Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფხენიანი გამოწვევას უცხადებს ვაშინგტონს


ანდრო ეული, პრაღა ჩრდილოეთმა კორეამ თავისი პოლიტიკური რეჟიმის დამხობის მცდელობაში დაადანაშაულა პარასკევს შეერთებული შტატები და თან გააფრთხილა ვაშინგტონი, თავი შეიკავოს ფხენიანთან "უაღრესად სახიფათო კონფრონტაციისგან".

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, შეერთებული შტატების მოთხოვნა, რომ ფხენიანმა შეწყვიტოს თავისი ბირთვული პროგრამა, რაც წინაპირობა გახდება მოლაპარაკებისა, იზოლირებულსა და გაღატაკებულ ჩრდილოეთ კორეაზე მოულოდნელი თავდასხმის მომასწავებელია.

ოფიციალური ფხენიანის ამგვარი განრისხებული რეაქცია იმით უნდა იყოს გამოწვეული, რომ ერთი დღით ადრე, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა მოჰამედ ელ-ბარადეიმ "ბირთვული ომის მიჯნაზე ბალანსირების" პოლიტიკაში დაადანაშაულა ჩრდილოეთი კორეა, ხოლო სამხრეთი კორეის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა რო მუ ჰენმა, რომელიც ორად გაყოფილი კორეის გაერთიანების მომხრეა, განაცხადა, რომ, განაახლა რა ენბონის ატომურ ელექტროსადგურში ბირთვული რეაქტორის მუშაობა, კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა ამით საკუთარ თავს უქმნის საფრთხეს.

ხუთი მეგავატის სიმძლავრის რეაქტორის მუშაობა ფხენიანიდან 90 კილომეტრში მდებარე ენბონის ატომურ ელექტროსადგურში 1994 წელს იქნა შეჩერებული აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე. ვაშინგტონმა, თავის მხრივ, ნავთობი და უსაფრთხო რეაქტორები შესთავაზა ფხენიანს.

ოქტომბერში, აშშ-მა განაცხადა, რომ ჩრდილოეთმა კორეამ აღიარა, რომ გამდიდრებული ურანის გამოყენებით საიდუმლოდ ახორციელებს შეიარაღების პროგრამას. ამასთან დაკავშირებით, აშშ-მა, სამხრეთმა კორეამ და სხვა მოკავშირეებმა, დეკემბრის დასაწყისში ნავთობის მიწოდება შეუწყვიტეს ჩრდილოეთ კორეას.

ფხენიანი აცხადებს, რომ ელექტროენერგიის მისაღებად გადაწყვიტა, სწორედ ახლა, როცა საწვავის მიწოდება შეუწყვიტეს, კვლავ აამოქმედოს ატომური რეაქტორი ენბონში. ჩრდილოეთი კორეის ლიდერები აცხადებენ ამასთანავე, რომ, თუკი საჭიროდ მიიჩნევენ, უფლება აქვთ იქონიონ ბირთვული იარაღი და ამჟამინდელი უთანხმოების მოსაგვარებლად მზად არიან, შეთანხმება დადონ ვაშინგტონთან თავდაუსხმელობის შესახებ.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა ორშაბათს განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს, რომელიც ერაყის განიარაღებაზეა ამჟამად კონცენტრირებული, ხელეწიფება ორ ომში ჩაებას ერთდროულად და გაიმარჯვოს, ხოლო ჩრდილოეთი კორეა ცდება, თუკი ფიქრობს, რომ ვაშინგტონი მთლიანად ბაღდადთან დაპირისპირებითაა დაკავებული.
XS
SM
MD
LG