Accessibility links

logo-print

497-ე გამოშვება.


წამყვანი: ბიძინა რამიშვილი, პრაღა 497-ე გამოშვება.

წამყვანი: ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ, 467-ე გამოშვებას. დღეს გესაუბრებით საქართველოში საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხის შესახებ; მოგითხრობთ ჩეჩნების რუსეთში ექსტრადიციის საწინააღმდეგო კამპანიაზე; ვისაუბრებთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების თაობაზე მოსკოვში გამართულ ერთ კონფერენციაზე; შემოგთავაზებთ სიუჟეტს კინოს გამოჩენილი მოღვაწის, ჩარლი ჩაპლინის შესახებ, რომლის გარდაცვალებიდან 25 წელი გავიდა.
პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.


საქართველო და საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხე

ბიძინა რამიშვილი:
ამ დღეებში საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია “ალ-ყაიდა” დაიმუქრა, რომ ახალ ტერორისტულ ტალღას ააგორებს მსოფლიო მასშტაბით. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ალ-ზავაჰირი, რომელიც, ფაქტობრივად, პახუხს აგებს სპეცოპერაციების დაგეგმვასა და მათ განხორციელებაზე, აცხადებს, რომ ტერორისტული აქტები კასპიის რეგიონის მოქმედი და მშენებარე მილსადენების წინააღმდეგაც განხორციელდება.

ტერორიზმის საფრთხის თავიდან აცილებისა და ამ პრობლემასთან დაკავშირებული საკითხების გარშემო გიორგი კაკაბაძე ესაუბრა ექსპერტს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაიას.

გიორგი კაკაბაძე:
საერთაშორისო ტერორისტები ეცდებიან, რომ დარტყმები მიაყენონ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებს იმ მიზნით, რომ დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკამ დიდი ზარალი განიცადოს. ვახტანგ მაისაია აგრეთვე აღნიშნავს, რომ კასპიის რეგიონის ენერგორესურსებს დიდი როლი ენიჭება მზარდი ენერგომოხმარების პირობებში. [მაისაიას ხმა] “ყოველ შემთხვევაში, “რენდი კორპორეიშენის” ანალიტიკოსების ვარაუდით, 2002 წლისთვის მოხმარების მაჩვენებელი ერთი-ორჯერ გაიზრდება”.

აქედან გამომდინარე, საფრთხე დაემუქრება მილსადენებს, რომლებიც კასპიის ენერგორესურსების ტრანზიტს ემსახურება და დღის წესრიგში დგება იმ მილსადენების დაცვაც, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის. ექსპერტის თქმით, საქართველო მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობებით, საერთაშორისო დახმარების გარეშე, ვერ შეძლებს ამ პრობლემის გადაჭრას.

[მაისაიას ხმა] “იმავე სამხედრო ასპექტებს თუ განვიხილავთ, ალბათ, სასურველია, რომ, “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის” პარალელურად, დაინერგოს და განვითარდეს საქართველოში სხვა საერთაშორისო პროგრამები, რომელთა მთავარი მიზანი იქნება ნავთობსადენების დაცვა მოსალოდნელი საფრთხისაგან. აქედან გამომდინარე, ეს უკვე ორმხრივი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების რეალური შედეგი უნდა იყოს. უნდა დაიწყოს რეალური დიალოგი იმ სახელმწიფოებთან, რომელთა ინტერესები კასპიის რეგიონშია კონცენტრირებული და მათი ძალისხმევით უნდა მოხდეს შესაბამისი სპეციფიკური პროგრამების განვითარება და რეალიზება”.

ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ სტრატეგიული ობიექტების დაცვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანამგზავრული კავშირის სისტემა, მაგრამ ის სასურველ შედეგს ყოველთვის როდი იძლევა. მაგალითად, [მაისაიას ხმა] “კავკასიის რეგიონი საკმაოდ რთული რელიეფური და გეოგრაფიული მოწყობით არის ცნობილი და, თავისთავად ცხადია, ზოგიერთ შემთხვევაში უკვე თანამედროვე კოსმოსური საშუალებებიც კი უძლურია გარკვეული ტერიტორიის ფარგლებში კონტროლი განახორციელოს”.

