Accessibility links

logo-print

ელდარ კურტანიძე – სპორტულ ჟურნალისტთა რჩეული


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი ტრადიცია გრძელდება: საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა

ასოციაცია სპორტული წლის ლაურეატებს ასახელებს. შაბათს, 28 დეკემბერს, ქართული სპორტის ელიტა სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” შეიკრიბა. სწორედ აქ გაიმართა საქართველოს 2002 წლის საუკეთესო სპორტსმენის, გუნდებისა და მწვრთნელების დაჯილდოების ცერემონიალი. ჩვენი დღევანდელი სპორტული პროგრამაც ამ ამბავს ეძღვნება.

ახლა ისეთი დროა, ვისაც არ ეზარება, რეფერენდუმს აწყობს და თავის რჩეულს ასახელებს. სპორტშიც მომრავლდა ასეთი სახელდახელო რეფერენდუმები და ნაირგვარი წვეულებები, მით უმეტეს, სპორტული სეზონის მიწურულს, როცა წლის უმთავრესი შეჯიბრებები უკვე ჩავლილია და მონაგარის შეჯამების ჟამი დგება. ნებისმიერ თავმოყვარე ფედერაციასა თუ სპორტულ კლუბს თავი მოვალედ მიაჩნია, გამოავლინოს წლის საუკეთესო მოჭიდავე, მძლეოსანი, ნიჩბოსანი და ასე შემდეგ. ეს საქმე თავის დროზე სპორტულმა ჟურნალისტებმა წამოიწყეს და მიმბაძველებიც ბლომად გამოუჩნდნენ. ჟურნალისტთა რეფერენდუმი მაინც ყველაზე სანდოდ და ობიექტურად ითვლება, შესაბამისად – ლაურეატობაც პრესტიჟულია. საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის რეფერენდუმს თითქმის ორმოცწლიანი ისტორია აქვს. საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენის გამოსავლენი პირველი საახალწლო გამოკითხვა 1964 წელს მოეწყო და, გარდა 1989 და 1991 წლებისა, რეგულარულად იმართებოდა. ჟურნალისტთა პირველ რჩეულად სლავა მეტრეველი გამოცხადდა. სხვადასხვა წლებში საუკეთესონი იყვნენ ომარ ფხაკაძე, ზურაბ საკანდელიძე, ვიქტორ სანეევი, ნონა გაფრინდაშვილი, ლევან თედიაშვილი და სხვა სახელოვანი სპორტსმენები. ბოლო ორ გამოკითხვაში საჩხერელმა ძალოსანმა გიორგი ასანიძემ გაიმარჯვა. შარშანდელი შედეგების შეჯამებისას გაზეთი “სარბიელი” წერდა: “გავა წლები და საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენებს კიდევ უფრო დიდი ზარ-ზეიმით დააჯილდოებენ. ალბათ, იმ ცერემონიალზე მოხვედრა მხოლოდ ძვირფას სმოკინგიანებს შეეძლებათ. მოვლენის პირდაპირ რეპორტაჟს ექსკლუზიური უფლების მქონე ერთი ტელეკომპანია მოაწყობს, გულდაწყვეტილი დანარჩენები კი რამდენიმეწუთიანი მიმოხილვით შემოიფარგლებიან”. ეს დრო, ალბათ, ჯერ კიდევ შორს არის, თუმცა გასული შაბათის მეტეხურმა თავყრილობამ ყურადღებაც მიიპყრო და საინტერესოდაც ჩაიარა. საქართველოს 2002 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული ელდარ კურტანიძეს ერგო. გამოკითხვაში მონაწილე სამოცი ჟურნალისტიდან ორმოცდაორმა პირველი ადგილი სწორედ კურტანიძეს მიაკუთვნა. ამ ფალავანმა წლეულს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ევროპის ჩემპიონატზე კი მეორე იყო. ამჯერად მას ერგო მთავარი პრიზი: ცნობილი მოქანდაკის გია ჯაფარიძის კომპოზიცია ”მედროშე”. გამოკითხვაში მეორე შედეგი