Accessibility links

რატომ ჩაება განათლების მინისტრი სახელფასო მინიმუმის გაზრდის საწინააღმდეგო კამპანიაში


საქართველოს მთავრობაში, ფინანსთა მინისტრის გარდა, განათლების მინისტრი ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც სახელფასო მინიმუმის გაზრდის საწინააღმდეგო კამპანიაში თავისი ნებით ჩაერთო.

განათლების მინისტრის ამ მოულოდნელ ინიციატივაში ფრაქცია “დემოკრატების” წევრები “მოქალაქეთა კავშირის” დაკვეთას ხედავენ. თავად მინისტრი კი, პრესისთვის გაკეთებული საჯარო განცხადების მიხედვით, თავს მოვალედ თვლის საზოგადოებას აცნობოს, რომ “დემოკრატებს” მხოლოდ პოპულისტური მიზნები ამოძრავებთ.

“სახელფასო მინიმუმის” კანონპროექტის ავტორთა შორის განათლების მინისტრმა ძველი სამიზნე - დეპუტატი ვასილ მაღლაფერიძე აირჩია. მინისტრის თქმით, გასულ წელს სწორედ მაღლაფერიძემ დაბლოკა განათლების სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პედაგოგთა ხელფასის საციცოცხლო მინიმუმამდე გაზრდას ითვალისწინებდა. შესაბამისად, სწორედ ვასილ მაღლაფერიძის, როგორც საქართველოს პარლამენტის განათლების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის, დასკვნები გახდა იმის მიზეზი, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტიდან გაიტანა, რაც, მაღლაფერიძის თქმით, უიშვიათესი შემთხვევაა. ამით განათლების კანონის ცვლილებებისა და დამატებების კანონპროექტი დრომდე დავიწყებას მიეცა, რადგან, მარტივად რომ ვთქვათ, მასში ბევრი შეუსაბამობა აღმოჩნდა. ვასილ მაღლაფერიძე ამ შეუსაბამობებს აფიორის კვალიფიკაციას აძლევს.

[ვასილ მაღლაფერიძის ხმა] “ამ კანონპროექტის ამ მუხლს არ იცნობდა ფინანსთა სამინისტრო. იქ არის ჩამატებული ეს მუხლი და ჩამატებულია ხელოვნურად. მუხლებია გადაადგილებული, ნუმერაციაა არეული და ეს მუხლი არის ჩაწებებული შიგნით, თუ შეიძლება ასე ითქვას, სრულიად უადგილო ადგილას ისე, რომ მას არ იცნობს განმარტებითი ბარათი.”

ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, მაღლაფერიძე-კარტოზიას დუელში რომელს უფრო მეტად აძლევს ხელს კანონპროექტის შესახებ ატეხილი ხმაური, მაგრამ ფაქტია, რომ თავად კარტოზია ეგრეთ წოდებულ აფიორასა და მის დეტალებზე განმარტებებს როგორღაც თავს არიდებს და ზოგადი განცხადებებით კმაყოფილდება:

[ალეკო კარტოზიას ხმა] “შარშან განათლების სამინისტროს ისიც კი დასწამეს, თითქოსდა, ჩვენ მოვატყუეთ ფინანსთა მინისტრი ბატონი ზურაბ ნოღაიდელი, თითქოს ჩვენ არ შევუთანხმეთ მას ეს კანონპროექტი და, თითქოსდა, ამ კანონპროექტის წარმოდგენა პარლამენტში იყო სურვილი იმისა, რომ მომხდარიყო პარლამენტის დისკრედიტაცია, რომ ხალხის თვალში მთავრობა - კერძოდ, განათლების სამინისტრო - კარგად წარმოჩენილიყო, ხოლო პარლამენტი - ცუდად. თუ ასეა, ხომ არ შეიძლება დღეს შეკითხვა ასე დაისვას: არა მხოლოდ მასწავლებელთათვის, არამედ საბიუჯეტო სექტორში დასაქმებული ყველა ადამიანისათვის ხელფასის საარსებო მინიმუმამდე გაზრდის მოთხოვნა ხომ არ არის სურვილი იმისა, რომ ხალხის თვალში ოპოზიცია, რომელიც შარშან უმრავლესობაში იყო, წარმოდგეს კარგად, ხოლო მთავრობა - ცუდად?”

ვასილ მაღლაფერიძე პედაგოგთა ხელფასების გაზრდის მოწინააღმდეგობაში დადანაშაულების გამო მინისტრ კარტოზიას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. ანალოგიური გეგმა აქვს თავად მინისტრსაც, რომლის საქმეს, სასამართლოსგან დამოუკიდებლად, როგორც ჩანს, სახელმწიფო კანცელარიაშიც ჩაუღრმავდებიან. ვასილ მაღლაფერიძე ადასტურებს, რომ განათლების კანონის ცვლილებების კანონპროექტი, შესაბამისი დასკვნებითა და მასალებით, საგანგებოდ გადაეცა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს.
XS
SM
MD
LG