Accessibility links

logo-print

მოხერხდება თუ არა კვიპროსის პრობლემის გადაჭრა კუნძულის ევროკავშირში გაწევრიანებამდე


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა კოპენჰაგენის სამიტზე ევროპის კავშირმა 2004 წლისთვის ოფიციალურად შესთავაზა გაწევრიანება კიდევ ათ ქვეყანას. მათ შორის იყო ხმელთაშუა ზღვის ორად გაყოფილი კუნძული კვიპროსი.

ამასთან ბრიუსელი მოითხოვს, რომ იმ დროისთვის კუნძულმა თავისი პრობლემები მოაგვაროს და კავშირში გაერთიანებული სახით შევიდეს.

ტერიტორიულად კვიპროსი ორად არის გაყოფილი თურქებსა და ბერძნებს შორის 1974 წლიდან, როცა ანკარამ კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილის ოკუპაცია მოახდინა. მომდევნო წლებში კუნძულზე არეულობა სუფევდა. 1983 წელს შეიქმნა ე.წ. "ჩრდილოეთი კვიპროსის თურქული რესპუბლიკა", რომელსაც ანკარის გარდა არავინ სცნობს. ბოლო 20 წლის განმავლობაში თურქეთს, რომელიც მხარს უჭერს კვიპროსელი თურქების ლიდერებს, კუნძულზე 35 ათასიანი ჯარი ჰყავს ჩაყენებული.

12 წლის წინ, სამხრეთი კვიპროსის ბერძნულმა ადმინისტრაციამ, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება კუნძულის ერთადერთ კანონიერ მმართველად მიიჩნევს, კუნძულის ორივე ტერიტორიული ერთეულის სახელით ევროპის კავშირში გაწევრიანება მოითხოვა.


გაერთიანების თაობაზე გაეროს თაოსნობით ორგანიზებულ მოლაპარაკებებს დღემდე ნაყოფი არ გამოუღია. ევროპის კავშირმა, შეშფოთებულმა იმით, რომ პერსეპქტივაში კავშირის ერთერთი მომავალი წევრის ნაწილი, ფაქტობრივად, თურქეთის მიერ იქნება ოკუპირებული, კვიპროსელი ბერძნებისა და თურქებისგან მოითხოვა თავიანთი უთანხმოება 2003 წლის 28 თებერვლამდე მოაგვარონ.

11 ნოემბერს გაერომ წარმოადგინა შეთანხმების პროექტი, რომლის მიხედვით კუნძული ორსუბიექტიანი ფედერაციული სახელმწიფო გახდება, ერთობლივი ინსტიტუტებითა და როტაციული პრეზიდენტობით. გაერო, ამის გარდა,, თურქეთის კონტროლ ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე კვიპროსელი ბერძენი ლტოლვილების დაბრუნებასაც მოითხოვს.

"ჩრდილოეთი კვიპროსის თურქული რესპუბლიკის" ლიდერები, თავის მხრივ, მოითხოვენ, რომ კუნძული ევროპის კავშირში ორი სუვერენული სახელმწიფოს სახით შევიდეს. ამ თვითგამოცხალებული რეპუბლიკის პრეზიდენტმა რაუფ დენქთაშმა, გასულ კვირაში, ანკარაში, ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, კვიპროსზე ვერავითარი გარიგება ვერ მოხდება, სანამ თურქეთი ევროპის კავშირში არ შევაო. როგორც ცნობილია, კავშირმა თურქეთს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ 2004 წლის მიწურულს შესთავაზა, ისიც იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი დააკმაყოფილებს მისთვის წაყენებულ პირობებს.

დენქთაშმა, გააკრიტიკა რა ევროპის კავშირის მიერ კვიპროსელი ბერძნებისთვის შეთავაზებული მიწვევა, ანკარასთან მოლაპარაკებების დაწყებაიდე, თქვა, რომ ბრიუსელი ცდილობს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში "ქრისტიანული ბურჯის" შექმნას.

[დენქთაშის ხმა] "ჩემი აზრით, ევროპის კავშირს თურქეთის მიღების გაჭიანურება სურს, რათა მიიღოს კვიპროსი, ხელში ჩაიგდოს კვიპროსი და თურქეთის გარშემო ქრისტიანული სარტყელი შექმნას."

იმედი, რომ თურქეთის ახალი ლიბერალური კაბინეტი უფრო მეტ მოქნილობას გამოიჩენს, ვიდრე მისი წინამორბედი, ოპტიმისტებს 18 დეკემბერს გაუცრუვდათ, როცა ანკარამ გააკეთა განცხადება, რომ მიუღებლად თვლის ბრიუსელის გეგმას ორი წლის მერე მიიღოს თავის რიგებში ორად გაყოფილი კუნძული.

"არ არსებობს ერთიანი სახელწიფო, მთავრობა თუ პარლამენტი, რომელიც წარმოადგენდეს ერთიან კუნძულს"... ბრიუსელს "არა აქვს უფლება დაარღვიოს საერთაშორისო შეთანხმებები და მიიღოს ცალმხრივი გადაწყვეტილებები კვიპროსის მომავლის თაობაზეო," ნათქვამია განცხადებაში.

შინ დენქთაშისგან მოითხოვენ, მიაღწიოს შეთანხმებას ბერძნულ მხარესთან. ამ რამდენიმე დღის წინათ კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიის თურქულ ნაწილ ლეფკოშაში გაიმართა რამდენიმე დემონსტრანცია, რომელთა მონაწილეები დენქთაშისგან მოითხოვდნენ, ან მიიღოს გაეროს პროექტი ან გადადგეს. 1974 წლის შემდეგ დაახლოებით 30 ათასმა კვიპროსელმა თურქმა დატოვა კუნძული ეკონომიკური სიდუხჭირის გამო. თურქულ ნაწილში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი სამხრეთი ნაწილის შესაბამისი შემოსავლის ერთ მეოთხედს შეადგენს. კვიპროსელ თურქებს იმედი აქვთ, რომ ევროპის კავშირში გაწევრიანება მათ ეკონომიკურ მდგომარეობას შეუმსუბუქებს.
XS
SM
MD
LG