Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული შოუ-ბიზნესი - საახალწლო სამზადისში


საქართველოში საახალწლო სამზადისს ყველაზე ადრე შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები შეუდგნენ. სადღესასწაულო აფიშები დედაქალაქში დეკემბრის შუა რიცხვებში გამოიკრა.

თუმცა ჩვენი თბილისელი თანამშრომელი გიორგი გვახარია საახალწლო კულტურულ პროგრამაში ახალ ტენდენციას ხედავს.

საქართველოში სიტყვა "ბიზნესი" ჯერ კიდევ არ აღიქმება სიტყვად "საქმე"... მოსახლეობის უმრავლესობა ამ სიტყვას, როგორც წესი, "ვაჭრობას" უკავშირებს. საზოგადოება ისევ სკეპტიკურადაა განწყობილი სიტყვა "შოუ-ბიზნესის" მიმართაც, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თბილისში ჯორჯ ბენსონის კონცერტი ჩაიშალა და ამ კონცერტის ორგანიზატორს, კომპანია "ისთერ პრომოუშენს" 100 ლარიანი ბილეთების ვალის გასტუმრება მოუხდა. "ისთერ პრომოუშენმა" ამ კვირაში ისევ გაგვახსენა თავისი არსებობა - კომპანიამ საახალწლო პროექტის რეკლამირება დაიწყო; კომპანიის მესვეურებმა განაცხადეს, რომ 31 დეკემბერს "მეტეხი პალასში" კონცერტს გამართავს ამერიკელი კომპოზიტორი და მომღერალი სისი როჯერსი, რომელიც "ისთერ პრომიუშენის" მტკიცებით ოდესღაც არეტა ფრანკლინთან და ჯეიმს ბრაუნთან თანამშრომლობდა. დამაჯერებლობის მისაღწევად, კომპანიამ გვიჩვენა ჯორჯ ბენსონის ინტერვიუ, გადაღებული თითქმის ერთი თვის წინ, მუსიკოსის "მოსკოვური გასტროლების" დროს - ბენსონი დაგვპირდა, რომ აუცილებად ჩამოვა თბილისში. "ისთერ პრომიუშენმა" დააკონკრეტა, რომ ეს მომავალი წლის ზაფხულში მოხდება, თბილისის მეშვიდე ჯაზ-ფესტივალზე, რომელშიც, შესაძლებელია, მაიკლ ფრენმაც მიიღოს მონაწილეობა. ყველაფერი ეს, ქართულ შოუ-ბიზნესში დამკვიდრებული სიტყვის "დატრიალების" შინაარსს გამოხატავს - "დატრიალდა" რეკლამა, რომელმაც 31 დეკემბერს, "მეტეხი პალასში" ჯაზის, კონკრეტულად კი ვინმე სისი როჯერსის მოსასმენად უნდა მოუყაროს თავი იმ ადამიანებს, ვისაც საახალწლოდ ფულის დახარჯვა ძვირადღირებულ რესტორნებში არ დაენანებათ. "დატრიალებულ" რეკლამას თუ თვალს გადავედვნებთ, დავრწმუნდებით, რომ ახალ წელს თბილისში ხელოვნება სწორედ სმა-ჭამას დაუკავშირდება - ქართული შოუ-ბიზნესისთვის რესტორანი ნელ-ნელა სასურველი "კულტურული კერა" ხდება. მშვენიერებას - "იაფად" მოსახლეობა ამჯერად ვერ იყიდის. ოპერის თეატრშიც კი, "მაკნატუნაზე", სადაც ნამდვილად ღირს ბავშვების წაყვანა, ბილეთს ათ ლარზე ნაკლებად ვერ იშოვით. სახელმწიფოს მიერ მეტ-ნაკლებად დაფინანსებული დრამატული თეატრები კი საახალწლოდ პრემიერებს ვერ ასწრებენ. ერთადერთი საახალწლო საჩუქარი ხელოვნების მოყვარულებმა თბილისის კონსერვატორიისგან მიიღეს - დეკემბრის მიწურულს აქ ინგლისელი, ფრანგი, ამერიკელი მუსიკოსების კონცერტები ეწყობა. ასე რომ, ჯაზის და მსუბუქი მუსიკის ქართველ მოყვარულებს ისღა რჩებათ, რომ "კლასიკა" შეიყვარონ. თუნდაც დროებით, საახალწლოდ მაინც.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG