Accessibility links

logo-print

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენთან დაკავშირებული სიახლე


გიორგი კაკაბაძე, თბილისი რუსეთის “ნეზავისიმაია გაზეტას” ინფორმაციით, ალიევმა და ნაზარბაევმა მოილაპარაკეს ყაზახეთის ნავთობის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ტრანსპორტირების შესახებ.

დეკემბრის დამდეგს ასტანამ ოფიციალური თხოვნით მიმართა აზერბაიჯანის ხელმძღვანელობას მოლაპარაკების დაწყებისა და სამთავრობოთაშორისო შეთანხმების მომზადების თაობაზე. მოვლენები ისე სწრაფად ვითარდებოდა, რომ ახალი წლის წინა დღეებში პროექტის კონტურები უკვე გამოიკვეთა.
გაგაცნობთ 25 დეკემბრის “ნეზავისიმაია გაზეტას” წერილის შინაარსს.

გაზეთი წერს, რომ “აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ყაზახეთს 250 ათასი დოლარი გადასცა პროექტის რენტაბელობის გათვლისთვის. დამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში შეერთებული შტატები აპირებს აქტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ახალი მარშრუტის ფორმირებასთან დაკავშირებული ყველა საფინანსო პროცედურის დაფინანსებას. ფინანსური დახმარების თანხა განისაზღვრება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყაზახეთის უმაღლესი ხელმძღვანელობა დათანხმდება, ხელი მოაწეროს აზერბაიჯანთან ორმხრივ შეთანხმებას, რომლის მიხედვით მოხდება მისი ნავთობის ექსპორტირება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით”.
გაზეთის თქმით, “კასპიის რეგიონში ნავთობსადენის კიდევ ერთი მარშრუტის არჩევა, მართლაც რომ, არ არის რიგითი მოვლენა, მით უფრო, იმ ვითარებაში, როცა მსოფლიო სანავთობო ბაზრის გადანაწილება მიმდინარეობს. ყაზახეთი გამოთქვამს მზადყოფნას, შექმნას მრავალვექტორიანი სატრანსპორტო კომუნიკაციები და არ მიებას მხოლოდ კასპიის სამილსადენო კონსორციუმს, რომელიც, ექსპერტების შეფასებით, ვეღარ შეძლებს ყაზახეთში მოპოვებული მთელი ნავთობის ტრანსპორტირებას კაშაგანის საბადოს ამოქმედების შემდეგ”.

“ნეზავისიმაია გაზეტას” ცნობით:

“ნაციონალური კომპანიის, “კაზმუნაიგაზის,” სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და სასერვისო პროექტების აღმასრულებელმა დირექტორმა კაირგელდი კაბილდინმა აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიასთან მოლაპარაკებისას განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის აგებიდან ერთი თვის შემდეგ ყაზახეთი თავისი ნავთობის ტრანსპორტირებას დაიწყებს. პირველ ეტაპზე ნავთობს ტანკერებით გადაიტანენ პორტ დიუბენდიმდე, საიდანაც ის სანგაჩალის ტერმინალზე გადაიგზავნება. კაბილდინის სიტყვებით, აქტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის წყალქვეშა მილსადენის მშენებლობა გამორიცხული არ არის, მაგრამ მისი რეალიზება მხოლოდ კასპიის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის შემდეგ შეიძლება დაიწყოს”.

წერილის მიხედვით, “პროექტი უფრო საფუძვლიანად განიხილეს ლონდონში, სადაც, აშშ-ის ინიციატივით, შეიკრიბნენ ყაზახეთისა და აზერბაიჯანის, ბრიტიშ პეტროლიუმ-აზერბაიჯანის წარმომადგენლები და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის კონსორციუმის ოთხი კომპანია. მილსადენის პროექტის მიმზიდველობა რუსეთის ფედერაციის სათბობენერგეტიკის მინისტრმა იგორ იუსუფოვმაც გაიზიარა. ამ ცოტა ხნის წინ, ბაქოში ვიზიტით ყოფნისას, მან აღნიშნა, რომ “რუსეთი არ ეწინააღმდეგება ყაზახეთის ნავთობის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ტრანსპორტირებას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მილსადენი მის ტერიტირიაზე არ გაივლის”. მინისტრის თქმით, “თუკი მილსადენი რუსეთის ტერიტორიაზე გაივლის, მაშინ მოსკოვი მზად არის, რომ პროექტში თავისი მონაწილეობის საკითხი განიხილოს”.

“ნეზავისიმაია გაზეტას” თქმით, “ბაქოში მიიჩნევენ, რომ მოსკოვი ითვალისწინებს კასპიის რეგიონის რეალიებს და იმასაც, რომ ყაზახეთში მოპოვებული ნავთობის ტრანზიტის გამტარუნარიანობას ზღვარი აქვს. გასათვალისწინებელია, აგრეთვე, თურქეთის სრუტეების შესაძლებლობები. ყაზახეთი გაფრთხილებულია: ბოსფორს არ შეუძლია იმ ტანკერების ნაკადს გაუძლოს, რომლებსაც ნოვოროსიისკიდან ყაზახური ნავთობი გააქვთ”.
XS
SM
MD
LG