Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

25 დეკემბერს ქრისტიანთა უმრავლესობა ქრისტეშობის დღესასწაულს ზეიმობს


ევროპის ქალაქებში სიმშვიდემ დაისადგურა - პირველი დღეა, რაც ჩაწყნარდა კომერციული აჟიოტაჟი, რომელიც დასავლეთის კეთილდღეობით განებივრებულ სახელმწიფოებში, კარგა ხანია,

წინასაშობაო პერიოდის განუყოფელ ნაწილად არის ქცეული. ჯერ კიდევ ნოემბრიდან იწყება მაღაზიების საშობაო დეკორაციებით გაფორმება, საშობაო საყიდლებზე პოტენციური მუშტრის მიზიდვა - იქნება ეს საგანგებო, საშობაო ნაწარმით, ფასდაკლებებითა თუ კეთილხმოვანი მუსიკით. და მაინც - მაღაზიებში სირბილით დაქანცული, ლამის უსაზღვრო არჩევნისგან თავბრუდახვეული და გზააბნეული მყიდველები, ხშირად, ბოლო მომენტამდე ვერ ახერხებენ საჩუქრების შეძენას. ეს ბოლო მომენტი კი, ქრისტიანული ტრადიციის ქვეყნების უმრავლესობაში, როგორც ცნობილია, 24 დეკემბრის საღამოს დადგება ხოლმე, როცა საშობაო სუფრას არა მარტო მორწმუნეები მიუსხდებიან ოჯახის წევრებთან ერთად და ერთმანეთს ურიგებენ ყოველივე იმას, რაც წინასაშობაო პერიოდში საყიდლებზე სიარულისას მოიპოვეს. თუმცა, შობის დღესასწაული გაცილებით მეტია, ვიდრე ახლობლებისათვის საჩუქრების დარიგება.

[მუსიკა]

ქრისტეშობაზე საუბარს მაინც წინასაშობაო პერიოდით დავიწყებ: მორწმუნეთათვის ის, ათასწლოვანი ტრადიციის მიხედვით, მოლოდინისა და იმედის ხანაა. ადამიანები მოელიან მესიის, სამყაროს მხსნელის დაბადებას, სულიერად ემზადებიან უმნიშვნელოვანესი მოვლენისთვის, რომლის შესახებ ძველი აღთქმა წინასწარმეტყველებს. ამასთან, ყოველ წელს მოელოდე, ყოველ წელს იმედი გქონდეს იმისა, რაც 2 ათასი წლის წინათ უკვე მოხდა, კოლექტიური წარმოსახვისა და თვითდისციპლინის მართლაც შთამბეჭდავ უნარს მოითხოვს და ცხადყოფს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ქრისტიანებისთვის შობის დღესასწაულს. შობის თემაზე ტელეფონით გვესაუბრება რელიგიისმცოდნე ნოდარ ლადარია:

[ნოდარ ლადარიას ხმა] იხ. აუდიოვერსია

25 დეკემბერს შობის დღესასწაულს აღნიშნავს ქრისტიანების უმრავლესობა, მათ შორის კათოლიკეები, პროტესტანტები, აგრეთვე, ბერძენი, რუმინელი, ბულგარელი მართლმადიდებლები.

[საშობაო წირვის ჩანაწერი. იოანე პავლე მეორის ხმა] იხ. აუდიოვერსია

მაცხოვრის დაბადების დღედ 25 დეკემბერი პირველად 354 წელს არის მოხსენიებული, მაშინ, როცა უფრო ადრეული წყაროები სხვა ვერსიებს გვთავაზობს - ესენია 6 და 10 იანვარი, 18 ნოემბერი, 18 მარტი. რატომ შეირჩა მე-4 საუკუნეში 25 დეკემბერი, დღემდე არ არის დადგენილი. სავარაუდოდ, გარკვეული როლი შეასრულა რომაულმა მზის კულტმა - იულიუსის კალენდრით, 25 დეკემბერს ზამთრის მზებუდობა და ღვთაება მითრის შობა აღინიშნებოდა.

ასეა თუ ისე, შობის 25 დეკემბერს აღნიშვნა ქრისტიანთა რელიგიურ ცხოვრებაში საუკუნოვან ტრადიციად იქცა - ამ თარიღს, ალბათ გახსოვთ, ქართულ საშობაო სიმღერებშიც მოიხსენიებენ.

[მუსიკა. "ალილო"]

მაგრამ მაინცდამაინც იმ ქალაქში, რომელიც 25 დეკემბერს მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება ხოლმე, წლეულს შობა განსაკუთრებულ და არცთუ სასიამოვნო პირობებში იზეიმეს - ლაპარაკია ბეთლემზე, იესო ქრისტეს დაბადების ადგილზე. ქალაქზე, რომლის მოსახლეობიდან 10 ათასი ადამიანი ქრისტიანია და რომელიც წლეულს, აპრილიდან მოყოლებული, თითქმის ხუთი თვე ოკუპირებული იყო. ყველაზე მძიმე ბეთლემელთათვის მაინც აპრილი გამოდგა, როცა ისრაელის ჯარმა ალყა შემოარტყა ქრისტეშობის ეკლესიას - იქ ექსტრემიზში ეჭვმიტანილი პალესტინელები იმალებოდნენ. სროლის დროს ბევრი ახალთახალი შენობა, მათ შორის სასტუმროები დაინგრა, ხოლო ტანკებმა იმდენი ლამპიონი დააზიანა, რომ ქუჩებში ღამით დღესაც წყვდიადი სუფევს. ქალაქის ამჟამინდელი ოკუპაცია კი 22 ნოემბერს დაიწყო - ამჯერადაც მას შემდეგ, რაც პალესტინელი თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილმა აფეთქებამ ისრაელის რამდენიმე მკვიდრის სიცოცხლე შეიწირა. ქალაქის ქრისტიანი მერის, ჰანა ნასერის თქმით, ასეთ საშინელ შობას ბეთლემი ჯერ არ მოსწრებია.

მოკლედ, ძალადობას ბოლო არ უჩანს ქრისტიანების ერთ-ერთ უწმინდეს ადგილას - ქალაქში, სადაც იმპერატორ კონსტანტინესა და დედამისის, ელენეს ძალისხმევით, 333 წელს დასრულდა მომცრო ბაზილიკის მშენებლობა მაცხოვრის დაბადების ადგილას. ქრისტეშობის ეკლესიის გვერდით კი აღმართულია ფრანცისკანელთა კუთვნილი კათოლიკური ეკლესია, რომელშიც ყოველ წელს, შუაღამით ღვთისმსახურება აგვირგვინებს ქრისტეს შობის მოლოდინისა და იმედის ხანას.

[კათოლიკური ღვთისმსახურების ჩანაწერი]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG