Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2002 წელს კინოს მოყვარულებმა არაერთი მნიშვნელოვანი თარიღი აღნიშნეს.


2002 წელს კინოს მოყვარულებმა არაერთი მნიშვნელოვანი თარიღი აღნიშნეს.

სხვადასხვა ქვეყანაში მოეწყო კინემატოგრაფისტი-იუბილარების ხსოვნისადმი მიძღვნილი რეტროსპექტივები. ამ კინოკვირეულებს შორის განსაკურებით გამოირჩეოდა ანდრეი ტარკოვსკის ფილმების რეტროსპექტივა, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტზე ჩატარდა. დიდ რუს კინორეჟისორს აპრილში 70 წელი შეუსრულდებოდა. ტარკოვსკის ფილმების რეტროსპექტივა ქართველებმა ჯერ კიდევ მაშინ ჩაატარეს, როცა საბჭოთა ხელისუფლება ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა მისი შემოქმედების პროპაგანდას. უფრო მეტიც, 1981 წლის დეკემბერში, იმხანად ყველასთვის უცნობმა ახალგაზრდებმა, პროფესიით ფიზიკოსებმა, ლადო ტოგონიძემ და ოთარ ჭედიამ რუსი რეჟისორი თბილისში ჩამოიყვანეს და ქართველ კინოს მოყვარულებთან შეხვედრა მოუწყვეს. ამ ადამიანებს ესაუბრა ჩვენი თბილისელი თანამშრომელი გიორგი გვახარია, რომელიც ყოველკვირეულ პროგრამას "ოქროს საუკუნე" დღეს ანდრეი ტარკოვსკის ხსოვნას უძღვნის.

[მუსიკა "სოლიარისი"]

რუსი კომპოზიტორის, ედუარდ არტემიევის ეს უცნაური მუსიკა, ასე ვთქვა "ორგანიზებული ხმაური", რომელიც არა მელოდიის მოსმენისთვის, არამედ ფიქრისთვის, თვითჩაღმავებისთვის, თუ გნებავთ, ლოცვისთვის უფრო განგვაწყობს, კინოფილმისთვის დაწერილ ნაწარმოებს ნამდვილად არ ჰგავს. არა და ეს გახლავთ მთავარი მუსიკალური თემა ანდრეი ტარკოვსკის ფილმისა "სოლიარისი", ფილმისა, რომელიც ისევე არ ჰგავს კინოს, როგორც არტემიევის მუსიკალური თემა - მელოდიას. ფანტასტიკის ჟანრში გადაღებულ "სოლიარისში", რომელსაც საფუძვლად დაედო პოლონელი მწერლის, სტანისლავ ლემის რომანი, სიუჟეტის განვითარებას, ადამიანთა ხასიათებს, მთლიანად ჩრდილავს კინემატოგრაფიული სახეები. საკმარისია ერთხელ მაინც ნახო "სოლიარისი", ისევე როგორც ტარკოვსკის ყველა სხვა ფილმი, და კინემატოგრაფიული სახეები სამუდამოდ აღიბეჭდება ცნობიერებაში. სიუჟეტი შეიძლება ვერ მოყვე, ვერც ეს სახეები აღწერო სიტყვით, ისევე როგორც, ვერ "დაიღიღინო" ედუარდ არტემიევის მუსიკა, მაგრამ ტარკოვსკის ფილმების ხანგრძლივ, შენელებულ კადრებს ვერ დაივიწყებ. ამ კადრებში თითქოს არც არაფერი ხდება განსაკუთრებული, მაგრამ დაძაბულობის მუხტი იმდენად ძლიერია, რომ ეს მაყურებელში რაღაც იდუმალი ვიბრაცია, შფოთვა, როგორც თავად არტემიევი აღნიშნავდა "სულის წკრიალი" იბადება. ესაა სწორედ ხელოვნება, რომელიც ყველაზე მეტად არ ეწერებოდა ოფიციალური საბჭოთა კულტურის საზღვრებში - ხელოვნება, მოკლებული იდეოლოგიას, ხელოვნება, რომელიც თითოეულ ადამიანს თავისივე სულიერი ცხოვრების "დასაზვერად" ეპატიჟება.