ვახტანგ მაისაიას აზრით, ტერორიზმთან ერთად, საქართველოს შეიძლება რადიკალური ისლამური იდეოლოგიის გავრცელების საფრთხეც დაემუქროს. მისი თქმით, მართალია, საქართველოში ცოტაა ისეთი ადგილები, სადაც მუსლიმური მოსახლეობა ცხოვრობს, მაგრამ ეს საფრთხე აუცილებლად გასათვალისწინებელია. ექსპერტი გულისხმობს აფხაზეთს, პანკისის ხეობას, ქვემო ქართლის ნაწილს:

[მაისაიას ხმა] “იმავე პანკისის ხეობაში უკანასკნელ ხანს განვითარებულმა მოვლენებმა და აფხაზეთთან დაკავშირებით მოპოვებულმა ბოლოდროინდელმა ინფორმაციამ, რომ იქ გამოჩდნენ ვაჰაბიტური რელიგიის წარმომადგენლები და ვაჰაბიტურმა რელიგიამ აფხაზეთში ფესვები გაიდგა, მიანიშნებს იმაზე, რომ ამ მოვლენებს შეიძლება რეალური პოლიტიკური საშიშროების სახე ჰქონდეს საქართველოსთვის”.

კითხვაზე, არსებობს თუ არა ურთიერთკავშირი რადიკალურ ისლამურ იდეოლოგიასა და ტერორიზმს შორის, ვახტანგ მაისაიამ მიპასუხა: [მაისაიას ხმა] “ძირითადად, რადიკალური რელიგიური მიმდინარეობების უკან დგანან ის ძალები, რომლებიც ტერორისტულ საქმიანობას ახორციელებენ. ავიღოთ იგივე “ალ-ყაიდას” ორგანიზაცია. რეალურად ამ ორგანიზაციის იდეოლოგიურ ბაზას წარმოადგენს ვაჰაბიტური მიმდინარეობის რელიგიური მოძრაობა და აგრეთვე პანისლამურ პრინციპებზე აღმოცენებული იდეოლოგია. აქედან გამომდინარე, “ალ-ყაიდას” მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტები არის იმის საშუალება, რომ, საბოლოოდ, მიღწეულ იქნეს დასახული მიზანი, ანუ ისლამური სამყაროს გაერთიანება ერთიანი ხალიფატის – სახელმწიფოს ფარგლებში”.

ამდენად, ტერორიზმისა და სხვა,მასთან დაკავშირებული, საფრთხე სავსებით რეალურად დგას საქართველოს წინაშე. მათი თავიდან აცილებისთვის, როგორც უკვე ითქვა, მხოლოდ ქვეყნის ძალისხმევა არ იქნება საკმარისი. მაგრამ, ვახტანგ მაისაიას აზრით, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მხოლოდ საერთაშორისო დახმარების იმედი უნდა ჰქონდეს.

გიორგი კაკაბაძე, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი


ჩეჩენი პატიმრების ექსტრადიციის საწინააღმდეგოდ გამართული შეხვედრა

ბიძინა რამიშვილი:
“საქართველოს ხელისუფლებას და საზოგადოებას დღეს აქვს ღირსეულად მოქცევის, ჰუმანიზმის პრინციპების, საერთაშორისო ნორმების დაცვისა და რუსეთის ხელისუფლებისთვის ჩეჩენი პატიმრების გადაცემაზე უარის თქმის შანსი” – აღნიშნულია პრეს-რელიზში, რომელიც საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა 24 დეკემბერს გაავრცელეს თბილისში. “ჰუმანიზმის პრინციპებს” კი მთელ მსოფლიოში, როგორც წესი, ინტელიგენცია იცავს... და სწორედ ინტელიგენციამ მოიყარა თავი 24 დეკემბერს, თბილისის კინოს სახლში, იმისათვის რომ გამოეხატა პროტესტი ჩეჩენი პატიმრების ექსტრადიციასთან დაკავშირებით. მიკროფონს ვუთმობ ჩვენს თბილისელ თანამშრომელს, გიორგი გვახარიას, რომელიც ამ შეხვედრას დაესწრო.

