Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთები


26 დეკემბერს ბაქოში დასრულდა ორმხრივი მოლაპარაკება, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციასა და შეუთანხმებელი მონაკვეთების საკითხის გარკვევას შეეხებოდა.

ორი მეზობელი ქვეყნის წინაშე მდგარი სასაზღვრო პრობლემები ჩვენ 24 დეკემბრის რეპორტაჟში ვრცლად გაგაცანით. ამჯერად კი შემოგთავაზებთ ინფორმაციას ბაქოს შეხვედრის შედეგებზე და გესაუბრებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სხვა შეუთანხმებელი მონაკვეთების შესახებ.

საზღვრის დადგენა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესია და იგი სახელმწიფოს ჩამოყალიბების ერთ-ერთ მთავარ ატრიბუტს წარმოადგენს. სამწუხაროდ, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პრობლემამ საქართველოს წინაშე დამოუკიდებლობის პირველი წლებიდან იჩინა თავი. ამის ძირითადი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ თავის დროზე არავინ იზრუნა სააარქივო მასალის შენარჩუნებაზე და მისი დიდი ნაწილი, საბოლოოდ, რუსეთში აღმოჩნდა გაზიდული. გარდა ამისა, საბჭოთა პერიოდში შიდა საზღვრის შეცვლა ხშირად მოკავშირე რესპუბლიკების აზრის გაუთვალისწინებლად ხდებოდა, რაც დამოუკიდებლობის წლებში საზღვრის დადგენის კიდევ ერთ შემაფერხებელ გარემოებად იქცა. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე წითელი ხიდის მიმდებარე 300 ჰექტარის სიდიდის ტერიტორია, რომელიც 40-იან წლებში საბჭოთა აზერბაიჯანს დროებით სარგებლობისათვის საკავშირო მთავრობის მიერ გადაეცა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ყველა სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა არსებობს, ამ შეუთანხმებელი მონაკვეთის სტატუსის განსაზღვრას სახელმწიფო კომისიების არაერთი შეხვედრა დასჭირდა.

წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის თაობაზე მსჯელობდნენ აზერბაიჯანისა და საქართველოს სამთავრობო კომისიის წევრები ბაქოში, სადაც შეხვედრა 26 დეკემბერს დასრულდა. ბაქოში კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს არა აქვთ ერთმანეთთან ტერიტორიული პრეტენზიები. თუმცა წითელი ხიდის პრობლემა კვლავ ღიად დარჩა.

აღსანიშნავია, რომ მეზობელ სახელმწიფოებთან, საზღვრის თვალსაზრისით, დღესდღეობით საქართველოს ყველაზე უპრობლემო ვითარება თურქეთთან აქვს და ეს დაფიქსირდა კიდეც ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილ დიდ ჩარჩო ხელშეკრულებაში. ბოლო დრომდე საზღვრის დასაზუსტებელი მუშაობა ნელა მიმდინარეობს სომხეთთან, რომელთანაც საქართველოს შესათანხმებელი აქვს საზღვრის მონაკვეთი, სოფელ ხუჯაბის სახით.

რაც შეეხება რუსეთის ფედერაციას, მიუხედავად იმისა, რომ სადელიმიტაციო კომისია 8 წელია მუშაობს, ჩრდილოელ მეზობელთან საქართველოს საზღვრის მხოლოდ ორი მესამედი აქვს დაფიქსირებული. მათ შორის, ყველაზე მწვავედ ითვლება ლარსის მონაკვეთი, სადაც 1998 წელს რუსმა მესაზღვრეებმა თვითნებურად გადმოსწიეს საზღვარი. იგივე სურათი განმეორდა ორი წლის წინ რუსეთ-საქართველოს საზღვრის ინგუშეთის მონაკვეთზე მდებარე სოფელ ფიჭვებთან, იმ განსხვავებით, რომ ამჯერად რუსმა სამხედროებმა ნამდვილი საბრძოლო ოპერაცია ჩაატარეს.

შეგახსენებთ, რომ ამ მონაკვეთზე, 2000 წელს რუსულ მხარესთან შეთანხმებით, ქართველ მესაზღვრეთა პოსტი 2002 წელს გაიხსნა. ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო საზღვრის ამ მონაკვეთზე შექმნილი ოპერატიული ვითარებით. კერძოდ, ქართველ მესაზღვრეებს უნდა აღეკვეთათ სოფელ ფიჭვებზე გამავალი ბილიკით უკანონო საზღვრის გადმოკვეთის მცდელობა, რასაც რუსული მხარე მთელი ჩეჩნური საომარი კამპანიის დროს საყვედურობს საქართველოს ხელისუფლებას.

მაგრამ სასაზღვრო ინციდენტის შემდეგ საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ვითარების დაძაბვას მოერიდა და გასცა ბრძანება სოფელ ფიჭვების დატოვების შესახებ. ქართველი სამხედროების სასაზღვრო პოსტი უმალვე რუსმა სამხედროებმა დაიკავეს, ხოლო საკუთარი მოქმედების სისწორეში ქართული მხარის დასარწმუნებლად წარმოადგინეს 1972 წელს საბჭოთა გენერალური შტაბის მიერ შედგენილი რუკა, რომელზეც სოფელი ფიჭვები საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ არის დაფიქსირებული.

თუმცა, როგორც ჩვენთან საუბარში საქართველოს სადელიმიტაციო და სადემარკაციო სამთავრობო კომისიის თავმჯდომარემ ზაზა კანდელაკმა განაცხადა, ლარსისა და სოფელ ფიჭვებთან დაკავშირებული სასაზღვრო პრობლემა, პირველსავე შესაძლებლობისთანავე, კვლავ დადგება დღის წესრიგში. მაგრამ თუ როდის მიეცემა საქართველოს მხარეს თავისი პოზიციის დაცვის შესაძლებლობა, ამის პროგნოზირება, რუსეთ-საქართველოს ცვალებადი ურთიერთობის გათვალისწინებით, არავის შეუძლია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG