Accessibility links

logo-print

რატომ ხორციელდება საქართველოს მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები


საქართველოში აღმასრულებელი ხელისუფლების რეორგანიზების პროცესი 26 დეკემბერს მშენებლობისა და ურბანიზაციის სამინისტროს გაუქმებით დაიწყო. პროცესის დასრულება,

რის შემდეგაც საქართველოში 18 სამინისტროდან მხოლოდ 14 უნდა დარჩეს, 2003 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. ასევე უნდა განხორციელდეს 20-მდე დეპარტამენტის ინტეგრირება და მათი რაოდენობა 4-მდე შემცირდება. რატომ გადაწყვიტა საქართველოს ხელისუფლებამ მთავრობის სტრუქტურულად შეცვლა?

თბილისში მიმდინარე მშენებლობათა არაესთეტიკური არქიტექტურის შემხედვარე უბრალო მოქალაქეებს, ხშირად უჩნდებათ კითხვა, თუ სად არის და რას აკეთებს მშენებლობის სამინისტრო. არადა, საქართველოს მშენებლობისა და ურბანიზაციის სამინისტროს დედაქალაქში მიმდინარე მშენებლობასთან მხოლოდ სახელიღა თუ აკავშირებს. ეკონომიკის ექსპერტის რეზო საყევარიშვილის განმარტებით, მშენებლობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი კარგად არ ჰქონდა განსაზღვრული.

[რეზო საყევარიშვილის ხმა] „ბევრი ისეთი ფუნქცია, რომელიც ჩვენ და, ელემენტარულად, უბრალო მოქალაქესაც ჰგონია, რომ არის მშენებლობის სამინისტროს გადასაწყვეტი, არის რეალურად გადანაწილებული სულ სხვა აღმასრულებელ სტრუქტურებზე, ეს იქნება არქიტექტურის მუნიციპალური სამსახურები, ნებართვების გამცემი კიდევ სხვა უწყებები და ასე შემდეგ.“[სტილი დაცულია]

მშენებლობისა და ურბანიზაციის სამინისტროს პოლიტიკის განსაზღვრა ეკისრებოდა. შეიძლება სამინისტროს სწორ პოლიტიკას მიეწეროს მშენებლობის ბუმი, ძირითადად, დედაქალაქში. თუმცა, თუ ამ დარგიდან ბიუჯეტში შესული თანხების მიხედვით ვიმსჯელებთ, საწინააღმდეგო სურათი იხატება. მშენებლობათა ნახევარზე მეტი ჩრდილოვან ეკონომიკას ასაზრდოებს. ჩრდილოვანი სახსრები კი ქართულ პოლიტიკაში წარმატების მიღწევის ერთ-ერთ მთავარ პირობას წარმოადგენს. ამიტომ მშენებლობის სამინისტროს მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა პოლიტიკურ ძალთა მნიშვნელოვანი ნაწილი. ამაზე მეტყველებს საპარლამენტო ფრაქცია “გაერთიანებული დემოკრატების” თავმჯდომარის გიორგი ბარამიძის განცხადებაც:

[ბარამიძის ხმა] „მაგალითად, მშენებლობის ახალი დეპარტამენტი უნდა იქნეს გამწესებული იმ ერთ-ერთი ფრაქციის წარმომადგენლის ინტერესების დასაკმაყოფილებლად, რომ მათი ბიზნესინტერესები იქნეს დაკმაყოფილებული და ასე შემდეგ. ეს არის მიმართული იმისკენ, რომ, რეალურად, მოქალაქეთა კავშირი და ხელისუფლება მოემზადოს მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.“ [სტილი დაცულია]

თუმცა, ასეთი პოლიტიკური მიზნების გარდა, მთავრობამ საკუთარი თავის ოპტიმალური გარდაქმნა საკუთარ სტრუქტურათა ქმედითობის გაზრდის აუცილებლობის გამოც გადაწყვიტა. შესაბამისად, მშენებლობის სამინისტროს გაუქმებასთან ერთად, ქონების მართვისა და პრივატიზაციის სამინისტროს გარდაქმნაც გადაწყდა. იგი სახელმწიფო წილების მმართველ ჰოლდინგად უნდა ჩამოყალიბდეს. პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ორგანოსათვის შეთავაზებულ ამ ცვლილებებს 26 დეკემბრის საპარლამენტო სესიაზე ოპოზიციურ პარტიათა წინააღმდეგობა შეხვდა და მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების კანონპროექტისთვის კენჭისყრა გაურკვეველი ვადით გადაიდო. თუმცა თავად ახალი ინიციატივა ამას არ იმსახურებდა, ცვლილებების არსიდან გამომდინარე. ისინი პარლამენტარმა ზაქარია ქუცნაშვილმა ასე განმარტა:

[ზაქარია ქუცნაშვილის ხმა] „სამეურნეო ფუნქციების მატარებელი აღარც ერთი სამინისტრო და აღარც ერთი დეპარტამენტი არ იქნება. ასევე მოხდება დღეს არსებული 20-მდე დეპარტამენტის ინტეგრაცია სამინისტროთა შემადგენლობაში. მათი გაერთიანება ნიშნავს იმას, რომ უკვე გავრცელდება მის ხელმძღვანელზე იმპიჩმენტის მექანიზმი, რაც ერთადერთი საკონტროლო ფუნქციაა, რაც წარმომადგენლობით ორგანოს აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე.“[სტილი დაცულია]

სავარაუდოა, რომ საგანგებო საპარლამენტო სესიის დამთავრებამდე აღმასრულებელი ხელისუფლების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით პოლიტიკურ კონსულტაციებად წოდებული „ვაჭრობა“ გაიმართება და 26 დეკემბერს გადადებული კენჭისყრაც ამ კონსულტაციების შემდეგ შედგება.
XS
SM
MD
LG