Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის ტელევიზიის გადაცემა ადამიანის უფლებათა დამცველების კრიტიკის საგანია


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა სომხეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს სატელევიზიო გადაცემა ბოროტმოქმედების შესახებ. გადაცემას შინაგან საქმეთა სამინისტრო ამზადებს. მისი ავტორები დარწმუნებული არიან,

რომ ის დანაშაულის შემცირებას უწყობს ხელს. არადა, ადამიანის ულებათა დამცველების აზრით, გადაცემა თვითონ არღვევს კანონს, როცა სატელევიზიო ეკრანზე ეჭვმიტანილთა ჩვენებით უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს ხელყოფს.

გაცაცემის მონაწილეებს მათი სურვილის წინააღმდეგ ირჩევენ. ეკრანზე ისინი შეშინებულად და დათრგუნულად გამოიყურებიან. წამყვანი აცხადებს, რომ მათი დანაშაული უკვე დამტკიცებულია, რაც შემდეგში სასამრთლოზეც დადასტურდება.

ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს გადაცემა - მისი სახელია "02", მილიციის ცხელი ხაზის ნომერი - უამრავ მაყურებელს იზიდავს. უწინ მას მხოლოდ სახელმწიფო ტელევიზია აჩვენებდა, ახალა მის ოდნავ განსხვავებულ ვერსიებს სომხეთის სამი დიდი სატელევიზიო არხი გადასცემს საუკეთესო სამაუწყებლო დროს. ერთ-ერთი მათგანი კვირაში ოთხჯერ გადის ეთერში.

პროგრამის პროდიუსერია სომხეთის პოლიციის პაბლიკ რილეიშენის განყოფილება. პოლიცია მას ბოროტმოქედების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვან ელემენტად მიიჩნევს. და იმას, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის სომხეთს დამნაშავეობის ყველაზე დაბალი დონე აქვს, სწორედ ამ გადაცემას მიაწერს.

მაგრამ ადამინის უფლებათა დაცვის ადგილობრივი ჯგუფები თვლიან, რომ ეს არის სომხეთის კონსტიტუციით გარანტირებული უდანაშაულობის პრეზუმფციის უხეში დარღვევა.

ტიპიური გადაცემა იწყება ანაგარიშით, რამდენი ბოროტმოქმედება იქნა ჩადენილი ბოლო 1-2 დღის განმავლობაში, რამდენი გაიხსნა. შემდეგ მოდის ზოგიერთი ბოროტმოქმედების დეტალები და მაყურებელს აჩვენებენ დაკავებულებს, რომელთაც ესა თუ ის ბოროტმოქმედება მიეწერება.

დაკავებულთა უმრავლესობა აღიარებს დანაშაულს პოლიციის ვიდეოკამერების წინ. ხშირად ეჭვმიტანილთა სახეზე აშკარად შეიმჩნევა ცემის ნიშნები, რაც ადამიანის უფლებათა დამცველებს აფიქრებინებს, რომ აღიარება პოლიციის მიერ იქნა გამოძალული.

ერთ-ერთ ასეთ გადაცემაში დაკავებული, რომელსაც ბინის გაძარცვას აბრალებენ, არ აღიარებს დანაშაულს. მიუხედავად ამისა, პოლიციის რეპორტიორი ამბობს, რომ მისი დანაშაული სხვა გზით დამტკიცდა, თუმცა მაყურებელს ამ სხვა დამამტკიცებელ საბუთებს არ წარუდგენენ.

სომხეთის ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარე ავეტიკ იშხანიანი თვლის, რომ გადაცემა "02" არღვევს სომხეთის კონსტიტუციას, რომლის თანახმად, ეჭვმიტანილი უდანაშაულოდ ითვლება იქამდე, სანამ მის დანაშაულს სასამართლო დაადგენს.

[იშხანიანის ხმა] "თუ ისინი ამას ბოროტმოქმედების გახსნას უწოდებენ, სასამართლომ რაღა უნდა გააკეთოს? თუ "02"-ის მსგავსი პროგრამა გვაქვს, გამოდის, რომ სასამართლოები საერთოდ აღარ გვჭირდება. ყველაფერი ეს ჩვენი მართლმსაჯულების სავალალო მდგომარეობაზე მიანიშნებს."

პროგრამას პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანთან არსებული ადამინის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ჰოვანეს ასრიანიც აკრიტიკებს. მისი თქმით, უდანაშაულობის პრეზუმფცია საეთაშორისოდ მიღებული ნორმაა, და ამ საკითხზე სხვა აზრი არ არსებობს.

ნიუ იორკის ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფი "ჰიუმან რაიტს უოჩი" 2002 წლის იანვრის ანგარიშში წერდა: "ის, რომ სომეხი მოსამართლეები იღებენ გამოძალულ ჩვენებებს, აქეზებს პოლიციას, მიიღოს აღიარება ცემისა და სხვა სახის წამების მეშვეობითო."

ყოველივე ეს აღძრავს ეჭვებს სომხეთის ტელევიზიით ნაჩვენები ვიდეოზე ჩაწერილი აღიარებების თაობაზე. გარდა ამისა, ადამინის უფლებათა დამცველები თვლიან, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ ადამინი მართლაც არის დამნაშავე, მას აქვს უფლება დაემალოს საზოგადოების თვალს.

იმისთვის, რომ რეპორტირებმა გადაიღონ სასამრთლო პროცესი, მათ უნდა მოსამართლისგან მიიღონ ამის უფლება, მოსამართლეს კი თავის მხრივ ბრალდებულის თანხმობა სჭირდება. მსჯავრდადებულსაც კი აქვს უფლება უარი უთხრას ნებისმიერს მის გადაღებაზე.

სომხეთის შინაგან სამინისტროს მთავარი მრჩეველი მიკაელ გრიგორიანი აღიარებს, რომ გადაცემა "02"-ის კანონიერება ეჭვს იწვევს. მაგრამ მისივე თქმით, საზოგადოების გათვითცნობიერებას აქვს მნიშვნელოვანი პრევენციული ეფექტი და ამიტომ გადაცემა ეთერში უნდა დარჩეს, თუმცა საჭიროა ისეთი მექანიზმების შემუშავება, რომელიც ერთი მხრივ ბოროტმოქმედების წინააღმდეგ ბრძოლას მოემსახურება, ხოლო, მეორე მხრივ, ადამიანის უფლებებს არ დაარღვევს.
XS
SM
MD
LG