გიორგი გვახარია:
კინოს სახლის პატარა დარბაზი საქართველოს ინტელიგენციას, მთლიანად, რა თქმა უნდა, ვერ დაიტევდა. თანაც, საეჭვოა, ჩეჩენი პატიმრების რუსეთისთვის გადაცემის მიმართ პროტესტი გამოეხატათ იმ პირებს, რომელთაც ჩვენში დღესაც “წითელ ინტელიგენციას” უწოდებენ. თუმცა 24 დეკემბერს კინოს სახლში ეს ადამიანებიც რომ მოსულიყვნენ, შესაძლებელია, ბევრ მათგანს პოზიცია შეეცვალა – უაღრესად შთამბეჭდავი აღმოჩნდა ახალგაზრდა ოპერატორის ალეკო კვატაშიძის მიერ ერთ დღეში გადაღებული და ერთ ღამეში დამონტაჟებული ათწუთიანი ფილმი, რომელიც საგანგებოდ ამ აქციისთვის გაკეთდა. უაღრესად ემოციური იყო შავ-თეთრი ფოტოები, რომელიც კინოს სახლის დარბაზში გამოიფინა – სურათები, რომელიც ჩეჩენი დევნილების პანკისში გადმოსვლას ასახავს, სურათები, სადაც მთავარია არა პეიზაჟი, არა ბუნება, არამედ ადამიანთა ტანჯული სახეები. ალეკო კვატაშიძემ გადაიღო ჩეჩენი ქალბატონი, რომლის შვილი, როგორც ტერორისტი, უკვე ჩააბარეს რუსეთს. თვალცრემლიანი ქალბატონი გვიამბობს იმაზე, რაც საკუთარი თვალით აქვს ნანახი:

[ჩეჩენი პატიმრის დედის ხმა. თარგმანი] “მე ნანახი მყავს ექვსი პატარა ჩეჩენი ბიჭი, რომლებიც გააუპატიურეს. მე მრცხვენია ამაზე ლაპარაკი... ეს ბავშვები ამბობენ: ჩვენ აღარაფერს წარმოვადგენთ, რა უნდა ვქნათ ახლაო?”

[მუსიკა. ჩეჩნური ხალხური სიმღერა]

“ჩვენ ხომ ყოველი ომის შემდეგ აღარაფერი გვრჩება, გარდა სიმღერების და ცოცხლად დარჩენილთა მოგონენებისა,” – აღნიშნავს ალეკო კვატაშიძის ფილმის გმირი და საქართველოს ხელისუფლებას, მთლიანად ქართულ საზოგადოებას მიმართავს:

[ჩეჩენი პატიმრის დედის ხმა. თარგმანი] “გევედრებით, არ გადაგვცეთ რუსებს, როგორც 1944 წელს, ჩვენი შვილების შენარჩუნება გვინდა...ღმერთმა ხომ რაღაცისთვის გაგვაჩინა ამ ქვეყანაზე.”

დოკუმენტური ფილმი, რა თქმა უნდა, შეიძლება სურვილის მიხედვით “გადაამონტაჟო”, აქცენტები შეცვალო, მაგრამ კინოს სახლში გამართული შეხვედრის მონაწილეთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ჩეჩენი ხალხის დევნის ამსახველი კადრები – რეალობაა, რომელსაც ვერ შეცვლი. ომის პირობებში უამრავ ჩეჩენს ჯერ კიდევ აქვს სიმღერის თუ ლექსის შეთხზვის სურვილი. ოღონდ ეს ლექსები “პოეტური მარგალიტების” მოგონების მიზნით აღარ იქმნება. ჩეჩენი პოეტები ქართველ ხალხს სოლიდარობას სთხოვენ, როგორც, მაგალითად, ჩეჩენი რეჟისორი და პოეტი საირ ხაჩუკაევი, რომლის ლექსი “არ გამიმეტო, დედავ” კინოს სახლში ქართველმა მთარგმნელმა ნონა ღამბაშიძემ წაიკითხა: “ავ დედინაცვალს არ დაუთმო შვილი, შენი ძე, მერე რა, რომ ჩემი მხარე მთებს იქითაა, მასმიე შენი ქვეყნის ღვინო – ტკბილი დედის რძე.”

