Accessibility links

logo-print

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ჩეჩენ მებრძოლთა ექსტრადიცია შეაჩერა


25 დეკემბერს საქართველოს სასამართლო ხელისუფლებამ ევროპული მართლმსაჯულებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯით წაიწია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საკასაციო პალატამ

შეაჩერა მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 5 დეკემბრის გადაწყვეტილება და სამი ჩეჩენი პატიმრის - ჰუსეინ ალხანოვის, რუსტამ ელხაჯიევისა და რუსლან გელოგაევის რუსეთში ექსტრადიციის შესახებ საქმე განსახილველად კვლავ პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუბრუნა. უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიის მიერ ამ გადაწყვეტილების გამოტანას წინ უსწრებდა მოსამართლე გოდერძი ბორჩხაძის უპრეცედენტო ნაბიჯი. საკასაციო საჩივრის განხილვის დაწყებამდე მოსამართლე ბორჩხაძემ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულთა დაცვაში მონაწილეობის უფლება მისცა სახალხო დამცველს ნანა დევდარიანს.

3 და 5 აგვისტოს საქართველო-რუსეთის საზღვარზე დაკავებული 13 ჩეჩენი მებრძოლის ისტორიამ საქართველოს მართლმსაჯულებაში არსებული სერიოზული ხარვეზები გამოაჩინა. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებათდამცველების მხრიდან პროტესტის მიუხედავად, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ 4 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილება საკმარისი აღმოჩნდა, რომ დაკავებულთაგან 5 პირი რუსეთის მართლმსაჯულებისთვის გადაეცათ. თანაც, როგორც საქართველოს სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი აცხადებს, ექსტრადიციის შეჩერებას თავად ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოც ითხოვდა.

[ნანა დევდარიანის ხმა] "ეს გაკეთდა სრულიად უკანონოდ და ამას, მე დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლო, როგორც დარღვევას, ისე მისცემს შეფასებას."

28 ნოემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რუსეთიდან მიღებულ საგამოძიებო მასალებზე დაყრდნობით, ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება კიდევ სამი ჩეჩენი პატიმრის - ჰუსეინ ალხანოვის, რუსტამ ელხაჯიევისა და რუსლან გელოგაევის - მიმართ გამოიტანა, თუმცა, საზოგადოების მძაფრი პროტესტის გამო, პატიმართა მალული გადაყვანა ვეღარ შეძლო და საქმე განსახილველად მთაწმინდა-კრწანისის სასამართლოს გადასცა, სადაც უკვე მოსამართლე პარონიანმა ისახელა თავი.
მან დაცვის მხარეს საქმის მასალის გაცნობის საშუალება არ მისცა და 5 დეკემბერს ცარიელ დარბაზში გამოიტანა გადაწყვეტილება განსასჯელების რუსეთის მხარისთვის გადაცემის შესახებ. სწორედ ეს მომენტი გამოიყენა მთავარ კოზირად 25 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საკასაციო პალატის სხდომაზე განსასჯელთა ადვოკატმა ლია მუხაშავრიამ, რომლის შუამდგომლობა მოსამართლე გოდერძი ბორჩხაძემაც გაიზიარა.

[გოდერძი ბორჩხაძის ხმა] "დაცვის უფლების აშკარა დარღვევის გამო, გაუქმდეს ქალაქ თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 5 დეკემბრის დადგენილება და ალხანოვის, ელიხაჯიევისა და გალოგაევის საჩივრები ხელახალი არსებითი განხილვისათვის გადაეცეს იმავე რაიონული სასამართლოს სხვა მოსამართლეს. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება."

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ამ ნაბიჯს პროცესზე მოსულმა უამრავმა პოლიტიკოსმა და უფლებათდამცველმა ქართული მართლმსაჯულების კიდევ ერთი წარმატება უწოდა. მოსამართლე ბორჩხაძის გადაწყვეტილებით აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ჩეჩენი ტყვეების მშობლები და ახლობლები, რომლებსაც 25 დეკემბრის სხდომამ სამართლიანობის იმედი დაუბრუნა.

[მალინა ხანუევას ხმა] "მადლობა მათი სამართლიანი საქციელისთვის. ის, რაც ხუთ დეკემბერს მოხდა, სასამართლო კი არ იყო, არამედ სამსჯავრო. დღეს კი სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა. დიდი მადლობა ყველას".

სულ მალე მთაწმინდა-კრწანისის სასამართლო სამი ჩეჩენი პატიმრის საქმის განხილვას სხვა შემადგენლობით მიუბრუნდება. პარალელურად, ადვოკატების მუხაშავრიასა და ძამუკაშვილის სარჩელის განხილვა სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში, სავარაუდოდ, იანვრიდან გაგრძელდება. ადვოკატ მუხაშავრიას საქმის მოგების იმედი აქვს და სჯერა, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოში სამართლებრივი პრაქტიკის შეცვლას გამოიწვევს.

[ლია მუხაშავრიას ხმა] "ის, რაც დღეს მოხდა უზენაესში, არის ექო სტარსბურგის იმ გადაწყვეტილებისა, რომელმაც უკვე სცნო და აღიარა, რომ სასამართლოს განხილვის გარეშე ექსტრადიცია იყო ევროკონვენციის უხეში დარღვევა."
XS
SM
MD
LG