Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა მრავალმხრივი კომენტარით გამოეხმაურა დასავლეთის პრესა უკანასკნელ კრიზისს ამერიკა-ჩრდილოეთი კორეის ურთიერთობაში,

რაც იმითაა გამოწვეული, რომ ფხენიანმა თავისი ბირთვული პროგრამა განაახლა. როგორც ლონდონის გაზეთ "ტაიმსს" მიაჩნია, ჩრდილოეთი კორეა კიდევ უფრო მეტადაა სახიფათო, ვიდრე ერაყი. გაზეთი წერს:

"ჯერ ერთი, ჩრდილოეთი კორეა ალბად სულ მალე შექმნის ბირთვულ იარაღს, ხოლო რაკეტები, რომლებითაც იაპონიას შეუძლია მიაყენოს დარტყმა, უკვე გააჩნია. გარდა ამისა, ეს არაა სადამ ჰუსეინის რეჟიმი, რომელიც ერაყელი დიქტატორის წასვლისთანავე დაემხობა. ჩრდილოეთი კორეა ყველაზე დახურული და ტოტალიტარული სახელმწიფოა მთელს მსოფლიოში, მაშინ როცა ერაყს, ასეა თუ ისე, კავშირები აქვს არაბულ ქვეყნებთან. და ბოლოს, რეჟიმს ჩრდილოეთ კორეაში შერყეული აქვს ნიადაგი, მისი ეკონომიკა გაჩანაგებულია. ეს კი, სასოწარკვეთილ მდგომარეობაში აყენებს ქვეყნის ლიდერებს, ხოლო სასოწარკვეთილი ადამიანი - საშიშია. ჩრდილოეთ კორეასთან დაპირისპირებაში ხსენებული ფაქტორების გათვალისწინებაა აუცილებელი".

საფრანგეთის გაზეთ "მონდში" გამოქვეყნებულია სამხრეთი კორეის ახალარჩეული პრეზიდენტის, რო მუ ჰენის ინტერვიუ, რომელიც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განზრახული აქვს მომავალშიაც შეინარჩუნოს მისი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კავშირი შეერთებულ შტატებთან, და მაინც, იტოვებს უფლებას, რომ ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობის საკითხში გააჩნდეს თეთრი სახლის ადმინისტრაციისაგან განსხვავებული პოზიცია, უბრალოდ იმიტომ, რომ თავად - კორეელია, ხოლო საკუთარი ქვეყნის ინტერესები მისთვის, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შეერთებული შტატებისა. რო მუ ჰენს მიაჩნია, რომ კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დიალოგის პოლიტიკას, უბრალოდ, არა აქვს ალტერნატივა.

ხოლო გაზეთ "ზიუდოჩე ცაიტუნგის" აზრით, არ უნდა დავივიწყოთ ის ფაქტი, რომ სახიფათო თამაში არა შეერთებულმა შტატებმა, არამედ ჩრდილოეთი კორეის ძნელად ამოსაცნობმა დიქტატორმა კიმ ჩენ ირმა დაიწყო, როცა ოქტომბერში საჯაროდ გამოაცხადა, რომ მისი მეცნიერები ატომური ყუმბარის შექმნაზე მუშაობენ. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში წერს:

"დღეს უკვე ვიცით, რომ ჩრდილოეთ კორეას აქვს ატომური ყუმბარა, ხოლო პლუტონიუმი იმ საწყობებიდან, რომლებიდანაც ფხენიანის ხელისუფლებამ ამჯერად გაეროს პლომბები ჩამოხსნა, არა ელექტროენერგიის მიღებას, არამედ ახალი ყუმბარების წარმოებას მოხმარდება. ამდენად, ერაყის კრიზისის პარალელურად ახალმა სერიოზულმა მუქარამ იჩინა თავი. მაშ რა უნდა მოვუხერხოთ დიქტატორებს? ერთი შესაძლებლობაა - დედამიწაზე მშვიდობის დამყარებაზე ვილაპარაკოთ დღენიადაგ, როგორც ჩემბერლენი აკეთებდა ამას თავის დროზე, იმის იმედით, რომ დიქტატორი გავლენის ქვეშ მოექცევა და კარგი ადამიანი გახდება. მაგრამ როგორც სადამ ჰუსეინის, ასევე კიმ ჩენ ირის შემთხვევაში მიამიტობაა ამგვარი დაიმედება. მეორე შესაძლებლობაა - შეკავება. ისტორიამ დაგვანახა, რომ ყველაზე ეფექტიანი მეთოდი ამ მხრივ, კვერისა და მათრახის პოლიტიკაა. თუმცა მათრახი დღეს ფხენიანს, ბაღდადისაგან განსხვავებით, სულაც არ აშინებს, ვინაიდან კიმს აქვს უკვე ატომური ყუმბარა. მაგრამ მომავალზეც უნდა ვიფიქროთ, იმაზე, ვაი თუ აღსასრულის მოახლოებისას გონებაარეულმა დიქტატორმა სეულის თავზე ატომური ყუმბარის აფეთქება გადაწყვიტოს".