ჩეჩნები საქართველოს “დედას”, რუსეთს “დედინაცვალს” უწოდებენ. რა უნდა იღონოს ამ დროს ქართულმა ინტელიგენციამ? კინოს სახლში თავმოყრილი ადამიანების აზრით, საქართველოს ხელისუფლებაზე ზემოქმედების უნარი არც “წითელ” და არც “არანაირ” ინტელიგენციას არა აქვს. ქართველ ხელოვანს ისღა რჩება, რომ საკუთარ ხელისუფლებას გაემიჯნოს და ხელისუფლების მაგივრად მოინანიოს. სხვის ნაცვლად მონანიების ეს სურვილი იგრძნობოდა ამ საპროტესტო აქციაში მონაწილე ყველა გამომსვლელის სიტყვაში. სხვის ნაცვლად მწერალმა დათო მაღრაძემაც მოინანია:

[დათო მაღრაძის ხმა] “მთელი ჩვენი ქვეყნის სირცხვილის განცდა მაქვს მე პირადად... ყოველი საზოგადოება წერს თავის ისტორიას, მაგრამ ახლა სამარცხვინო ისტორია იწერება... ჩეჩნები იქნებოდნენ თუ ინგლისელები, არა აქვს მნიშვნელობა, ჩვენი საზოგადოების სირცხვილად უნდა ვატაროთ ჩვენ ეს. ქართულმა საზოგადოებამ ღირსება უნდა შეინარჩუნოს.”

გიორგი გვახარია, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი


კონფერენცია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ

ბიძინა რამიშვილი:
ორ მეზობელ ქვეყანას, რუსეთსა და საქართველოს, შორის ურთიერთობებს ეხება ჩვენი შემდეგი სიუჟეტიც. 26 დეკემბერს მოსკოვში დასრულდა ქართველი და რუსი ჟურნალისტების კონფერენცია “რუსეთი – საქართველო: დიალოგი კავკასიის ქედის მიღმა”. საქართველოდან ის დააფინანსა ფონდმა ღია საზოგადოება – საქართველომ. ქართული მასმედიის წარმომადგენლები ხვდებოდნენ პოლიტიკოსებს, ანალიტიკური სამსახურებისა თუ საგამომცემლო კომპანიების ხელმძღვანელებს. ჩვენი თბილისელი თანამშრომელი დავით პაიჭაძე მონაწილეობდა კონფერენციაში. მას ტელეფონით დავუკავშირდი ჩვენი გადაცემის წინ.

იხ. აუდიოვერსია.


ჩარლი ჩაპლინის გარდაცვალების 25-ე წლისთავი

ბიძინა რამიშვილი:
"დღეს: ჩარლი ჩაპლინი" – ამ 80-90 წლის წინათ კინოთეატრის მფლობელს აფიშაზე ამ სიტყვების დაწერა ჰყოფნიდა საიმისოდ, რათა კინოდარბაზი მაყურებლით გაევსო. და დღესაც, თუ შეერთებული შტატების ყველაზე სოლიდურ კინოგამოცემაში, "კინოენციკლოპედიაში" ჩაიხედავთ, ასეთ სიტყვებს ამოიკითხავთ: "ჩარლი ჩაპლინი – ხელოვანი, რომელმაც კინოს განვითარებაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა". ვფიქრობ, ზედმეტია იმის აღნიშვნა, რომ, ცილინდრიანსა და ხელჯოხიან, შავულვაშა მაწანწალას მთელს მსოფლიოში იცნობს დიდი თუ პატარა. 25 დეკემბერს ჩარლი ჩაპლინის გარდაცვალებიდან 25 წელი შესრულდა. დიდ მსახიობსა და რეჟისორზე დავით კაკაბაძე გესაუბრებათ.

