Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალ წელს საქართველო ბიუჯეტის გარეშე ხვდება


საქართველოს პარლამენტში 2003 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა კრახით დასრულდა. ბიუჯეტის პროექტი ჩავარდა. ამდენად, ახალი წელი საქართველოსთვის ძველი ბიუჯეტის პარამეტრების მიხედვით დაიწყება.

ძნელი სათქმელია, რა შეიცვლებოდა, პირიქით რომ მომხდარიყო, რა საახალწლო სიურპრიზებს მოუტანდა მოსახლეობას 2003 წლის ბიუჯეტი დამტკიცების შემთხვევაში. ასეა თუ ისე, პრეზიდენტი ამბობს, რომ ბიუჯეტის ჩავარდნა პრობლემებს ხელისუფლებას კი არა, ჩვეულებრივ მოქალაქეებს შეუქმნის.

115 მომხრე და 42 მოწინააღმდეგე – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები, რომელმაც პრეზიდენტის სიტყვებით, პრობლემები ხელისუფლებას კი არა, მოსახლეობას უნდა შეუქმნას. საუბარია 2003 წლის ბიუჯეტის პროექტის ჩავარდნაზე, რაც სამი მომხრის დეფიციტმა განაპირობა. მთავრობის მიერ წარმოდგენილ პროექტს 118 პარლამენტარის მხარდაჭერა რომ მიეღო, ახალი საბიუჯეტო წელი ახალი, ანუ 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე 16 პროცენტით აღმატებული, ბიუჯეტის მიხედვით დაიწყებოდა. ჩავარდნილ პროექტში შემოსავლები და გრანტები, სპეცსახსრების გარეშე, მილიარდ 114 მილიონი ლარით არის განსაზღვრული, ხარჯვითი ნაწილი - მილიარდ 345 მილიონით. ამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი იყო მატება თავდაცვის, საზღვრის დაცვის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროების დაფინანსებაში. ბიუჯეტის ჩავარდნა მთავრობას იმის გამოც აწუხებს, რომ ამით ბლოკირებული აღმოჩნდა პედაგოგთა ხელფასების 30 პროცენტით გაზრდის გეგმაც. პრეზიდენტს არ ესმის, რატომ უხარია ზოგიერთ პარლამენტარს ბიუჯეტის ჩავარდნა, პარლამენტარებს კი, უფრო სწორად, დეპუტატთა იმ ნაწილს, რომელმაც 2003 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირა, თავისი არგუმენტები აქვს. მაგალითისთვის: “ნაციონალურმა მოძრაობამ” მთავრობასთან თანამშრომლობაზე უარი კარგა ხანია თქვა. მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეებისთვის მიუღებელი იყო “გაერთიანებული დემოკრატების” ინიციატივაც, რომელიც მთავრობასა და სახელისუფლებო ფრაქციასთან თანამშრომლობისა და ბიუჯეტის მხარდაჭერისკენ იყო მიმართული იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა და სახელისუფლებო ფრაქციები სახელფასო მინიმუმის 115 ლარამდე გაზრდის მოთხოვნას დაეთანხმებოდნენ. “გაერთიანებული დემოკრატების” ინიციატივამ მხარდაჭერა ვერ მიიღო, შესაბამისად, არც დემოკრატებმა დაუჭირეს მხარი ბიუჯეტის დამტკიცებას. მხარდამჭერები იყვნენ ფრაქციები: “მოქალაქეთა კავშირი”, “ალიანსი ახალი საქართველოსათვის”, “თანადგომა”, “სოციალისტი”, “მრეწველები”, “მაჟორიტარები” და “აფხაზეთი”. 2003 წლის ბიუჯეტის პროექტის სასარგებლოდ 115 ხმის მობილიზება სწორედ ამ ფრაქციების ხარჯზე მოხერხდა და თუ ყველაფერმა ამან, ერთი კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების - ანუ ბიუჯეტის დამტკიცების - თვალსაზრისით, შედეგი ვერ აჩვენა, არაა გამორიცხული, გარკვეული შედეგები მომავლისთვის მაინც გამოიღოს. მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობა დაიშალა, ახალი უმრავლესობის ფორმირების შესაძლებლობაზე შევარდნაძე ბიუჯეტის პროექტის ჩავარდნის შემდეგ ალაპარაკდა. მისი თქმით: “ 2003 წლის ბიუჯეტის პროექტისადმი პარლამენტის დამოკიდებულებას დადებითი მხარეც ჰქონდა. გამოიკვეთა საპარლამენტო ბირთვი, უმრავლესობა, რომელიც იკისრებს პასუხისმგებლობას ქვეყნის განვითარებაზე.” თუ რას მოასწავებს პრეზიდენტის ეს მინიშნება, ამას მომავალი საპარლამენტო წლის დასაწყისშივე შევიტყობთ. 2003 წლის ბიუჯეტის პროექტის ხელახალი განხილვის დაწყებას პრეზიდენტი იანვრის პირველ ნახევარშივე ითხოვს.
XS
SM
MD
LG