Accessibility links

ბალტიისპირეთის ქვეყნებმა მიიღეს მიწვევა ევროპის კავშირსა და ნატოში, მაგრამ პრობლემები მათთვის ამით არ დამთავრებულა


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა მიმდინარე წელს ბალტიისპირეთის სამმა რესპუბლიკამ განახორციელა თავისი მთავარი პოლიტიკური მიზანი –მიიღო ნატოსა და ევროპის კავშირში გაწევრიანების მიწვევა. როგორ მიაღწიეს მათ ამას და რა მიზნები უდევთ წინ?



[ბუშის ხმა ნს] "შიშის, გაურკვევლობისა და მარტოობის გრძელი ღამე დამთავრდა. თქვენ მიუერთდით ნატოს მძლავრ და მზარდ ოჯახს. ჩვენი ალიანსი საზეიმოდ დაგპირდათ მფარველობას, და თუ ვინმე ლიტვას მტრად აირჩევს, ის ამერიკის შეერთებულ შტატებსაც გაიხდის მტრად. ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის მამაცი ხალხი აღარასოდეს შეხვდება აგრესიას მარტოდმარტო."

ეს სიტყვები წარმოთქვა ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ნატოს მიერ ლიტვისთვის ალიანსთან მიერთების მიწვევიდან ორი დღის შემდეგ, ვილნიუსში აღფრთოვანებული ლიტველების წინაშე.

სამი კვირის შემდეგ კოპენჰაგენში ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროპის კავშირში მიიწვიეს, რაც მათ ეკონომიკურ სტაბილურობას ჰპირდება, რამდენადაც ეს შესაძლებელია გლობალიზაციის ეპოქაში.

ნატოსა და ევროპის კავშირში გაწევრიანება არა მარტო უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ სტაბილურობას ნიშნავს, არამედ ბალტიისპირეთის ქვეყნების ევროპის ოჯახში დაბრუნების სიმბოლოც არის.

ბოლო ათი წლის განმავლობაში ბალტიისპირეთის ქვეყნები თავისი დამოუკიდებლობისთვის საფრთხეს რუსეთისგან მოელოდნენ. როგორც აღნიშნავს ესტონეთის პარლამენტის სპიკერის მოადგილე ტუნე კელამი, ნატოსა და ევროპის კავშირში წევრობა შექმნის ახალ პირობებს და ხელს შეუწყობს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას.

ლიტვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად პარლამენტის წევრი, ანდრიუს კუბილიუსი ამბობს, რომ თუმცა ლიტვის მთავარი მიზანი მიღწეულია, პრობლემები დარჩა. ერთ-ერთი მათგანია ევროპის კავშირსა და რუსეთს შორის დადებული შეთანხმება კალინინგრადის ოლქიდან საკუთრივ რუსეთში ტრანზიტის შესახებ, ლიტვის ტერიტორიის გავლით. გასატარებელია აგრეთვე ეკონომიკური რეფორმები ევროპის კავშირში ლიტვის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად.

ნატოსა და ევროპის კავშირში მიწვევა ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის ხელსაყრელ დროს, ძლიერი ეკონომიკური აღმავლობის პერიოდს დაემთხვა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ ქვეყნებში საერთო ეროვნული პრდუქტი ყველაზე მაღალი იყო მთელს ევროპაში. 7, 8 და 6,5 პროცენტი ლატვიაში, ლიტვასა და ესტონეთში შესაბამისად.

მაგრამ ერთ სულ მოსახლეზე საერთო ეროვნული პროდუქტი ევროპის კავშირის საშუალო მაჩვენებლის ს ნახევარსაც კი ვერ აღწევს. ევროპის კომისიის სტატისტიკური სამსახურის თანახმად, ლატვიაში საერთო ეროვნული პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთი უმდაბლესია ევროპაში. მასზე უარეს მდგომარობაში მხოლოდ რუმინეთი და ბულგარეთია.

როგორც საერთაშორისო საქმეთა ლონდონის სამეფო ინსტიტუტის თანამშრომელი ბობო ლო ამბობს, ამ ქვეყნებმა არ უნდა დაივიწყონ, რომ ნატოსა და ევროპის კავშირში მათი მიწვევის მთავარი მიზეზი იყო მსოფლიოში გეოპოლიტიკური სიტუაციის შეცვლა და არა მათი მიღწევების დაფასება.

ლატვიის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი სააგენტო "ლატვიას ფაქტის" დირექტორი აიგრას ფრაიმანისი ამბობს, რომ ყველაზე მეტად მას იდელოგიური ვაკუუმის შექმნისა ეშინია. დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, პოლიტიკურ ცხოვრებაში დომინირებდა ნატოსა და ევროპის კავშირში შესვლის იდეა. ახლა, ამბობს ფრაიმანისი, მოქალაქეები ახალ იდეოლოგიურ მიმართულებას ეძებენ და მაინც და მაინც ოპტიმისტურად არ არიან განწყობილი. ბევრი ამბობს, რომ დააღწიეს რა თავი საბჭოთა კავშირს, არ სურთ, რომ ისინი ევროპის კავშირში შეათრიონ.

მომავალ შემოდგომაზე ბალტიისპირეთის ქვეყნებში რეფერენდუმები ჩატარდება. ევროპის კომისიის მიერ ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებს, რომ ლიტველების მხოლოდ 55 პროცენტი, ლატვიელების 46, ხოლო ესტონელების 38 პროცენტი უჭერს მხარს ევროპის კავშირში გაწევრიანების იდეას.

ლიტვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის ანალიტიკოსის ლაურას ბიელინისის თქმით, ბალტიისპირეთში ბევრი პესიმიტურად არის განწყობილი მომავლის მიმართ, მაგრამ იგი თვლის, რომ საჭიროა საქმისთვის რეალისტურად შეხედვა, შედარება არა იდეალთან, არამედ იმ სიტუაციასთან, რომელსაც ამ ქვეყნებმა დააღწიეს თავი. ბიელინისი ამბობს, რომ ბალტიისპირეთის პესემისტები მაშინ გაიაზრებენ, თუ რას მიაღწიეს მათმა ქვეყნებმა, თუ მეზობელ ბელორუსიასა და რუსეთს მოინახულებენ.
XS
SM
MD
LG