დავით კაკაბაძე:
ჩარლი ჩაპლინის მაწანწალის სახის არნახულ კომერციალიზაციას შედეგად ის მოჰყვა, რომ ხელში ჯამბაზიღა შემოგვრჩა. ასეთი მომავალი საკუთარ თავს ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინათ უწინასწარმეტყველა თავად ჩაპლინმა: ჯამბაზი ვარ და ჯამბაზად დავრჩებიო. თუმცა, იქვე დასძინა: და ეს ნებისმიერ პოლიტიკოსზე მაღლა მაყენებსო!

ტურისტთა უმრავლესობა, ჰოლივუდის სუვენირების მაღაზიაში შავულვაშა მაწანწალის გამოსახულებიან პლაკატს რომ ყიდულობს, დარწმუნებულია, რომ ჩაპლინი ამერიკელი იყო. დღეს ცოტა ვინმეს თუ ახსოვს, რომ შეერთებულ შტატებში ჩაპლინი დიდი ბრიტანეთიდან ჩავიდა და მიუხედავად იმისა, რომ ღარიბ ოჯახში დაბადებულს სიმდიდრე და საქვეყნო აღიარება სწორედ ჰოლივუდმა მოუტანა, ამერიკელობა არასოდეს მოუსურვებია. მეტიც: მუდამ კრიტიკულად იყო განწყობილი ცხოვრების "ამერიკული წესის" მიმართ.

ალბათ ამითაც აიხსნება, რომ აშშ-ის კონსერვატულ წრეებში მრავალი წლის მანძილზე არ ცხრებოდა ჩაპლინის წინააღმდეგ მიმართული კამპანია; ამიტომ იყო, რომ გაზეთები მას "კომუნისტსა და პატარა გოგონების გამრყვნელს" უწოდებდნენ. 1952 წელს საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ აშშ-ის იუსტიციის მინისტრმა ჯეიმს მაკგრენერიმ ჩაპლინს ქვეყანაში ცხოვრების უფლება ჩამოართვა და განაცხადა, ეს ადამიანი უკვე რამდენიმე ათწლეულია, ძირს უთხრის ამერიკულ მორალსა და ზნეობასო.

იმ დროისთვის ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი დიდების მწვერვალზე იმყოფებოდა. აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებით გაწბილებულმა დაიფიცა, ამ ქვეყანაში ფეხს აღარასოდეს ჩამოვდგამო და თავის მეოთხე ცოლთან ერთად შვეიცარიაში დასახლდა.

ჩაპლინისა და ამერიკის შერიგება ორი ათეული წლის შემდეგ მოხდა: 1972 წელს ამერიკის კინოაკადემიამ მას საპატიო "ოსკარი" მიანიჭა კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის და 80-ს გადაცილებული ხელოვანიც, 20-წლიანი შესვენების შემდეგ, პრემიის მისაღებად თვითონ ჩავიდა ლოს-ანჯელესში.

ჩაპლინის იმ ფილმებს შორის, რომელთა გამოც საბაზრო ეკონომიკისა და ტექნიკური პროგრესის აპოლოგეტები რეჟისორს პირზე დუჟმომდგარი ლანძღავდნენ, "ახალი დროებაც" იყო.

[მუსიკა "ახალი დროება"]

მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის ხმოვან კინოს ჰოლივუდში ფეხი კარგა ხნის მოკიდებული ჰქონდა, 1936 წელს გადაღებულმა ამ მუნჯმა კინოფილმმა მილიონობით ადამიანი აღაფრთოვანა. გროტესკის გზით მასში გამოთქული იყო მძაფრი კრიტიკა უზომო ინდუსტრიალიზაციის მისამართით, რომელსაც თავად ჩაპლინი ანტიჰუმანურად მიიჩნევდა. "ახალი დროება" კონსერვატულმა პრესამ "კომუნისტურ ქმნილებად" შერაცხა, ხოლო მისი ავტორი კიდევ ერთხელ გაახვია კრიტიკის ქარ-ცეცხლში.

