Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროები ვახტანგ რჩეულიშვილზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ინფორმაციას სწავლობენ


შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროები ვახტან რჩეულიშვილზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სწავლობენ. სოციალისტთა ლიდერზე მოსალოდნელი

თავდასხმის შესახებ განცხადება ფრაქცია “სიციალისტის” თავმჯდომარემ ირაკლი მინდელმა 26 დეკემბრის საგანგებო სესიაზე გაავრცელა. 27 დეკემბერს სოციალისტების ხელთ არსებული ინფორმაციის შესწავლისა და სათანადო ზომების მიღების მოთხოვნით სამართალდამცავებს პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა. ესეც საგანგებო სესიაზე მოხდა. პარლამენტის თავმჯდომარემ იქვე იმედი გამოთქვა, რომ ვახტანგ რჩეულიშვილის წინააღმდეგ რაიმე ძალისმიერი ოპერაციის ჩანაფიქრის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდება.

ტერორი, ადამიანზე თავდასხმა, გატაცება საქართველოს რეალობაში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. საქართველოს მოსახლეობას ახსოვს პოლიტიკოსებზე თავდასხმები, ძველი და ახალი გახმაურებული მკვლელობები. აქედან გამომდინარე, მას არ აკვირვებს პოლიტიკოსთა, მით უფრო, გავლენიან პოლიტიკოსთა გამოსვლები, როცა ეს უკანასკნელნი მათზე მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ განცხადებებს აკეთებენ. როგორც ცნობილია, ამ მხრივ ყველაზე მეტად ასლან აბაშიძე აქტიურობს ხოლმე. და მაინც, ფრაქცია “სოციალისტის” თავმჯდომარის ირაკლი მინდელის მიერ საგანგებო სესიაზე გაკეთებულმა განცხადებამ სენსაციურობის ელემენტი შეიძინა. ვახტანგ რჩეულიშვილის ლიკვიდაციის გეგმის არსებობაზე განცხადების გაკეთება, მართლაც, მოულოდნელი იყო, რადგან ისეთ სტაჟიან პოლიტიკოსს, როგორიც რჩეულიშვილია, გაცილებით რთულ პერიოდებშიც კი არ აღუნიშნავს, რომ მას რაიმე საშიშროება ელის. უბრალოდ, ვახტანგ რჩეულიშვილს ჰყავდა და ჰყავს პირადი დაცვა, რომელიც 26 დეკემბრიდან გაძლიერებულია. ამას გარდა, 27 დეკემბერს სოციალისტური პარტიის თავმჯდომარეს უშიშროების მინისტრი ესაუბრა. უშიშროების და შინაგან საქმეთა სამინისტროები უკვე შეუდგნენ სოციალისტებისგან მიიღებული ინფორმაციის შემოწმებას.

საუბარია ერთ-ერთი პარტიის ლიდერის მიერ ვახტანგ რჩეულიშვილის ლიკვიდაციის შესახებ დავალების მიცემაზე. სოციალისტები ირწმუნებიან, რომ მათ ლიდერზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე სანდო წყაროს ეყრდნობა. რჩეულიშვილის ლიკვიდაციით დაინტერესებულ პარტიას და მის ლიდერს ისინი, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ ასახელებენ, თუმცა მიანიშნებენ, რომ სავარაუდო პარტიის მიმართ ეჭვებს ერთი გარემოება უმძაფრებთ, კერძოდ, ის, რომ რამდენიმე წლის წინ დაიკარგა ადამიანი, რომელიც ნაგულისხმები პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენლის კორუფციულობის შესახებ დოკუმენტებს ფლობდა. მე ვესაუბრე ირაკლი მინდელს. ეს ფაქტი მანაც დაადასტურა, თუმცა რამდენიმე წლის წინ დაკარგული ადამიანის შესახებ მეტი არაფერი უთქვამს. უფრო მეტი გამოძიების შედეგად უნდა ითქვას, თუმცა, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, პარლამენტის თავმჯდომარემ გამოთქვა იმედი, რომ ვახტანგ რჩეულიშვილის ლიკვიდაციის გეგმის თაობაზე სოციალისტების და აწ უკვე სამართალდამცავების ხელთ არსებული ინფორმაცია უსაფუძვლო აღმოჩნდება. ასეთი რამ ხომ არა ერთხელ მომხდარა. ამა თუ იმ პოლიტიკოსზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ აგორებულ სკანდალს, როგორც წესი, მშვიდობიანი ფინალი ახლავს ხოლმე.
იმედია, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება, მიუხედავად იმისა, რომ რჩეულიშვილი საქართველოს პარლამენტის წევრია, პარლამენტის, რომლის წევრებიც ამ ბოლო დროს ერთმანეთის ცემა-ტყეპით არიან დაკავებულნი. უნდა შევნიშნოთ, რომ უკანასკნელ წლებში საქართველოს პარლამენტის წევრთან პოლიტიკური ნიშნით ფიზიკურ ანგარიშსწორებას ადგილი არ ჰქონია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ინიციდენტს, რომელიც დეპუტატ მიხეილ სააკაშვილს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ შეემთხვა და ტერაქტად შეფასდა.
XS
SM
MD
LG