Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან რუსეთის ყოველკვირეული "ტრუდის" ფურცლებზე


გიორგი კაკაბაძე, თბილისი რუსეთის ყოველკვირეული "ტრუდის" 231-ე ნომერში გამოქვეყნებულია ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტთან, რომელსაც გაზეთის სპეციალური კორესპონდენტი რაფაელ ჰუსეინოვი ესაუბრა.

ედუარდ შევარდნაძის თქმით, მისთვის "ცნობილია, რომ რუსეთში ბევრს და, ძირითადად, ცუდს წერენ საქართველოს შესახებ. თუმცა ეს არავითარ გაუგებრობას არ იწვევს: სიტყვის თავისუფლება, თავისუფალი პრესა საქართველოშიც ვითარდება და რუსეთშიც".
გაგაცნობთ აღნიშნული ინტერვიუს ზოგიერთ ფრაგმენტს.

ედუარდ შევარდნაძე ამბობს, რომ საქართველოშიც და რუსეთშიც შეშფოთებას იწვევს ორი ქვეყნის ურთიერთობაში არსებული სიძნელეები. იგი აღნიშნავს, რომ "რუსეთში ქართველი ხალხის ბევრი წარმომადგენელი ცხოვრობს: ესენი კვალიფიციური სპეციალისტები არიან, მათ შორის ინტელიგენციის ბევრი წარმომადგენელია - გამოჩენილი მეცნიერი, ხელოვნების მოღვაწე". საქართველოს პრეზიდენტი ამბობს: "ისენი კეთილი ადამიანები არიან. მათ უყვართ თავიანთი სამშობლო, საქართველო, მაგრამ არანაკლებად სცემენ პატივს რუსეთს, სადაც არასდროს ყოფილან უხერხულად, პირიქით, სითბოსა და მზრუნველობით დამოკიდებულებას გრძნობდნენ.
აი, სწორედ ეს არის ის საფუძველი, რომელზეც შეიძლება და უნდა კიდეც აიგოს ურთიერთობები".

კორესპონდენტის კითხვაზე - თუ გაქვთ განსაზღვრული საქართველოს ნატოში შესვლის ვადები? - ედუარდ შევარდნაძემ უპასუხა: "რამდენიმე წლის წინ ვთქვი, 2005 წლისთვის ნატოს კარზე დავაკაკუნებთ-მეთქი. სინამდვილეში, უფრო ადრე დავაკაკუნეთ, თანაც ორჯერ. მაგრამ რეალურ შესვლამდე, ვფიქრობ, რამდენიმე წელი გავა. აი, სწორედ თქვენთან შეხვედრამდე ჯარში გაწვევის საკითხებს განვიხილავდი საქართველოს სამხედრო ხელმძღვანელობასთან. გულწრფელად უნდა გითხრათ: ისეთი მაჩვენებლებით, როგორიც დღეს გვაქვს, საქართველო ვერასდროს გახდება ნატოს წევრი".

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ აუცილებლად გასათვალისწინებელია რუსეთის რეაქცია ამ პროცესზე.
"აშკარა უნდა იყოს, - ამბობს იგი, - რომ ჩემი პრეზიდენტობისას საქართველოს ნატოში შესვლა არ მოხდება. და ნებისმიერ შემთხვევაში მე მოვძებნი საშუალებას, რომ რუსეთს მოვეთათბირო. ამასთან, როგორც უკვე მითქვამს, რუსეთი უფრო სწრაფი ტემპებით მიიწევს ნატოსკენ იმიტომ, რომ თქვენი ქვეყანა უდიდესი დერჟავა, უდიდესი სახელმწიფოა. ევროპას სჭირდება რუსეთი. ევროპას შეუძლია, რომ საქართველოს გარეშე იცხოვროს, მაგრამ რუსეთის გარეშე ევროპა ძალიან ძნელი წარმოსადგენია".

"ტრუდის" კორესპონდენტი საქართველოს პრეზიდენტის სამომავლო პოლიტიკური და ცხოვრებისეული გეგმებით დაინტერესდა. შევარდნაძის თქმით, რაც უნდა წერონ და ილაპარაკონ მასზე რუსეთსა და დასავლეთში, იგი ამაყობს იმით, რაც უკანასკნელ ათწლეულში გაუკეთებია, მათ შორის, იმ პერიოდში, როცა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა.

ედუარდ შევარდნაძე აგრეთვე ამბობს: "საქართველოში ჩემი მუშაობით კი უკმაყოფილო ვარ. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, სოციალური საკითხები - გადაუჭრელი. და თუმცა ჩემი შესაძლებლობები შეზღუდული იყო, განვიცდი ამას.
ამავე დროს, ვგრძნობ, რომ საქართველო ფეხზე დგება, თანდათან ფეხზე დგება.

რაც შეეხება ჩემს მომავალს, პრეზიდენტობის ორნახევარი წელი დამრჩა. ეს ბევრიც არის და ცოტაც. ყველაფრის რეალიზებას ვერ ვასწრებ. ვიმედოვნებ, რომ ამას ჩემი მემკვიდრე გააკეთებს".

ედუარდ შევარდნაძის თქმით, მოსაგონარიც და დასაწერიც ბევრი აქვს და, თუ ყველაფრის დაწერას მოასწრებს, საინტერესო უნდა გამოვიდეს. "ეს ჩემთვის არანაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე პრეზიდენტობა", - ამბობს იგი.
XS
SM
MD
LG