ის კი არა, რესპუბლიკელთა მთავრობას დიდად არც ჩაპლინის ერთ-ერთი შემდგომი ფილმი, "დიდი დიქტატორი" ეპიტნავა – მიუხედავად იმისა, რომ მასში პაროდიის საუკეთესო ხერხების გამოყენებით, გამათრახებულია აშშ-ის მაშინდელი მტერი, ნაცისტური გერმანია და მისი ფიურერი ადოლფ ჰიტლერი. საქმე ის გახლავთ, რომ ჩაპლინი ამერიკის მთავრობას საბჭოთა კავშირთან დაახლოებისკენ მოუწოდებდა, რაც 1940 წელს ჯერ კიდევ არ შედიოდა ვაშინგტონის გეგმებში.

[მუსიკა "დიდი დიქტატორი"]

ხელისუფლების გაღიზიანებას ჩარლი ჩაპლინი მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო როდი იწვევდა. ხელოვანი არაერთხელ გამხდარა სკანდალის საგანი ახალგაზრდა გოგონებთან სასიყვარულო კავშირების გამოც. თუმცა, ჩაპლინის გასამართლებლად უნდა ითქვას, რომ სამი მათგანი მან ცოლადაც შეირთო: 28 წლის ასაკში 16 წლის მილდრედ ჰარისზე დაქორწინდა, 35 წლისამ ასევე 16 წლის ლიტა გრეიზე დაიწერა ჯვარი, ხოლო 54 წლის რომ იყო, 37 წლით უმცროსი, 17 წლის უნა ო'ნილი, მწერალ იუჯინ ო'ნილის ქალიშვილი მოიყვანა ცოლად. დიდი კომიკოსის ოთხი მეუღლიდან, ნორჩი ასაკის მხრივ, ერთადერთი გამონაკლისი გახლდათ მისი მესამე ცოლი – 25 წლის მსახიობი პოლეტ გოდარდი, რომელიც ჩაპლინმა 44 წლისამ შეირთო.

ერთი საყურადღებო დეტალი: წიგნში "მაწანწალა, ანუ ჩარლი ჩაპლინის ცხოვრება" ჯოის მილტონი აღნიშნავს, რომ ვლადიმირ ნაბოკოვისთვის "ლოლიტას" წერის დროს შთაგონების წყაროდ ჩაპლინისა და ლიტა გრეის სასიყვარულო ურთიერთობა ქცეულა.

ოთხი ქორწინებიდან ჩარლი ჩაპლინს 11 შვილი შეეძინა, რომელთაგან რვა – მათ შორის მსახიობი ჯერალდინ ჩაპლინი – უნასთან ხანგრძლივი ერთობლივი ცხოვრების ნაყოფია. სხვათა შორის, სულ ახლახან, მასთან ინტერვიუს ასაღებად მისულ ერთ ჟურნალისტს ჯერალდინმა გაანდო: მამაჩემი დიდი იუმორის პატრონი არასოდეს ყოფილა, შინ დედაჩემი გაცილებით მეტს და უკეთ ხუმრობდაო.

ჩაპლინის კოლეგებსაც არაერთხელ უთქვამთ, იუმორი მისთვის მძიმე შრომას ნიშნავდაო. გადასაღებ მოედანზე რეჟისორი ჩაპლინი პერფექციონისტი გახლდათ. "ერთსა და იმავე სცენას ზოგჯერ ათჯერ, ოცჯერ, ოცდაათჯერ გვამეორებინებდა და ვიდრე დასახულ მიზანს ბოლომდე არ მიაღწევდა, არ მოგვეშვებოდაო", იხსენებს ერთი მსახიობი. ამიტომ თვითონ მსახიობებს დიდად არასოდეს ეცინებოდათ ჩაპლინის საყვარელ ხუმრობაზე: "კომედიისთვის სამად-სამი რამ მჭირდება: პარკი, პოლიციელი და ლამაზი გოგონაო".


[მუსიკა "რამპის სინათლე"]

ბიძინა რამიშვილი:
თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელსაც ვასრულებთ ჩარლი ჩაპლინის მუსიკით კინოფილმიდან "რამპის სინათლე". პროგრამა პრაღაში მოამზადეს დავით კაკაბაძემ და ბიძინა რამიშვილმა. გადაცემას უძღვებოდა ბიძინა რამიშვილი. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე.
მომავალ პარასკევამდე.
XS
SM
MD
LG