"ბირთვული შანტაჟი" - ასეა დასათაურებული სარედაქციო სტატია ლონდონის ყოველდღიურ "ტაიმსში"; გაზეთი წერს:

"ჩრდილოეთ კორეაში არ ზეიმობენ შობას. თუმცა ქვეყნის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა კვლავ აამოქმედოს თავისი ატომური რეაქტორი, რაც სწორედ შობის კვირაში მოხდა. ამდენად, ჩრდილოეთი კორეის ლიდერებმა, მათთვის ჩვეული, მაგრამ სახიფათო სცენარით, ზეიმი ჩაუმწარეს მთელს მსოფლიოს. რეაქტორი საერთაშორისო კონტროლს დაუქვემდებარეს 1994 მომხდარი ასეთივე კონფრონტაციის შემდეგ. ვაშინგტონმა ამჯერად განაცხადა, რომ მართალია ერაყის პრობლემითაა დაკავებული, თუმცა ჩრდილოეთი კორეისთვისაც გამონახავს დროს. ფხენიანმა რიტორიკის ახალი ესკალაციით უპასუხა და კატასტროფით დაემუქრა ამერიკას, ხოლო თავის ჯარისკაცებს ცოცხალი ყუმბარები უწოდა. ჩრდილოეთი კორეის პრობლემის მოგვარებაში ვაშინგტონის გარდა მოსკოვსა და პეკინსაც მართებთ მონაწილეობის მიღება".

ჩეჩნეთის პრომოსკოვური მთავრობის სახლთან, გროზნოში, პარასკევს მომხდარმა აფეთქებამ, რომლის შედეგადაც 50-ე ადამიანი დაიღუპა, ხოლო 150-ზე მეტი - დაიჭრა, კიდევ ერთხელ შეახსენა მსოფლიოს, რომ კავკასიის ამ პატარა რესპუბლიკაში მიმდინარე ომს ბოლო არ უჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო დროს, მოსკოვში, სულ უფრო ხშირად კეთდება განცხადებები ჩეჩნეთში ვითარების "სტაბილიზაციის" შესახებ. როგორც ბრიტანეთის გაზეთი "ინდეპენდენტი" აღნიშნავს, 2 თვითმკვლელი კამიკაძის მიერ გროზნოში განხორციელებული თავდასხმა კრემლს მისცემს შესაძლებლობას კიდევ ერთხელ დაგმოს საჯაროდ "საერთაშორისო ტერორისტები", რომლებსაც ჩეჩნეთი, ტერორის ბუდედ გადაუქცევიათ. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში განაგრძობს:

"გროზნოს ცენტრში დღისით, მზისით განხორციელებულმა ამ თავდასხმამ გამოააშკარავა სიცრუე კრემლის ხმამაღალი განცხადებებისა ჩეჩნეთში ვითარების "სტაბილიზაციის" შესახებ. თანაც ეს მოხდა სწორედ იმ დროს, ინგუშეთში გახიზნულ ლტოლვილებს იძულებით აბრუნებენ ომისაგან გაჩანაგებულ ჩეჩნეთში, რათა ამ ადამიანებმა მონაწილეობა მიიღონ მარტისათვის დანიშნულ სამარცხვინო რეფერენდუმში ჩეჩნეთის მომავალი სტატუსის თაობაზე. როცა ტერორისტულ თავდასხმას მშვიდობიან მოქალაქეთა სიცოცხლე ეწირება ამას არა აქვს არანაირი გამართლება, თუმცა პარასკევს მომხდარმა აფეთქებამ გროზნოში, ცხადყო, რაოდენ იმედგაცრუებულია ჩეჩენი ხალხი, რომელსაც სჯერა, რომ თვითგამორკვევისათვის იბრძვის და ისღა დარჩენია, ძალადობით ამცნოს ამის შესახებ დანარჩენ მსოფლიოს. ასეთივე მიზეზით მოხდა ოქტომბრის დამლევს მძევლების აყვანა მოსკოვის თეატრალურ ცენტრში, რასაც ორასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. იმისათვის, რათა ჩეჩნეთში შეწყდეს ომი, რომელსაც უწინარესად მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება, ბატონ პუტინს უნდა ეყოს გამბედაობა დიალოგის დასაწყებად ჩეჩენი ხალხის მიერ არჩეულ ლიდერებთან, და არა მოსკოვის მიერ დანიშნულ ადმინისტრაციასთან, რომელიც პარასკევს მომხდარი აფეთქების სამიზნე იყო."