საბჭოთა კინოს ჩინოვნიკები ყველანაირად ერიდებოდნენ ტარკოვსკის შემოქმედების პროპაგანდას, არ უჩვენებდნენ მის ფილმებს დიდ კინოთეატრებში, ედავებოდნენ და "ევაჭრებოდნენ" ტარკოვსკის ახალი ფილმის გადაღების წინ. 1984 წელს, მას შემდეგ, რაც ანდრეი ტარკოვსკიმ იტალიაში დაასრულა თავისი ფილმის, "ნოსტალგიის" გადაღება, რეჟისორმა განაცხადა, რომ აღარ აპირებს სამშობლოში დაბრუნებას. საბჭოთა კავშირში მაშინათვე აიკრძალა ტარკოვსკის ფილმები, მისი გვარი "ამოაგდეს" კინოლექსიკონებიდან. ამის შემდეგ ტარკოვსკიმ კიდევ ერთი ფილმი, "მსხვერპლშეწირვა" გადაიღო შვეციაში და 1986 წლის 29 დეკემბერს გარდაიცვალა. გორბაჩოვის "პერესტროიკას" და მის აღიარებას რუსული კინოს ნომერ პირველ რეჟისორად, ტარკოვსკი ვერ მოესწრო. იგი პარიზში დაკრძალეს, სენ-ჟენევიევ-დე-ბუას სასაფლაოზე.

1981 წლის დეკემბერში, ე.ი. გარდაცვალებამდე ზუსტად 5 წლით ადრე, ანდრეი ტარკოვსკი საქართველოში ჩამოვიდა. იმხანად ყველასთვის უცნობმა ახალგაზრდა ფიზიკოსებმა, ლადო ტოგონიძემ და ოთარ ჭედიამ თბილისში, პროფკავშირების სახლში, კინომოყვარულთა კლუბი დაარსეს. ოფიციალურად, კლუბი ტარკოვსკის ჩამოსვლამდე ორი წლით ადრე გაიხსნა ანდრეი ტარკოვსკის ფილმების რეტროსპექტივით. ლადო ტოგონიძეს ეს დღე კვლავაც კარგად ახსოვს:

[ლადო ტოგონიძის ხმა]: 0315 ‘პირველი თბილისობა რომ იყო, მაშინ მოვიფიქრეთ მე და ოთარმა, რომ გაგვეკეთებინა რაღაც ახალი ქალაქისთვის - ამ მწვადების ფონზე იქნებოდა თბილისისთვის შენაძენი03.40 დავიწყეთ რეტროსპექტივა ტარკოვსკისა, ისე, რომ ხალხი არ ეტეოდა - ხალხის ტევა არ იყო, ეს იყვნენ სტუდენტები, რომელთაც შიოდათ რაღაც საინტერესო... ჭირდებოდა სულიერი სარჩო ხალხს"

მაშინათვე დაიბადა დიდი რეჟისორის თბილისში დაპატიჟების იდეა. ლადო ტოგონიძემ და ოთარ ჭედიამ გადაწყვიტეს წერილი გაეგზავნათ პირადად ტარკოვსკისთვის. ლადო ტოგონიძის თქმით

[ლადო ტოგონიძის ხმა]: 01.00 "ერთი წლის განმავლობაში ხან იქიდან მივუდგებოდით ამ საქმეს, ხან აქედან და ვადგენდით წერილს.. 02.00 "ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა ამ წერილში კარგად მახსოვს: "ჩვენ იმდენად ღრმად გვიყვარს კინო და ისე შევტოპეთ, რომ უკან გამოსვლა არ შეგვიძლია"

ტარკოვსკის წერილი მოეწონა და მოგვიანებით, როცა თბილისში ჩამოვიდა, უთხრა კიდეც მასპინძლებს, თქვენი წერილი იმდენად გულწრფელი იყო, რომ მაშინათვე გადავწყვიტე - ამ ხალხს აუცილებლად უნდა შევხვდეო.

ლადო ტოგონიძესა და ოთარ ჭედიას არც ხელისუფლება "შეუწუხებიათ" და არც კინემატოგრაფისტთა ორგანიზაციები. თავიანთი გეგმების შესახებ მათ მხოლოდ ტარკოვსკის მეგობარს, სერგო ფარაჯანოვს უამბეს და კიდევ თბილისში მომქმედ "მეგობრობის თეატრის" ხელმძღვანელობას, რომელმაც კინოკლუბის მესვეურებს დახმარება აღუთქვა. ლადო ტოგონიძის თქმით, ქართული-საბჭოთა კინოს ბოსები კინოკლუბის დამოუკიდებლობამ ძალიან გააღიზიანა.

[ლადო ტოგონიძის ხმა]:. 0617 "ვინ არიან ეს მასხარები, რომ უჩვენოდ დაპატიჟესო..06.42 "ორმა ბიჭმა დავპატიჟეთ და ფული არ გვითხოვია არავისთვის"

ახალგაზრდა ფიზიკოსებმა ტარკოვსკი ფაქტობრივად თავიანთი სახსრებით ჩამოიყვანეს. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ბოლომდე შეივსებოდა დარბაზები ტარკოვსკისთან შეხვედრებზე და რომ მოგებული თანხა ტარკოვსკის მივლინების ხარჯებს დაფარავდა. ლადო ტოგონიძის თქმით:

[ლადო ტოგონიძის ხმა]:. 0720 "არ ჰქონდა თვითონ კაპიკი ფული - ამხელა რეჟისორს... თვალები ამიცრემლდება ხოლმე, როცა გავიხსენებ.. თბილისში ფული დავახვედრეთ. ორი ორგანიზაციიდან, ცოტა "ვიმაძაღლეთ" - ორი ორგანიზაციიდან გამოვაყოფინეთ მგზავრობის ფული..."

