Accessibility links

logo-print

სამეურნეო ხასიათის დანაშაულებანი და მათ წინააღმდეგ ბრძოლა სამხედრო ძალებში


საქართველოს სამხედრო ძალების ხელმძღვანელობა არმიის წინაშე

მდგარ გადაუჭრელ პრობლემებს, ძირითადად, ფინანსების სიმცირით ხსნის. შესაბამისად, თავდაცვის ბიუჯეტის მომატების მოთხოვნით დაწყებულ კამპანიაში, რაც წითელ ზოლად გასდევდა მთელ 2002 წელს, სამხედროები, რა თქმა უნდა, მარტო არ იყვნენ. მაგრამ, ამასთან, საზოგადოებას უჩნდება სამართლიანი მოთხოვნა, იცოდეს, თუ როგორ ხარჯავს მოსახლეობის ფულს სამხედრო სტრუქტურა, დარწმუნდეს, რომ გაზრდილი ბიუჯეტი ნამდვილად ქვეყნის თავდაცვას მოხმარდება და არ დაილექება ლამპასებიან კორუმპირებულთა ჯიბეებში. თუმცა არმიაში წელს მომხდარი რამდენიმე მსხვილი სამეურნეო და საფინანსო დანაშაულის ფაქტი საკმაოდ დიდ ადგილს ტოვებს სკეპტიციზმისთვის.

ახალი წელი, ისევე როგორც ყველა დღესასწაული, ყაზარმაში მყოფი ჯარისკაცებისთვის ორი რამით არის გამორჩეული: დღისით ქალაქში თავისუფალი გასვლის უფლებით და მრავალფეროვანი სუფრით, რომელსაც ლოგისტიკის ენაზე, სადღესასწაულო მენიუს უწოდებენ.

"მენიუ" - ეს, მართლაც, საინტერესო ფენომენია არმიულ ყოველდღიურ ცხოვრებაში და ახალი წლის წინ, როცა ყველა შედეგების შეჯამებით არის დაკავებული, ღირს მასზე დაწვრილებით შეჩერება. მით უფრო, რომ არმიის გაჭირვებაზე ხშირი ლაპარაკის გამო იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჯარი მშიერია.

ბიუჯეტის კანონის თანახმად, ხელისუფლება თავდაცვის სამინისტროს კვების ხარჯებისთვის ყოველწლიურად 12 მილიონ ლარს გამოყოფს, ხოლო არმიის ხელმძღვანელობის მიერ წლის განმავლობაში ნაყიდი მთელი სურსათ-სანოვაგე, რომელიც ცენტრალიზებული წესით ნაწილდება, საბოლოო ჯამში, სამხედროების სუფრაზე სხვადასხვა ჯარისკაცული ულუფის სახით იყრის თავს.

2002 წელს, მწირი ბიუჯეტის პირობებში, თავდაცვის სამინისტროს ლოგისტიკის სამმართველომ მაინც შეძლო სამხედრო ნაწილების ყველა აუცილებელი პროდუქტით მომარაგება. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს შესყიდვის სტატისტიკით, რომელიც სამხედრო უწყებამ წლის ბოლოს წარმოადგინა.
მაგრამ ეს კიდევ არ ნიშნავს, რომ ყველა პროდუქტი უსათუოდ ჯარისკაცის "მენიუში" მოხვდა. ცენტრს დაშორებული სამხედრო ნაწილის მეთაურებს ხშირად თავისი ბუხჰალტერია აქვთ. მათ შეუძლიათ პროდუქტი საწყობებიდან საბითუმო ბაზრობაზე გაასაღონ, ხოლო გაყიდული პროდუქტი, ყოველდღიური მენიუს სახით, უმტკივნეულოდ ჩამოწერონ.

თანაც, როგორც საქართველოს მთავარმა სამხედრო პროკურორმა გენერალმა გია ჯიქიამ ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, ყალბი მენიუ ისეთი ძლიერი ალიბია, რომ თავად სამხედრო პროკურატურასაც კი უჭირს იმის დადგენა, ერთი თვის წინ ჯარისკაცებმა ხორციანი კერძი ჭამეს თუ ქერის ფაფა.

