Accessibility links

logo-print

2002 წლის მიმოხილვა


2002 წელი, რომლის დასრულებამდე სულ რამდენიმე დღეღა დარჩა, მთელი რიგი საინტერესო, სასიხარულო თუ სამწუხარო მოვლენებით იყო სავსე. მრავალი მათგანი გავაშუქეთ წლის მანძილზე,

მრავალი შეგახსენეთ ამ დღეებში, როცა კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი მიმავალ წელს. დღეს 2002 წლის ზოგიერთ ასპექტზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას.

2002 წლის პირველი დღე – 1-ლი იანვარი – მნიშვნელოვანი თარიღი იყო ევროპის კავშირისთვის. ამ დღეს ევროკავშირის 12 ქვეყანაში მიმოქცევაში შევიდა ახალი საერთო ვალუტა – ევრო, რომელსაც ზარ-ზეიმით შეხვდა მრავალი ადამიანი, მაგალითად, პარიზში სტუმრად მყოფი ეს იტალიელი ტურისტები:

[იტალიელი ტურისტების ხმა] 121624

მაგრამ ყველა ასე არ აღუფრთოვანებია ახალ ვალუტას. როგორც მოგვიანებით აჩვენა ევროპის კომისიის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვებმა, ევროზონაში მცხოვრებთა უმრავლესობის აზრით, ევროზე გადასვლა იყო ინფლაციის ზრდის მთავარი მიზეზი.

იანვრის ბოლოს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თავის გამოსვლაში დამღა დაასვა ირანს, ერაყსა და ჩრდილოეთ კორეას და "ბოროტების ღერძი" უწოდა მათ.

[ბუშის ხმა] 121625

მარტის დასაწყისში კი სამხედრო კოალიციამ შეერთებული შტატების მეთაურობით წამოიწყო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. ოპერაცია "ანაკონდა" მიმართული იყო "ალ-ყაიდისა" და თალიბანის წინააღმდეგ ავღანეთის შაჰ ი კოტის მთიანეთში. ავღანეთში შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელბოამ ამ ოპერაციას დიდად წარმატებული უწოდა.

მარტის მიწურულს დიდი სამხედრო ოპერაცია დაიწყო ახლო აღმოსავლეთშიც. ისრაელის არმიის სამიზნედ პირველად იქცა პალესტინის ავტონომის ლიდერის, იასირ არაფატის შტაბ-ბინა რამალაში. კომპლექსის დიდი ნაწილი დაინგრა.

[სროლის ხმა] 121627

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ეს იერიში წამოიწყო პასუხად პალესტინელი თვითმკვლელების მიერ განხორციელებული ტერაქტების სერიაზე, რომელსაც 30 ისრაელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მაისში რომის სამიტზე ახალი ურთიერთობა დაიწყო ნატოსა და რუსეთს შორის. შეიქმნა ნატო-რუსეთის საბჭო, რომლის მიზანია ერთობლივი ინტერესების განსაზღვრა და რუსეთის უფრო მეტად ჩართვა ნატოში ზოგიერთი გადაწყვეტილების მიღებაში.

მაშინ, როცა ცივი ომის დროინდელი მეტოქეები ერთმანეთისკენ დგამენ ნაბიჯს, კიდევ უფრო მწვავდება ურთიერთობა დაპირისპირისპირებულ მხარეებს შორის სამხრეთ აზიაში. ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაძაბულობას მრავალწლიანი ისტორია აქვს, მაგრამ მიმავალ წელს ქვეყნები ძალიან ახლოს იყვნენ ომთან. დელი ისლამაბადისგან მოითხოვს ტერორისტების საქმიანობის აღკვეთას სადაო ქაშმირის ოლქში. საქმეში ჩაერთო შეერთებული შტატები. ივნისში ორივე ქვეყანაში იმოგზაურა თავდაცვის მინიტრმა დონალდ რამსფელდმა.

რამდენიმე დღის შემდეგ კი პაკისტანის დასავლეთი საზღვრის მიღმა, ავღანეთში, უხუცესთა საბჭომ, ლოია ჯირგამ აირჩია გარდამავალი მთავრობა. ქვეყნის ახალი პრეზიდენტი გახდა ჰამიდ კარზაი, რომელიც თალიბანის რეჟიმის დამხობის შემდეგ ედგა სათავეში ავღანეთის დროებით ხელისუფლებას.

სექტემბერში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ერაყის საკითხი დასვა გაეროს წინაშე. გენერალურ ასამბლეაზე წარმოთქმულ სიტყვაში ბუშმა მოუწოდა გაეროს, აიძულოს ბაღდადი, რომ დამორჩილდეს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს მასობრივი განადგურების იარაღის თაობაზე.

[ბუშის ხმა] 091293
"არ შეიძლება დამკვირვებლის როლში ვიყოთ და არაფერს ვაკეთებდეთ. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი უშიშროება, კაცობრიობის მუდმივი უფლებები და იმედები. ამერიკის შეერთებული შტატები გააკეთებს ამას და ამის გაკეთება თქვენც შეგიძლიათ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დელეგატებო."

ოქტომბერში მსოფლიო შეძრა მოსკოვში თეატრალურ ცენტრში მომხდარმა ტრაგედიამ, როცა შეიარაღებულმა ჩეჩენმა მებრძოლებმა 800-მდე მძევალი აიყვანეს. 118 დაღუპული მძევლიდან 116 რუსეთის სპეცდანიშნულების ძალების მიერ გამოყენებულ გაზს ემსხვერპლა.

წლის ბოლოს ორი მნიშვნელოვანი მოვლენა უნდა აღინიშნოს. ნოემბერში პრაღაში გაიმართა ნატოს სამიტი, რომელზეც შვიდი ახალი სახელმწიფო მიიწვიეს მასში გასაწევრიანებლად. ხოლო დეკემბერში კოპენჰაგენში გამართულ ევროპის კავშირის სამიტზე გადაწყდა, რომ ორგანიზაციაში ათი ახალი წევრი იქნება მიღებული. თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ისინი 2004 წელს გახდებიან კავშირის წევრები.
XS
SM
MD
LG