აჩვენა ევროპის წლევანდელმა ჩემპიონმა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა გიორგი ასანიძემ. უძლიერესთა სამეულში აღმოჩნდა ახალგაზრდა ნიჭიერი მოჭიდავე ბადრი ხასაია, რომელიც ევროპაში პირველი იყო, მსოფლიო ჩემპიონატზე – მეორე. წლის ლაურეატთა ათეულში მომდევნო ადგილები დაიკავეს: ნინო სალუქვაძემ (ტყვიის სროლა), ლევან ცაბაძემ (რაგბი), კახა კალაძემ (ფეხბურთი), მანუჩარ კვირკველიამ (ბერძნული რომაული ჭიდაობა), აკაკი ხანიშვილმა ( სამბო), ზურაბ ზვიადაურმა (ძიუდო) და დავით ქევხიშვილმა (ძიუდო).
გარდა ათი საუკეთესო სპორტსმენისა, ჟურნალისტებმა პატივი მიაგეს საუკეთესო გუნდებსა და მწვრთნელებს. არჩევანი აქაც დიდი იყო. მოხდა უპრეცედენტო შემთხვევა: საუკეთესოდ ერთბაშად ორი ნაკრები გამოაცხადეს – მორაგბეებისა და ძიუდოისტების. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, მოგეხსენებათ, დიდ წარმატებას მიაღწია: მაისში ევროპის გუნდური ჩემპიონატი მოიგო, შემოდგომაზე კი – მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ვერცხლი. სპორტის მოყვარულებს განსაკუთრებული სიხარული მოუტანეს ჩვენმა მორაგბეებმა – რუსთა ძლევამ და მსოფლიოს თასის ფინალის საგზურმა ქუჩაში გამოიყვანა ათეულ ათასობით გულშემატკივარი. საფრანგეთის კლუბებში მოთამაშე ბორჯღალოსანთა ერთი ნაწილი საპატიო მიზეზით ვერ დაესწრო შაბათის ზეიმს. დაჯილდოების ცერემონიალზე ვერც კლოდ სორელი მოვიდა, რომელიც, როგორც შარშან, ამჯერადაც საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს. მაგრამ ზეიმზე იყო წლის მთავარი გმირი ელდარ კურტანიძე:
(ელდარ კურტანიძის ხმა): “შარშან, როდესაც ჟურნალისტთა ასოციაციამ ¹1 სპორტსმენად გიორგი ასანიძე დაასახელა, გიორგის და მუხრან ვახტანგაძეს მადლობა გადავუხადე. მათ საქართველოს მოუტანეს მსოფლიო ჩემპიონობა და მეც ჩამისახეს იმედი, რომ ჩვენ, ქართველებს, ამ მძიმე დროშიც შეგვიძლია გავხდეთ ჩემპიონები”.
კურტანიძეს ტიტულები არც აქამდე აკლდა: ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი, სამჯერ – პრიზიორი. მსოფლიო ჩემპიონატებსა და ოლიმპიურ თამაშებზე ორ-ორი მედალი მოიპოვა, მაგრამ ოქრომდე ნაბიჯი აკლდებოდა. ეს ნაბიჯი ელდარმა ირანში გადადგა, ფალავნებით განთქმულ ქვეყანაში. თანაც ფინალში მასპინძელთა კერპს ალირეზა ჰეიდარის აჯობა.
(ელდარ კურტანიძის ხმა): “ფინალურ შეხვედრაზე ენით აუწერელი ამბავი იყო. ალირეზა ჰეიდარი მაგათთვის არის კუმირი. მას ეთაყვანებიან, მასზე ლექსებს წერენ. როცა გავედი საჭიდაოდ, ვთქვი, რომ ირანელებს იმის საშუალებას არ მივცემ, რომ ქართველზე გამარჯვება იზეიმონ-მეთქი. ბედნიერი ვარ, რომ ირანში, ყველაზე ძნელ მსოფლიო ჩემპიონატზე გავიმარჯვე”.
აქამდე ბოლო ჩემპიონი დავით გობეჯიშვილი იყო. მან 1991 წელს ტოკიოში გაიმარჯვა. ისე მოხდა, რომ თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს 21-ე ჩემპიონს საქართველო 21-ე საუკუნემდე ელოდა. ელდარ კურტანიძე ახალი საუკუნის პირველი ჩემპიონი და ახლა უკვე საქართველოს საუკეთესო სპორტსმენია.
XS
SM
MD
LG