Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოქალაქე სახელმწიფოს პირისპირ


საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მეთერთმეტე წელიწადი მთავრდება. ქვეყნის პრეზიდენტს არაერთხელ შეუფასებია ეს პერიოდი, როგორც ახალი, დემოკრატიული და თავისუფალი

სახელმწიფოს მშენებლობის წლები. მოქალაქეების ერთი ნაწილი კი ვერ გრძნობს, რომ თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრობს, ან ასეთ სახელმწიფოს აშენებს. საკითხავია, ეს “ერთი ნაწილი” ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობაა თუ უმცირესობა?

გესაუბრებით ერთი რიგითი მოქალაქის პრობლემებზე დემოკრატიისა და თავისუფლების გზაზე დამდგარ სახელმწიფოში.

ჩემი სახლის პირდაპირ, ქუჩაში, ახალგაზრდა გოგონა სიგარეტს ყიდის. მას ჩვენს უბანში ყველა იცნობს, რადგან უჩვეულოდ ყურადღებიანი და თავაზიანია.

ერთ დღეს იგი სახლში გვეწვია, ჩემთვის გადმოსაცემად რვეული დატოვა და წავიდა, წუთითაც არ გაჩერებულა. ის, რაც რვეულში ეწერა, გამოსაქვეყნებლად იყო განკუთვნილი და მეც თითქმის უცვლელად გთავაზობთ ტექსტს, რომელიც რიგითი მოქალაქის შესახებ გვიამბობს.

“დავიბადე 1971 წელს იმ ულამაზეს კუთხეში, რომელსაც ნოდარ დუმბაძემ ეს სიტყვები მიუძღვნა: “სიცოცხლის სამოსახლოა ჩემი პატარა გურია”. ბედმა მაშინ დაიწყო ჩემი დაცინვა, როდესაც ერთი თვისა მომაშორა დედის მკერდს და მის სითბოს. მოგვიანებით სრულიად სხვა ქალმა იკისრა ჩემი დედობა.

ყოველგვარ ალერსს მოკლებულმა, მივაშურე სკოლის მერხს და მალე ნიჭიერი ბავშვის სახელი დავირქვი. დავიწყე ჭადრაკის თამაში და პირველი თანრიგის აღებაც შევძელი. ეს ყველაფერი მანამ გაგრძელდა, სანამ ავადმყოფობამ მამაც არ მიმიჯაჭვა სარეცელს. ოჯახის სიმძიმე ჩემზე გადმოვიდა, მე კი მხოლოდ 9 წლის ვიყავი. როგორც კარგი ვაჟკაცი, ისე ვებრძოდი სიმარტოვეს და გასაჭირს. ჩაის ვკრეფდი, სიმინდს ვამუშავებდი, პირუტყვს ვუვლიდი, რასაც დაემატა 5 წლის განმავლობაში მამის სარეცელთან გატარებული უძილო ღამეები. როცა მამაც გარდაიცვალა, მამაკაცის საკეთებელი საქმეც მე ვიტვირთე. ვჩეხდი შეშას, ვთლიდი სარებს ღობისთვის, ყურძენს ვკრეფდი და შინ გოდრით ვეზიდებოდი ყანაში მოწეულ მთელი წლის სარჩოს. სწავლა მსურდა, მაგრამ ვეღარაფერს ვასწრებდი. მძიმე შრომის მიუხედავად, მოვახერხე, რომ არ ვყოფილიყავი უსწავლელი, მეკითხა წიგნები და ცოტა რამ მაინც მცოდნოდა იმის შესახებ, რაც მთელ სამყაროში მომხდარა.

გავიზარდე სრულიად მარტო, სიცარიელეში, თბილ სიტყვას მოკლებული. ამან ჩემში დაბადა მეგობრების თუ მოყვასის უზომო სიყვარული. მთლიანად სავსე ვარ ამ გრძნობით, რომელიც ვერავის გავუნაწილე და ვერც ვერავის დავანახვე.

აუტანელმა პირობებმა მაიძულა, ოთხი წლის წინ მიმეტოვებინა საკუთარი კერა და ამ უცხო ქალაქში დამეწყო საკუთარი თავის ძებნა. დილის ცხრის ნახევრიდან ვმუშაობ ქუჩაში – სიგარეტს ვყიდი. ვმუშაობ წვიმაშიც, თოვლშიც, ქარშიც და სიცხეშიც. ამასთან ერთად, ვასრულებ კიდევ ერთ უმძიმეს სამუშაოს, მაგრამ საშველი არ არის. მთელი დღის განმავლობაში მრჩება ან ლარნახევარი, ან ორი ლარი. ვცხოვრობ ნაქირავებ ბინაში. არ მინდა, სული ეშმაკს მივყიდო. ძალიან მიყვარს უფალი და ვიცი, თვითმკვლელობაზე ფიქრიც ცოდვაა, მაგრამ ზოგჯერ მგონია, რომ ჩემს დაღლილ სულს მეტის ატანა არ შეუძლია.

მინდა, ყველას შეგეხმიანოთ: გამომეხმაურეთ, თუ გაქვთ რაიმე სამუშაო და თუ გჭირდებათ ადამიანი, რომელმაც არ იცის, რა არის სიტყვა “ღალატი”. იქნებ, სასიკვდილო მარწუხებიდან იხსნათ სიცოცხლე ადამიანისა, რომელსაც არანაირი სიყვარული არ განუცდია – არც დედის, არც მამის, არც დედმამიშვილის და არც მეგობრის. მასში კი დევს სურვილი, ცოტათი მაინც სჭირდებოდეს და უყვარდეს ვინმეს”.

ამ სიტყვებით სრულდება წერილი, რომელსაც უამრავი ხელის მომწერი შეიძლება ჰყავდეს ჩვენს საზოგადოებაში – ადამიანები, რომლებიც დღე და ღამე, ზამთარ-ზაფხულ ქუჩაში დგანან იმისათვის, რომ ოჯახი გამოკვებონ. ქუჩამდე ისინი სხვადასხვა პრობლემამ მიიყვანა, მიზანი კი ერთი აქვთ: ლუკმაპურის შოვნა. ახალი წლის წინა დღეებში, როდესაც სადღესასწაულოდ ვემზადებით, სუფრისთვის მრავალფეროვან სანოვაგეს ვიმარაგებთ და იმედით შევყურებთ მომავალს, ცოტა ვინმეს თუ ახსოვს, რომ ორი ათას ორი წლის წინ, სწორედ ამ დღეებში ფეხმძიმე მარიამი და მართალი იოსები კარდაკარ დადიოდნენ და მადლიანი ადამიანებისგან ჭერქვეშ შეფარებას ითხოვდნენ, მაგრამ ისინი არავინ შეიფარა. ვინც ამ დღეებში ღვთისმშობლის ტანჯვას უფრო მეტად განიცდის, ვიდრე საახალწლო სუფრის ნიუანსებს, ის, ალბათ, ჩვენს ამ დღევანდელ სულისკვეთებასაც გაიზიარებს.
XS
SM
MD
LG