Accessibility links

დასრულდა შალვა ნათელაშვილის პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში


დავით პაიჭაძე, თბილისი ორშაბათს, 30 დეკემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დასრულდა პროცესი, რომელსაც დასაბამი მიეცა ორწელიწადნახევრის წინ: 2000 წლის ივლისში ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ

შალვა ნათელაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოითხოვა ენერგეტიკასთან დაკავშირებული რამდენიმე ნორმატიული აქტის გაუქმება: მათ შორის, ერთი თელასის პრივატიზაციის უკანონოდ ცნობა გახლდათ. ეს მოთხოვნა ნათელაშვილს არ დაუკმაყოფილეს, ოთხ სხვა მოთხოვნასთან ერთად. საკონსტიტუციო სასამართლომ მოსარჩლის სიმართლე სცნო ნაწილობრივ და მისი ორი მოთხოვნა დააკმაყოფილა. გაგაცნობთ ამ მოთხოვნებსა და სარჩელის გულშემატკივართა რეაქციას.

საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე ბესარიონ ზოიძე საათნახევრის მანძილზე კითხულობდა გადაწყვეტილების ტექსტს, რომელშიც მოკლედ იყო შეჯამებული მთელი დავის ისტორია, მხარეთა არგუმენტები და, ცხადია, მოცემული იყო სასამართლო განჩინება, მოტივაციითურთ. ერთი ფრაგმენტი ბესარიონ ზოიძის გამოსვლიდან [ზოიძის ხმა]: "ცნობილი იქნეს არაკონსტიტუციურად ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ სემეკის 2002 წლის 15 ოქტომბრის ნომერ მე-12 დადგენილება იმ ნაწილში, რომელიც შეეხება მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის შესასყიდ ტარიფებს, და სემეკის 2001 წლის 31 დეკემბრის ნომერ 15 დადგენილებით დამტკიცებული ფიქსირებული გადასახადის მიხედვით ელექტროენერგიის საფასურის გადახდის წესი. მეორე: ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ სემეკის 2002 წლის 15 ოქტომბრის ნომერ მე-12 დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობილი ნაწილი და სემეკის 2001 წლის ნომერ 15 დადგენილებით დამტკიცებული ფიქსირებული გადასახადის მიხედვით ელექტროენერგიის საფასურის გადახდის წესი იურიდიულად ძალადაკარგულია ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან "(ტაში).

სასამართლოს დადგენილების ბოლომდე მოსმენის შემდეგ მოსამართლეთა ტრიბუნასთან შალვა ნათელაშვილი მიიჭრა, ხელი სტაცა მიკროფონს და შესძახა: ქართველმა ხალხმა დღეს მეორე დიდგორი მოიგო და ამწუთას ხალხი, სასამართლო და სამართალი ერთად არიანო. რაც შეეხება გადაწყვეტილების განმარტებას, ნათელაშვილმა განაცხადა [ნათელაშვილის ხმა]: "გაუქმდა დენზე არსებული ოკუპაციური ტარიფები! მოსახლეობა თავისუფალია გველეშაპისგან. სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა დენზე არსებული ძველი დავალიანებები, რომელიც სულს და ტყავს გვხდიდა ყოველთვე. ასე რომ, ორივე საკითხი გადაწყდა დადებითად. ეს იყო ჩემთვის მოულოდნელიც და აღმაფრთოვანებელიც. რაც შეეხება ენერგეტიკის ობიექტთა გაყიდვის არაკონსტიტუციურობას, ამას, პარლამენტში რომ მოვალთ უმრავლესობით და გავიმარჯვებთ, მაშინ გავასწორებთ და გავაუქმებთ ყველაფერს. მთავარი იყო ეს ორი საკითხი: ძველი ტარიფი გაუქმებულიყო და ძველი დავალიანებებისაგან გავთავისუფლებულიყავით. დღეს ორივე განხორციელდა!"

პროცესის შემდეგ მე ვკითხე ერთ დამსწრე ქალბატონს, როგორ აღიქვა სასამართლოს გადაწყვეტილება, რამდენად არის ის სასარგებლო პირადად მისთვის [ქალბატონის ხმა]: "ჩემს სასარგებლოდ არის იმიტომ, რომ მე ოთახების მიხედვით მომაწერეს დავალიანება, რამდენსაც მე არ ვხარჯავდი. მრიცხველი მომპარეს, მოპარვამდე კი პატიოსნად ვიხდიდი ყველაფერს. მოპარვის შემდეგ 18 ლარს მაწერდნენ, მე კი ამ ღირებულების დენი არასოდეს არ დამიხარჯავს. ასე რომ, ვთვლი, ეს გადაწყვეტილება საჩემოა და ძალიან კარგია, რადგან ვალი მქონდა 100 ლარი დასაფარი და ახლა ისიც უქმდება".
XS
SM
MD
LG