როგორც გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსის" კორესპონდენტი მაიკლ ვაინსი აღნიშნავს, პარასკევს გროზნოში მომხდარი აფეთქება ყველაზე გამანადგურებელი იყო ჩეჩნეთში თითქმის ოთხი წლის მანძილზე მიმდინარე ომში, გარდა ამისა, ამან კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ჩეჩენი მეამბოხეები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე გააგრძელებენ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას. ხოლო გაზეთ "ზიუდოიჩე ცაიტუნგში" გამოქვეყნებულია რეპორტაჟი იმის შესახებ, თუ რა ბედი ეწია იმ ჩეჩენ ექსტრემისტთა ნათესავებს, მძევლები რომ დაატყვევეს ოქტომბრის მიწურულს მოსკოვში. გაზეთი წერს:

"მძევალთა დატყვევებაში მონაწილე ექსტრემისტთა ყველა ნათესავმა, მოსკოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დატოვა ჩეჩნეთი და მეზობელ რესპუბლიკებში იმალება ყალბი დოკუმენტებით, მაგრამ გერმანელმა კორესპონდენტმა მაინც შესძლო ზოგიერთ მათგანთან გასაუბრება. მაგალითად, ერთ-ერთი ტერორისტის ჰამზათის ძმა აჰმედ ბატაევი ამბობს, რომ ოცნებობს გაიმეოროს თავისი ძმის ნამოქმედარი, და თან დასძენს, რომ ტერორისტები უნდა უწოდონ რუს ჯარისკაცებს, რომლებიც ანადგურებენ ჩეჩენ ხალხს. ნათესავები ამართლებენ მძევალთა აყვანის მონაწილეებს და აცხადებენ, რომ ამ ადამიანებს მშვიდობის დამყარება სურდათ თავიანთ სამშობლოში. მოსკოვში თეატრში იერიშის დროს მოკლული რაისა და ფატიმა მუნაევების და იხსენებს, როგორც მოკლეს რუსმა ჯარისკაცებმა მათი მამა, ბიძა და მრავალი ძმისშვილი. რაისა და ფატიმა სრულიად ახალგაზრდა ასაკში დაქვრივდნენ. ერთის ქმარი საველე მეთაური იყო; მეორისა, არ იბრძოდა, მაგრამ წმენდის დროს იქნა მოკლული."

გაზეთი "ლიბერასიონი" ახლახან ჩეჩნეთის მხარდაჭერის მიზნით პარიზის ერთ-ერთ თეატრში ამას წინათ მოწყობილ აქციას აღწერს. აქცია, საფრანგეთის კინოსა და თეატრის მოღვაწეთა ინიციატივით მოეწყო. შეხვედრაზე აჰმედ ზაკაევის დასწრებას მოელოდნენ, მაგრამ ამ უკანასკნელმა ვერ შესძლოა პარიზში ჩასვლა, ვინაიდან აკრძალული აქვს ინგლისის დატოვება, სადაც სასამართლო რუსეთის თხოვნას იხილავს ზაკაევის ექსტრადიციის თაობაზე.

"აქციის მონაწილეებმა ზაკაევისთვის თავისუფლების სიმბოლური პასპორტი გადასცეს მის მეგობარსა და კოლეგას, ქირურგს უმარ ხანბიევს, რომელიც ჩეჩნეთის ლტოლვილობაში მყოფი მთავრობის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრია. ხანბიევმა ილაპარაკა იმ ბარბაროსობის შესახებ, რასაც ფედერალური ჯარი სჩადის ჩეჩნეთში. ხოლო რეჟისორმა რომენ გუპილმა თავის გამოსვლაში მოითხოვა ახსნა-განმარტება, რატომ სდუმან ყოველივე ამის ფონზე ფრანგი პოლიტიკოსები".
XS
SM
MD
LG