით, თუ მომავალშიც ასე გაგრძელდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, კაპიტულაცია გამოაცხადა, რაც თავად მის არსებობასვე შეუქმნის საფრთხეს.

მართლაც, ქვეყანაში, სადაც მეტ-ნაკლებად შეძლებულ ადამიანებს პირადი უსაფრთხოების არანაირი გარანტია არა აქვთ შექმნილი, ხოლო უცხოელებს გამოსასყიდის მოთხოვნით იტაცებენ, რაიმე ინვესტიციებზე ლაპარაკი მეტისმეტად ნაადრევია.

საინვესტიციო გარემოს შესახებ გასულ კვირაში ეროვნული უშიშროებისა და იუსტიციის საბჭოების ერთობლივ გაფართოებულ სხდომაზეც იყო საუბარი. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნულ სხდომაზე განაცხადა, რომ, მისი ვარაუდით, ,,საგანგაშო კრიმინალური ვითარება" კიდევ ,,ორი-სამი წლის" მანძილზე იქნება.
მან, ასევე, კრიმინალური ვითარების შესაძლო გამწვავება დაუკავშირა მომავალ საპარლამენტო არჩევნებს.
პრეზიდენტის თქმით, კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ გადამჭრელი ზომების გაუტარებლობის შემთხვევაში, ,,საქართველო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდება", რადგან ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა კანონიერების განმტკიცებასთან არის დაკავშირებული.

საინტერესოა, რომ თუ პრეზიდენტი მომავალ წელს კრიმინოგენული სიტუაციის გამწვავებას ვარაუდობს, ექსპერტები, პირიქით, სიტუაციის გაუმჯობესების პროგნოზსს აკეთებენ. იგივე რომან გოცირიძე დარწმუნებულია, რომ არსებული ვითარება ერთი წლის შემდეგ აუცილებლად შეიცვლება და ამას შესაძლებელს გახდის ახალი საპარლამენტო არჩევნები.
XS
SM
MD
LG