Accessibility links

დემოკრატიული კოალიცია და საარჩევნო პროცესი


დავით პაიჭაძე, თბილისი ჩვენი მსმენელისათვის ცნობილია, რომ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების კანონის ფარგლებში და სამართლიანად ჩატარებისათვის საზოგადოებრიობის წარმომადგენლები ზრუნვას ამთავითვე იწყებენ.

გასულ ორშაბათს სახელმწიფო მინისტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთა ტაქტიკური ხასიათის რამდენიმე განზრახვა, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა შესრულდეს.

საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ნაბიჯებს, რომელთა გადადგმას სამოქალაქო სექტორის ნაწილი ეშურება, ჯერ არ მიუპყრია საზოგადოების ყურადღება. აქამდე ჩატარებული არჩევნებისა და მათი შედეგების გამოცდილება მოქალაქეებს უფრო აუცხოებს დემოკრატიის ამ აუცილებელი პროცედურისაგან. არასამთავრობო ორგანიზაციების “კოალიცია დემოკრატიისათვის”, მომავალ არჩევნებამდე დარჩენილ ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში, მიზნად ისახავს, განამტკიცოს მოქალაქეთა ნდობა არჩევნებისადმი. ამ ამოცანის გადაჭრა მოითხოვს პოლიტიკურ კლასთან თანამშრომლობასაც. კონკრეტული მოკავშირეები სამოქალაქო სექტორის წევრებს არ ჰყავთ, თუმცა პარტნიორობას ყველა იმ პარტიასთან აპირებენ, რომელთაც, სავარაუდოდ, შეუძლიათ საარჩევნო ბარიერის გადალახვა. პირველად კოალიციის წევრები შეხვდნენ სახელმწიფო მინისტრს, რომელმაც დაინტერესება გამოხატა არჩევნების სამართლიანად ჩატარებით. ჩემს კითხვას, რატომ დაიწყეს დიალოგი სახელმწიფო მინისტრისგან, იურისტმა თინა ხიდაშელმა უპასუხა [ხიდაშელის ხმა]: “ჩვენ ველაპარაკებით ყველას, ვისაც ჩვენთან თანამშრომლობა სურს. ამ საქმეში ავთანდილ ჯორბენაძე პირადად ჩემთვის არ არის სახელმწიფო მინისტრი: ის არის კონკრეტული პარტიის თავმჯდომარე, რომელმაც უნდა აიღოს მეტი პასუხისმგებლობა, რადგან დღეს ხელისუფლებაშია”.

როგორი იქნება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური სექტორის ურთიერთქმედება, მათი თანამშრომლობის რა კონტურები მოჩანს უკვე? თქვენ შეიძლება გახსოვდეთ კოალიციის სამოქმედო მიმართულებათა ჩამონათვალი და ღონისძიებების ნუსხა, რომელიც საარჩევნო პროცესის ცივილურ და ლეგალურ ფარგლებში მოქცევას ითვალისწინებდა. ამ გზაზე, თინა ხიდაშელის თქმით, პირველი ნაბიჯი იქნება ის, რომ [ხიდაშელის ხმა]: “ჯორბენაძეს გავუგზავნით წერილს, სადაც მოვთხოვთ ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე განსაზღვროს პასუხისმგებელი პირი, ვისაც დავურეკავთ, ვკითხავთ, მოვთხოვთ... ვუგზავნით ასევე პირობათა ჩამონათვალს, რომელთა დაცვა დასჭირდება ჩვენს თანამშრომლობას. მუშა ჯგუფი კი იანვრის შუა რიცხვებში შეიქმნება”.

ასეთ წერილს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ყველა პარტიას გაუგზავნის. კოალიცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ვადას, რომელშიც საარჩევნო პროცესის მოსაწესრიგებლად კონკრეტული ტაქტიკური სვლები უნდა განხორციელდეს. ვადების დაუცველად ეს სვლები აზრსაც დაკარგავს და ეფექტსაც, ხოლო მთავრობის მზადყოფნა, ითანამშრომლოს ამ საკითხში სამოქალაქო სექტორთან, მორიგი ცრუმოძრაობა აღმოჩნდება.
XS
SM
MD
LG