[გია ჯიქიას ხმა] "ჩვენ არავითარი სამართლებრივი ბერკეტები არა გვაქვს იმისათვის, რომ ვაწარმოოთ შემოწმება, ფინანსთა სამინისტროდან წამოსული თანხები როგორ იხარჯება, რამდენად კანონიერად იხარჯება. ასე რომ, თუ რაიმე კონკრეტული დანაშაულებრივი ფაქტი არ არის გამოვლენილი, რომ ასეთი ულუფების შეცვლა ხდებოდა და ხდებოდა დოკუმენტაციის გაყალბება, რეაგირების არავითარი საშუალება სამხედრო პროკურატურას არ გააჩნია."

მას შემდეგ, რაც პროკურატურის ორგანოებს საერთო ზედამხედველობის ფუნქცია ჩამოერთვათ, საფინანსო-სამეურნეო დანაშაულის აღმოჩენის ფუნქცია სამხედრო უწყებებში შექმნილ ინსპექციებს დაევალათ. წელიწადში ერთხელ თავდაცვის სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო ცხოვრებას კონტროლის პალატა შეისწავლის. სამხედრო პროკურატურის ორგანოები საგამოძიებო ქმედებებს მხოლოდ მის მიერ წარმოდგენილი რევიზიის მასალებზე ახდენს. ამ გაუთავებელ შემოწმებებს კი ზოგჯერ იმდენი დრო მიაქვთ, რომ დამნაშავე თავისუფლად ახერხებს მიმალვას. ასე მოხდა დასავლეთ ოპერატიულ მიმართულების შემთხვევაში, საიდანაც წელს დიდძალი სამხედრო ქონება იქნა დატაცებული.

[გია ჯიქიას ხმა] "ქუთაისის სურსათ-სანოვაგის ბაზაში იყო ასეთი მაიორი ხვადაგიანი, თუ არ ვცდები, და მან რამდენიმე ასეული ათასის ღირებულების მატერიალური ფასეულობა დაიტაცა და ეს მოხდა საბუხჰალტრო დოკუმენტაციის გაყალბების გზით. ეს ფაქტი გამოავლინა კონტროლის პალატამ. დაახლოებით შვიდ, რვა თვემდე გავიდა, სანამ ამ საბუხჰალტრო დოკუმენტაციას მოუყარეს თავი, ეს ფაქტი დააფიქსირეს. შემდეგ ეს გადმოვიდა პროკურატურაში, ეს კი პირველადი რევიზიის მასალებია და, გასაგებია, რომ მას ვერ დაეყრდნობოდა პროკურატურა. ანუ აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო საბუხჰალტრო ექსპერტიზა, გრაფიკული ექსპერტიზა, ამანაც რამდენიმე თვე წაიღო. ასეთი არაოპერატიული რეაგირების შედეგად, მივიღეთ ის, რომ ხვადაგიანმა მოახერხა მიმალვა და დღეისათვის არის ძებნაში."

აღსანიშნავია, რომ ასეთი არაოპერატიულობის გამო დღემდე მიმალულია აგრეთვე მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილი ორი პირი, რომლებიც 9 ივნისს დიდი რაოდენობის ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო დანიშნულების ტექნიკის დატაცებაში თანამონაწილეობისთვის იმხილებიან.

ამგვარი მოჯადობული წრიდან გამოსავალი კი, თითქოს, არ ჩანს: სამხედრო პროკურატურას შეზღუდული უფლებების, ხოლო თავად სამხედრო უწყებას საკუთარი მაკონტროლებელი უწყებების არაოპერატიულობის გამო ხელი არ მიუწვდებათ სამხედრო დანაშაულის გამოვლენისა და აღკვეთისთვის. არადა, რაც უფრო მოიმატებს სამხედრო ბიუჯეტი, მით მეტი სივრცე გაჩნდება კორუფციისთვის და, შესაბამისად, მით უფრო შემსუბუქდება ქართველი ჯარისკაცების ისედაც მწირი მენიუ.
XS
SM
MD
LG