ტარკოვსკიმ ორი კვირა დაჰყო თბილისში, მეუღლესთან და შვილთან, ანდრეისთან ერთად. მაყურებელთან შეხვედრები რა თქმა უნდა ანშლაგით ჩატარდა. რა თქმა უნდა, იყო კითხვებიც. ოთარ ჭედია ტარკოვსკისთან შეხვედრებს ასე იგონებს:

[ოთარ ჭედიას ხმა]: "0500(2) "ლადო ხვდებოდა, რომ კითხვები არ არის კარგი და არჩევდა კითხვებს... ეგ შეამჩნია და უთხრა, ამას ნუ აკეთებო. სხვადასხვანაირი კითხვები იყო, სტანდარტული "რომელი რეჟისორი მოგწონთ და სხვა. 0548 "ვერ ვიხსენებ ისეთ შეკითხვას, რომელსაც პოლიტიკური ქვეტექსტი ექნებოდა, ეკითხებოდნენ ძირითადად ხელოვნებასთან დაკავშირებით"

ოთარ ჭედია და ლადო ტოგონიძე აღნიშნავენ, რომ ანდრე ტარკოვსკისთან ურთიერთობა მისივე ფილმების ნახვას ჰგავდა, რომ ტარკოვსკი ჩვეულებრივ ყოფაშიც ხიბლავდა ყველას თავისი გასაოცარი ინტელექტით და უბრალოებით, დაკვირვებულობითა და შინაგანი სიმშვიდით. კინომოყვარულთა კლუბის მესვეურებს ამ მხრივ ბევრი რამ აქვთ მოსაგონარი. ლადო ტოგონიძეს ყველაზე უფრო დიდი რეჟისორის შვილთან დამოკიდებულება და ფარაჯანოვთან ვიზიტი დაამახსოვრდა.

[ლადო ტოგონიძის ხმა]:17.00 " როცა პირველ დღეს სტუმრად ვიყავით ბატონ სერგოსთან...კარებთან შეაჩერა ბავშვი. ეს იყო მოულოდნელი გადართვა ჩვეულებრივი, ყოფითი ანდრეი ტარკოვსკიდან - ოფიციალურ ტარკოვსკამდე. შეაჩერა და უთხრა, დაიმახსოვრე ეს დღეო, შენ თანამედროვეობის უდიდეს რეჟისორთან იყავი სტუმრადო... დღემდე მაქვს მიღებული, როცა ჩემი გოგონები საინტერესო ადამიანს შეხვდებიან, ვთხოვ ხოლმე, რომ დაიმახსოვრონ"

ოთარ ჭედია კი აღნიშნავს, რომ ანდრეი ტარკოვსკისთან შეხვედრებმა მას კინოს ყურება ასწავლა და რომ იმხანად პირველად მიხვდა, თუ რას ახვევდა თავს საზოგადოებას საბჭოთა იდეოლოგია

[ოთარ ჭედიას ხმა]. 20.00 "მანამდე საბჭოთა კავშირში ყველაფერში აბსოლუტური სიყალბე იყო, ხალხი მიჩვეული იყო, რომ რაღაცას რომ ხედავ, ის კი არ არის რასაც ხედავ, არამედ ამის მიღმა აუცილებლად რაღაც უნდა იყოს... აქამდეა ეს შემორჩენილი - ყოველ დღე არის ეს "ვინ დგას ამის მიღმა" - მიწისძვრაც არ შეიძლება თავისით მოხდეს... მეც ამ ტალღაში ვიყავი...კინოშიც ასე იყო, რომ არ არსებობს თავისთავად კადრი, რომ ამის მიღმა რაღაც უნდა იყოს"

ტარკოვსკის ფილმების მიღმა კი მხოლოდ სულიერებაა, რომელსაც პარანოიული ტოტალიტარული იდეოლოგია ყოველთვის "მტრის ხატად" მიიჩნევდა. ასეთი ხატებისგან ადამიანები კვლავაც ვერ თავისუფლდებიან. მათ შორის ისინი, ვისაც ტარკოვსკის ფილმები უნახავს. თუმცა არ უნახავს ცოცხალი ანდრეი ტარკოვსკი.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG