Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აისახება გროზნოში განხორციელებული ტერაქტი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე


თამარ ჩიქოვანი, თბილისი შაბათს საგანგებო სხდომაზე შეკრებილმა საქართველოს პარლამენტმა სპეციალური განცხადების მიღება გადაწყვიტა წინა დღეს გროზნოში განხორციელებულ ტერაქტთან დაკავშირებით. ბოლო მონაცემებით,

გროზნოს ცენტრში მთავრობის სახლის აფეთქებამ 70 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაახლოებით 200 ადამიანი, სხვადასხვა ხარისხის ჭრილობებით, საავადმყოფოებში არიან მოთავსებულნი. გამორიცხული არ არის, გროზნოში მომხდარი ტერაქტი კვლავ აისახოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე.

რუსეთის ხელისუფლების აღიარებით, 27 დეკემბრის ტერაქტი გროზნოში, მსხვერპლის თვალსაზრისით, ყველაზე მასშტაბურია. 2 წლის წინ აშენებული და საგანგებოდ დაცული მთავრობის სახლიდან, ფაქტობრივად, მხოლოდ კედლებია დარჩენილი. არაოფიციალური ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებში 70 გვამი აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება, რადგან აფეთქებამდე მთავრობის სახლში 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
ჯერჯერობით პასუხისმგებლობა ტერაქტზე არავის აუღია. ჩეჩნეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ახმედ კადიროვს ტერაქტის ორგანიზატორად ასლან მასხადოვი მიაჩნია. რუსეთის ფედერალური დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელი ილია შაბალკოვი განსხვავებულ მოსაზრებას უჭერს მხარს. მისი თქმით, ტერაქტის უკან შამილ ბასაევი და არაბი საველე მეთაური აბუ ალ-ვალიდი დგანან. ამასობაში, რუსეთის მედიის ცნობით, ჩეჩნეთის პროკურორ კრავჩენკოს უცნაურად ეჩვენება ის ფაქტი, რომ ტერაქტისას გროზნოში არ იმყოფებოდა ჩეჩნეთის ხელისუფლების არც ერთი მაღალი თანამდებობის პირი. უცნაურად გამოიყურება ისიც, რომ აფეთქებისას პრაქტიკულად განადგურდა მთავრობის სახლის ის ნაწილი, რომელშიც საფინანსო განყოფილებები იყო განლაგებული. შესაბამისად, შეუძლებელი გახდება ჩეჩნეთის აღდგენისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების გადამოწმება. არადა, ამ თვალსაზრისით, დიდი პრობლემები არსებობდა: სხვადასხვა მონაცემით, ”დაკარგულია” რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ოდენობის თანხა. გარდა ამისა, რუსეთის ხელისუფლების პრესტიჟი ნამდვილად არ ამაღლდება გროზნოში მთავრობის სახლის აფეთქებით - ეს სახლი გროზნოში ყველაზე უკეთ იყო დაცული. შესაბამისად, გაუგებარია, როგორ მოახერხეს კამიკაძე-მძღოლებმა დაცვის სამმაგი რკალის თავისუფლად გავლა და შენობის აფეთქება. რუსეთის ხელისუფლების დაბნეულობაზე ისიც მიუთითებს, რომ 28 დეკემბერს მოსკოვში გაძლიერდა სახელმწიფო დაწესებულებებისა და თავშეყრის ადგილების დაცვა.
ამასობაში, რუსეთის ხელისუფლება ახალ განცხადებას აკეთებს საფრანგეთში დაკავებულ იმ პირებთან დაკავშირებით, რომლებიც ტერაქტების მოწყობის მცდელობაში არიან ეჭვმიტანილები - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ალექსანდრ იაკოვენკოს განცხადებით, დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ ჩეჩნეთსა და საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ამბოხებულებთან. იაკოვენკოს განმარტებით, საუბარი ეხება კარგად ორგანიზებულ ჯგუფს, რომლის წევრთა ნაწილმა მომზადება ავღანეთში, ნაწილმა კი პანკისის ხეობაში გაიარა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, საფრანგეთში დაკავებული ჯგუფი ტერაქტების სერიას ამზადებდა ევროპული სახელმწიფოების ტერიტორიებზე.
საქართველოს უშიშროების სამინისტრო კი მადლობას უხდის რუს კოლეგებს თანამშრომლობისთვის - 28 დეკემბერს რუსეთის მხარემ თბილისს გადასცა ჩეჩნეთში დაკავებული სოსო თორია და ვეფხია დურგლიშვილი, რომელბიც 1998 წელს პრეზიდენტ შევარდნაძეზე მოწყობილი ტერაქტის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილები. გამორიცხული არ არის, ამ ჟესტის საპასუხოდ, რუსეთის მხარემ საქართველოში დაკავებული ჩეჩენი მებრძოლების გადაცემის დაჩქარება მოითხოვოს.
XS
SM
MD
LG