Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რადიო თავისუფლების" ახალგაზრდულ პროგრამას დღეს


ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე, თბილისი "რადიო თავისუფლების" ახალგაზრდულ პროგრამას დღეს,

მთლიანად, საქართველოში მოქმედი სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების პრობლემებს ვუთმობთ. ვისაუბრებთ სახელოვნებო ინსტიტუტების სტუდენტური საბჭოების წარმომადგენლებთან საქართველის კულტურის მინისტრის შეხვედრაზე, რომელიც პარასკევს კულტურის სამინისტროში შედგა. გაგაცნობთ შთაბეჭდილებას, რომელიც ამ შეხვედრამ ბათუმიდან და ქუთაისიდან ჩამოსულ სტუდენტებზე დატოვა და შემოგთავაზებთ ინტერვიუს მათთან: ქუთაისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტ გაგა შოთაძესა და ბათუმის მემედ აბაშიძის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის სტუდენტებთან - თიკო დოლიძესა და ნერონ აბულაძესთან. ბათუმელ და ქუთაისელ სტუდენტებთან ინტერვიუს დავით პაიჭაძე გაუძღვება.

ახალი წლის წინ საქართველოს კულტურის მინისტრმა საქართველოს სახელოვნებო ინსტიტუტების რექტორებსა და სტუდენტებთან შეხვედრა და მათ პრობლემებზე მსჯელობა გადაწყვიტა. ჩვენი დღევანდელი სტუმრებიც - ქუთაისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიისა და ბათუმის მემედ აბაშიძის სახელობის ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტები - ყინვიან დღეებში თბილისში სესილი გოგიბერიძესა და თბილისის სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან შეხვედრის მიზნით ჩამოვიდნენ. მსგავს შეკრებაში მონაწილეობის მიღება მათ პირველად მოუხდათ. შეხვედრით კმაყოფილები დარჩნენ, რადგან მიიღეს დაპირება, რომ ამიერიდან სტუდენტთა რესპუბლიკურ ფესტივალებში მონაწილეობის მიღებას მათაც შესთავაზებენ, თუმცა ცოტა გულიც დასწყდათ იმის გამო, რომ კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, ძირითადად, თბილისში მოქმედი ინსტიტუტების პრობლემების ირგვლივ მსჯელობდნენ. იქ იყო საუბარი სახელმწიფო კონსერვატორიის პრობლემეზე, მათ შორის, იმაზე, რომ მომავალი ფოლკლორისტები ექსპედიციებში მონაწილეობის გარეშე იზრდებიან. აღინიშნა კულტურის უნივერსიტეტის პრობლემა, გათბობის პრობლემა.
იყო საუბარი თეატრისა და კინოს ინსტიტუტის მატერიალურ-ტექნიკურ პრობლემებზე და ასე შემდეგ.

[სტუდენტების ხმები]"კაციშვილს არ უხსენებია ბათუმი. რაღაც ტენდენციასავით აღვიქვით. ჯერ ერთი, ყველამ იცოდა, რომ მისულები ვიყავით. ჩვენ დღეს ყველას გვჭირდება თანადგომა და გაერთიანება."

"ერთადერთი პრობლემა გვაქვს - მივიღოთ მონაწილეობა სტუდენტთა რესპუბლიკურ ფესტივალებში, გამოფენებში, ამის შესახებ ინფორმაციამ მოაღწიოს ჩვენამდე. მეტი არაფერი არ გვინდა, იმიტომ, რომ ფინანსური პრობლემა არ გვაქვს."

ბათუმის მემედ აბაშიძის სახელობის ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტებმა მიიღეს დაპირება, რომ ინფორმაცია მათთანაც ჩავა, რომ ფართომასშტაბიან სტუდენტურ ღონისძიებებში მათ მონაწილეობას წინ არავითარი პრობლემა არ გადაეღობება. ბათუმიდან ჩამოსულ სტუდენტებს სხვა არც არაფერი მოუთხოვიათ. კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მათი ჩრდილში ყოფნაც, შესაძლოა, მათივე პასიურობით იყო გამოწვეული. ასეა თუ ისე, სტუდენტებმა გვითხრეს, რომ, კარჩაკეტილობის დაძლევისა და თბილისთან და თბილისელ სტუდენტებთან ურთიერთობის გაღრმავების პრობლემის გარდა, სხვა სერიოზული პრობლემები არ აწუხებთ და თბილისშიც სწორედ ამის სათქმელად ჩამოვიდნენ. აი, როგორ აღწერენ ისინი ვითარებას, რომელიც მათ ინსტიტუტში სუფევს:

