Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირი 10ახალი წევრის მიღებით ''ახალ ევროპას'' ჰქმნის


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა მიმდინარე წელს ევროპის კონტინენტისთვის ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა. დამთავრდა მოლაპარაკებები 10 ქვეყანასთან ევროპის კავშირში მათი გაწევრიანების პირობების თაობაზე და

ამ ქვეყნებმა 2004 წელს კავშირში შესვლის ოფიციალური მიწვევა მიიღეს. მათგან 8 ქვეყანა აღმოსავლეთსა და ცენტრალურ ევროპას ეკუთვნის, დანარჩენი ორი კი ხმელთაშუა ზღვის კუნძულებია: კვიპროსი და მალტა. როგორ შეიცვლება ევროპის კავშირი მასში 10 ახალი წევრის შესვლის შემდეგ?

რამდენიმე წლის განმავლობაში წარმოებული მზადება და, ხშირად საკმაოდ დაძაბული მოლაპარაკებები, დაგვირგვინდა მიწვევით, რაც ევროპის კავშირის ლიდერების კოპენჰაგენის სამიტზე 12-13 დეკემბერს იქნა გამოცხადებელი.

დაიწყება რა 2004 წლის მაისში, ეს იქნება ევროპის კავშირის ყველაზე მასშტაბური გაფართოება. ორ სუსტ კანდიდატს, ესენია ბულგარეთი და რუმინეთი, მიწვევა არ მიუღია. მაგრამ მათ გული გაუკეთეს იმით, რომ მიერთება პირობით 2007 წელს შესთავაზეს.

სამიტის წარმატება დააჯამა ევროპის კავშირის მორიგმა პრეზიდენტმა ანდერს ფოხ რასმუსენმა, რომელიც მიესალმა ახლადმიწვეულებს. [რასმუსენის ხმა] "ჩვენს ახალ წევრებს მთელი გულით მივმართავ: "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ოჯახში". შეიქმნა ჩვენი ახალი ევროპა."

ევროპის კავშირისკენ მიმავალი გზა ადვილი არ იყო. ადგილი ჰქონდა უთანხმოებებს, განსაკუთრებით ფინანსურ სფეროში. მათი მოგვარება ბოლო წუთამდე, თვით სამიტზეც, გრძელდებოდა.

განსაკუთრებული სიძნელეები და უკმაყოფილება დაიწყო 2002 წლის იანვარში, როცა საქმე სოფლის მეურნეობის სექტორის დაფინანსებამდე მივიდა. კანდიდატებმა უსამართლობად მიიჩნიეს, რომ ევროპის კავშირის მიერ მათი სოფლის მეურნეობისთვის შეთავაზებული სუბსიდიები წარმოადგენდა მხოლოდ ერთ მეოთხედს იმისა, რასაც კავშირის ამჟამინდელი წევრი-ქვეყნების ფერმერები იღებენ. ნოემბრისთვის ევროპის კომისიამ, გაითვალიწინა რა მზარდი კრიტიკა, რამდენიმე მილიარდი ევროთი გაადიდა შეთავაზებული სუბსიდიები.

მოსალოდნელია, რომ კვიპროსი, მალტა, ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი,ლატვია, ლიტვა, უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი და სლოვენია მომავალი წლის გაზაფხულზე მოაწერენ ხელს მიღების ხელშეკრულებებს და 2004 წლის მაისში გახდებიან ევროპის კავშირის სრულუფლებიანი წევრები.

გაფართოების გადაწყვეტილებები ჯერ კიდევ ევროპის კავშირის 15 ამჟამინდელი წევრის პარლამენტებმა უნდა მოიწონონ. ეს, როგორც წესი, წინასწარ შეთანხმებული პროცედურაა, მაგრამ სიურპრიზები მაინც არ არის გამორიცხული. მაგალითად, 2001 წელს ირლანდიამ მოულოდნელად უარყო ნიცის ხელშეკრულება, დოკუმენტი ევროპის კავშირის ინსტიტუციების რეფორმირების შესახებ, რათა კავშირის გაფართოება ყოფილიყო შესაძლებელი. ირლანდიელების უარმა საფრთხეში ჩააგდო გაფართოების მთელი პროცესი. ამა წლის ოქტომბერში ჩატარებულ მეორე რეფერენდუმში ირლანდიელებმა ხმა მისცეს ნიცის ხელშეკრულებას და ამით გზა გაეხსნა გაფართოების პროცესს.

კიდევ უფრო დიდი საფრთხე გაფართოებას გაისად მოელის: კანდიდატ ქვეყნებში ევროპის კავშირთან მიერთების თაობაზე რეფერენდუმები ჩატარდება. თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ამ ქვეყნების მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე გამოდის კავშირთან მიერთების წინააღმდეგ, ხოლო საკმაოდ დიდ რიცხვს გადაწყვეტილება მიღებული არა აქვს, რეფერენდუმების წარმატება შეიძლება საეჭვო იყოს.

2002 წელს ევროპის კავშირთან მიმართებაში თურქეთისთვისაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მას შეერთებული შტატები ექომაგებოდა, თურქეთს მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ 2005 წლის დამდეგისთვის დაუნიშნეს, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ის შეასრულებს ე.წ. კოპენჰანგენის ყველა კრიტერიუმს, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. ამან თურქები თავიდან ფრიად გაანაწყენა, სანამ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა თავის გამოსვლაში მათ დადებითი მხარე არ დაანახა:

[ბლერის ხმა] "თურქეთს პირველად დაენიშნა კონკრეტული თარიღი და ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საუბარი იმაზე არ არის, დაიწყება თუ არა მოლაპარაკება თურქეთთან. თუ მან კრიტერიუმი დააკმაყოფილა, მოლაპარკება ნამდვილად დაიწყება და, ვფიქრობ, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია."

პრობლემები კვიპროსთან დაკავშირებითაც არსებობს. როგორც ჩვენს წინა გადაცემაში ვახსენეთ, კვიპროსის თურქული ნაწილის ლიდერები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ კუნძული, როგორც ერთიანი, და არა დღევანდელი ორად გაყოფილი სახით მიიწვიეს.

2002 წელი ევროპის კავშირმა თავისი მორიგე პრეზიდენტის - დანიის მიერ წამოყენებული "ახალი მეზობლობის ინიციატივის" გეგმით დაასრულა. ეს ინიციატივა უკრაინას, მოლდავეთსა და ბელორუსიას ეხება. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პერ სტიგ მიოლერმა თქვა, რომ კავშირს ამ სამი ქვეყნისთვის დახმარების აღმოჩენა ჰმართებს ეკონომიკის სტაბილიზაციისა და დემოკრატიის განვითარების საქმეში. "არ გვინდა, რომ ჩვენს მეზობლებს პროლემები ჰქონდეთო", თქვა მიოლერმა.

დანიის პრემიერ-მინისტრმა ანდერს ფოგ რასმუსენმა კი გამამხნევებელი სიტყვა ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებს შეაწია. მან თქვა, რომ ბრიუსელი ამ ქვეყნებთან პარტნიორობის გაღრმავებას ცდილობს.
XS
SM
MD
LG