Accessibility links

logo-print

ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობის პრობლემები


როდესაც ქვეყანას ისეთი ხელისუფლება ჰყავს, როგორიც დღევანდელ საქართველოს, წესით და რიგით, ამ ხელისუფლებას მოსვენება არ უნდა ჰქონდეს ოპოზიციისგან. არადა, პოლიტიკური პროცესის

განვითარების დღევანდელ ეტაპზე უფრო ოპოზიციას უჩნდება პრობლემები ხელისუფლებისგან, ვიდრე პირიქით.

გაერთიანებული დემოკრატების ლიდერი ზურაბ ჟვანია რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტს შეხვდა, რათა პირადად განემარტა მისთვის ფინანსური არგუმენტები მინიმალური ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებით. შეხვედრის შემდეგ ჟვანია იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ ხელისუფლება არათუ არ ითვალისწინებს ოპოზიციის მოსაზრებებს, არამედ დიალოგის სურვილსაც კი არ ამჟღავნებს. გამოდის, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის შეხვედრამ პრეზიდენტთან უნაყოფოდ ჩაიარა. ერთი მხრივ, ჟვანია პოლიტიკურად იგნორირებული აღმოჩნდა პრეზიდენტის მიერ, მეორე მხრივ კი, გაერთიანებული დემოკრატების ლიდერს სერიოზული კრიტიკის მოსმენა მოუხდა პარტნიორების მხრიდან. მიხეილ სააკაშვილმა ჟვანიას ვიზიტი შევარდნაძესთან ამგვარად შეაფასა: პრეზიდენტთან მოლაპარაკება საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად აზრსმოკლებულია; მასთან საუბარი შესაძლებელია მხოლოდ ხელისუფლების გადმობარებაზე.

შევარდნაძესთან შეხვედრის შედეგიდან გამომდინარე, ცხადია, ჟვანიამ პოლიტიკური ქულები დაკარგა. და ის, რაც დაკარგა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, შეიმატა ხელისუფლებამ.

თავის მხრივ, სახელისუფლო წნეხს განიცდის მიხეილ სააკაშვილიც, როგორც ოპოზიციური ლიდერი. მართალია, იგი აკრიტიკებს ჟვანიას პრეზიდენტთან დიალოგის მცდელობის გამო, მაგრამ თავადაც რისკის ზღვარზე უხდება ურთიერთობა ხელისუფლებასთან. იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეა და პოლიტიკურად აქტიურია, ხელისუფლება ცდილობს, იგი მეტად და მეტად დაამძიმოს ბერკეტებით და პასუხისმგებლობით. ხელისუფლება ამ მიმართულებით უკვე გამალებით საქმიანობს. ის ფაქტი, რომ “თბილგაზი” სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს მფლობელობიდან ისევ მერიას უბრუნდება, სწორედ სააკაშვილის იმიჯზე “ზრუნვის” შედეგია. საკრებულოს თავმჯდომარე უკვე აცხადებს, რომ “თბილგაზი” მერიას და საკრებულოს მძიმე ტვირთად დააწვება. სამაგიეროდ, მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ ეთერში საზეიმოდ დებს პირობას, რომ თუ მერიას თბილისის საგადასახადო სამსახურსაც დაუქვემდებარებენ, ამ შემთხვევაში დედაქალაქის შემოსავლები უახლოეს ექვს თვეში ორჯერ გაიზრდება და ბევრი პრობლემა გადაიჭრება.

არ არის გამორიცხული, ამ განცხადების შემდეგ სახელმწიფო კანცელარიაში სასწრაფოდ დაიწყოს სააკაშვილის წინადადების განხილვა. ცნობილია, რომ რაც მეტი ბერკეტი მოექცევა თანამდებობის პირის ხელში, მით ადვილია მისთვის პასუხის მოთხოვნა, რადგან არსებული სისტემა სააკაშვილის ან რომელიმე ცალკეული მოხელის მიერ გაკეთილშობილებას არ ექვემდებარება. და თუ კანცელარიაში მართლაც დაიწყება საუბარი თბილისის მერიისთვის ახალი ბერკეტების გადაცემის შესახებ, იქნება ეს საგადასახადო სამსახური თუ სხვა, უნდა ვიცოდეთ, რომ ხელისუფლება ახალ პრობლემებს უქმნის ოპოზიციას.
XS
SM
MD
LG