[სყტუდენტების ხმები] " შუქი 24 საათი გვაქვს. არის სასწავლო თეატრი. მეტყველების სახელოსნო ცალკეა. კინოფაკულტეტზე 2 ვიდეო კამერაა. სამონტაჟოს გვპირდებიან, თუმცა, როცა გადავიღებთ ფილმს, გვეხმარებიან. ამ მხრივ პრობლემა არაა. მთავარია ის, რომ ჩვენს ინსტიტუტს ტრადიცია არა აქვს და ახლა ეყრება ყევლაფერს საფუძველი. თავიდან საყინულე იყო ინსტიტუტი, დღეს, ამ მხრივ, მოწესრიგებულია, შედარებით."

ბათუმის მემედ აბაშიძის სახელობის ხელოვნების ინსტიტუტი 6 წელია არსებობს. ამ ინსტიტუტის კურსდამთავრებულების პირველი თაობა, ჩვენი რესპონდენტების თქმით, ბედს არ უჩივის, რადგან დასაქმებულია. მომავალი და დასაქმების პრობლემა არც ინსტიტუტის დღევანდელ სტუდენტებს - მომავალ კონორეჟისორებს, თეატრმცოდნეებს და სხვებს აშინებთ. ისეთი პედაგოგები ჰყავთ, - მაგალითად: გიზო ჟორდანია, ლელა ოჩიაური, ვასილ კიკნაძე, მიხეილ კალანდარიშვილი და სხვები, - რომ მათთან ურთიერთობით ბედნიერები არიან. ფიქრობენ, რომ მათი დახმარებით ხარისხიან ცოდნას იღებენ და, მეორეც, - მომავალი თეატრმცოდნის ლაშა ჩხარტიშვილის ჩამონათვალი ცხადყოფს, რამდენად სთავაზობს ბათუმი ასპარეზს ხელოვნების ინსტიტუტის კურსდამთავრებულებს:

[ლაშა ჩხარტიშვილის ხმა] "ბათუმის დრამატული თეატრია, ბავშვთა ოპერის და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, თოჯინების სახელმწიფო თეატრი, მოზარდმაყურებელთა თეატრი, დამოუკიდებელი თეატრია - "ჩვენი თეატრი". სახელმწიფო კაპელა. ვოკალური ანსამბლი - "ბათუმი". თითების თეატრი წავიდა ბათუმიდან, თბილისში დაიდო ბინა. არის ოპერის და ბალეტის დიდების თეატრი, სიმფონიური ორკესტრი. არის ბავშვთა დრამატული თეატრი "რომეო და ჯულიეტა" და არის ბავშვთა საბალეტო სასწავლებელი და მათ აქვთ საკუთარი სასწავლო თეატრი ."

"ვნახოთ, მომავალი არ გვაშინებს. ზოგიერთი ჩვენგანი ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ალბათ, თბილისს მოვაშურებთ, თუ სამეცნიერო ხარისხის მიღებისთვის მუშაობას გადავწყვეტთო," - მითხრეს ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის მესამე კურსელებმა.
ისინი სერიოზულად არ უყურებენ დაპირისპირებას, რომელიც თბილისელ და ბათუმელ პოლიტიკოსებს შორის არსებობს და ამასთან დაკავშირებით მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ასეთი დაპირისპირება არ უნდა არსებობდეს.
კულტურის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ რადიო "თავისუფლების" თბილისის ბიუროში მათთან ერთად ქუთაისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საორკესტრო განყოფილების მესამე კურსის სტუდენტი გაგა შოთაძეც გვესტუმრა. მასთან და ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტებთან - თიკო დოლიძესა და ნერონ აბულაძესთან ინტერვიუს დავით პაიჭაძე შემოგთავაზებთ.
XS
SM
MD
LG