Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველთა და აფხაზთა გაჩუმებული უმრავლესობა ერთმანეთისთვის ხმის მიწვდენას ცდილობს


საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად, 25 დეკემბერს სოჭი-სოხუმის სარკინიგზო ხაზის აღდგენამ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგების პროცესს უმძიმესი დარტყმა მიაყენა.

აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი ქართველი პარტიზანები "სარელსო ომითა" და რკინიგზის მარშრუტის აფეთქებით იმუქრებიან. აფხაზეთის თვითგამოცხადებული ხელისუფლება კი "ჰაერში აწევას თავად დივერსანტებსა და ტერორისტებს უწინასწარმეტყველებს".

საინტერესოა, რომ, ამ ფონზე, საქართველოსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე, ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაცია "შერიგების რესურსების" ფინანსური ხელშეწყობით, პარალელურად დაიწყო განხორციელება საინტერესო რადიოპროექტისა, რომელიც აფხაზთა და ქართველთა გაჩუმებულ უმრავლესობას საკუთარი გულისნადების გამოთქმაში ეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ ამ იდეას დიდად არ მოუხიბლავს ენგურის არც ერთ და არც მეორე მხარეზე მყოფი პოლიტიკოსები, პროექტის ავტორებს "რადიოდღიურების" წარმატებაში ეჭვი არ ეპარებათ.

ეს გახლავთ ახალი რადიოპროექტის ლოგო. ჟურნალისტების მონაწილეობის გარეშე შექმნილი ცხოვრებისეული ისტორიებით სხვადასხვა ფენის, ეროვნების, აღმსარებლობისა და ასაკის ადამიანები საკუთარ აზრსა და გულისნადებს შეულამაზებლად გადმოსცემენ.

ლესელიძელი დემურ ფრუიძე დევნილია, მაგრამ მისი ბედი სხვა ლტოლვილებისგან იმით განსხვავდება, რომ რუსი ეროვნების მეუღლე და შვილი აფხაზეთში ჰყავს დატოვებული. საკუთარ თავთან დარჩენილი დემურ ფრუიძე იგონებს ოჯახთან ერთად გატარებულ ბოლო წუთებს, ყვება იმის შესახებ, თუ რა გაჭირვებით ახერხებს ნახოს ენგურს იქით მყოფი შვილი, რომელიც ამ ხნის განმავლობაში უკვე წამოიზარდა და სულ მალე ცხოვრებაში შეაბიჯებს.
[დემურ ფრუიძის ხმა] "იქ სწავლობს - თურქებმა კოლეჯი გახსნეს და იქ სწავლობს ინგლისურს და თურქულს. ქართული და რუსული ისედაც იცის. "უჟე" ოთხი ენა ეცოდინება. კაია, გამოადგება ცხოვრებაში. მაგრამ რომ დაამთავრებს, მერე სად წავიდეს, პასპორტი რომ არა აქვს კაცს? ხანდახან გადმოდის პოსტზე. დადიან იქით-აქეთ დაბადების მოწმობით. რუსული გვარი რომ აქვს, იმიტომ უშვებენ, თორემ, აბა, ქართული გვარი რომ ჰქონდეს იქ ჩაწერილი, არსად არ გაუშვებენ. ასეა ეს ცხოვრება."

პროექტის იდეა შვიდი წლის წინ დიდ ბრიტანეთში ტელედღიურების, ხოლო შემდგომ რუსეთსა და უკრაინაში რადიოდღიურის სახით განხორციელდა და დიდი პოპულარობაც მოიხვეჭა. საქართველოში აუდიოდღიურების განხორციელების იდეა ეკუთვნის დიდი ბრიტანეთის არასამთავრობო ორგანიზაცია "შერიგების რესურსს", რომელიც კარგა ხანია ჩართულია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის სამშვიდობო მოწესრიგების პროცესში. ამიტომ "ცხოვრებისეული ისტორიების" ავტორებადაც საქართველოში მცხოვრები დევნილები იქცნენ - "გაჩუმებული უმრავლესობა", როგორც მათ ცნობილმა აფხაზმა პროფესორმა ინალ კაზანმა უწოდა; ადამიანები, რომლებიც საზოგადოებას მხოლოდ მაშინ ახსენდება, როცა ისინი სოციალური მოთხოვნებით ქუჩებს კეტავენ ან თავშესაფრის უქონლობის გამო შენობებს შტურმით იკავებენ. სხვა დროს ლტოლვილებისთვის საინფორმაციო საშუალებების კარები დახშულია.

[ლტოლვილი მასწავლებლის ხმა] "დევნილი მასწავლებლის ტვირთი, ძალიან ძნელია, რომ ზიდო. არადა, მაინც რა მომარბენინებს სკოლაში? მაინც რა მიხარია? ალბათ, ის, რომ ცოცხალი ვარ. ალბათ, ის, რომ ისევ ჩემს ბავშვებთან ვარ. სხვა მეტი არაფერი არ დამრჩა."

პროექტი, სახელწოდებით "ცხოვრებისეული გაკვეთილები", პარალელურად აფხაზეთშიც განხორციელდება. ენგურს იქით ჩაწერილ დღიურებში უკვე "გაჩუმებული უმრავლესობის" მეორე მხარე ისაუბრებს საკუთარ პრობლემებზე. პროექტის შემდგომ ეტაპზე ქართულ რადიოარხებსა და სოხუმის აფხაზურ რადიოს შორის გაიცვლება აუდიოდღიურები, რათა ქართველ და აფხაზ მსმენელებს ერთმანეთის გაგებისა და მოსმენის საშუალება მიეცეთ. მიუხედავად იმისა, რომ თბილისსა და სოხუმს შორის პოლიტიკური დიალოგი ყველა დონეზე შეწყვეტილია, პროექტის ინიციატორები დარწმუნებულები არიან, რომ რადიოდღიურების ჟანრი შერიგების კიდევ ერთი რესურსია და მისი ამოქმედება კონფლიქტის მოგვარების პროცესზე დადებითად აისახება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG