Accessibility links

2002 წელს მსოფლიო ეკონომიკაში ცვლილებები არ მომხდარა


მსოფლიოს ეკონომიკისთვის 2002 წელი სიახლის მომტანი არ გამოდგა, როგორც ამას ექსპერტების ნაწილი მოელოდა. არც შეერთებული შტატებისა და არც ევროპის ეკონომიკაში არ მომხდარა ძირეული ცვლილება:

არც განსაკუთრებული ზრდა შეინიშნა და არც კატასტროფული სტაგნაცია. ეკონომისტების წინასწარმეტყველებით, 2003 წელს, ამ მხრივ, უფრო ოპტიმისტურად უნდა ვეგებებოდეთ, მაგრამ, მათივე ვარაუდით, თუკი ერაყთან ომი გაჩაღდა, სიხარული ნაადრევი აღმოჩნდება.
მსოფლიოს ეკონომიკის ორი უმთავრესი და უდიდესი რეგიონისათვის - აშშ-ისა და ევროპისთვის - მიმდინარე წელი უფერული ხანა გამოდგა. უფრო სწორი იქნება, ალბათ, თუ ვიტყვით, რომ 2002 წელს წარმატებულ დღეს ჩავარდნის დღე ცვლიდა და ამ უფერულობას ეს მუდმივი ურთიერთგაბათილებაც ქმნიდა.
აშშ-ში მოსალოდნელი ეკონომიკური ბუმი არ განხორციელებულა. 2002-ის სტარტი, თითქოს, კარგი ჩანდა, მაგრამ შუა წელიწადში, საპროცენტო განაკვეთის შემცირების მიუხედავად, ეკონომიკის თავდაპირველი ცეცხლი განელდა და მის ხელახლა გაღვივებას ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთის ისეთმა დიდმა შეკვეცამაც კი ვეღარ უშველა, როგორიც ბოლო 40 წლის განმავლობაში არ მოუხდენიათ.
პარიზში არის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, რომლის თანამშრომელმა პიტერ ჯარეტმა ჩვენს რადიოს უთხრა, რომ შეერთებული შტატების ავტორიტეტი ეკონომიკის სფეროში გაუთავებელმა საფინანსო სკანდალებმა შეარყია: [ ჯარეტის ხმა ]
“ვფიქრობ, რომ ამ სკანდალებმა დიდი გავლენა იქონია ბირჟებზე, მომხმარებელსა და ინვესტორებზე, იმ ფირმებზე, რომლებიც განსაზღვრავენ ვითარებას. ყველაფერმა ამან წლის მეორე ნახევარში ტემპის დაცემა გამოიწვია”.
ჯარეტი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ საპროცენტო განაკვეთის შემცირება ეფექტური არ იყო. მისი აზრით, ამ ნაბიჯმა, რომელმაც მომხმარებელს ქონების შეძენის - მაგალითად, მანქანისა და სახლის ყიდვის - საშუალება მისცა, შეერთებულ შტატებს სერიოზული ჩავარდნა ააცილა თავიდან.
პიტერ ჯარეტი ოპტიმისტთა რიგებს მიეკუთვნება და ფიქრობს, რომ არის საფუძველი მომავალ წელს იმედით შევხედოთ. ეკონომიკის სფეროში ამერიკიდან მიღებული სასიხარულო ცნობა კი ნამდვილად გაახარებდა ევროპელებს. უკვე ორი წელიწადია ეს რეგიონი ჩავარდნას უჩივის. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ევროპის ეკონომიკურად წამყვან სახელმწიფოში, გერმანიაში, სადაც უმუშევრობის არნახულად მაღალი დონეა. გერმანიის “დოიჩე ბანკის” თანამშრომელს შტეფან შნაიდერს მაინცდამაინც დიდი წინსვლის იმედი არც მომავალში აქვს. მისი გამოთვლით, ეკონომიკური ზრდა, რაც წელს არ მომხდარა, გაისად ნახევარ პროცენტს მიაღწევს: [შნაიდერის ხმა]
“მსოფლიოში გამოჯანსაღება არ მოხდა. იმედები არ გამართლდა. ამან ინვესტორებს უკან დაახევინა და, ალბათ, ყველაზე მოულოდნელი ფაქტი იყო კერძო ინვესტიციების შემცირება, მაშინ, როცა ყველა საპირისპიროს მოელოდა”.
შნაიდერმა გვითხრა, რომ გერმანელებმა შეწყვიტეს ფულის გაღება - ისინი თავიანთ ფულს უფრო მეტი ხალისით ბანკებში პროცენტებზე დებენ.
ბრიტანეთი ევროპის საერთო ვალუტის ზონის გარეთ მყოფი ყველაზე დიდი სახელმწიფოა. მისი ფინანსთა მინისტრი გორდონ ბრაუნი, ბუნებრივია, იცნობს ბრიტანეთის ეკონომიკის პრობლემებს. ბრაუნი ვარაუდობს, რომ საერთო ეროვნული შემოსავალი ერთი მთელი, ექვსი მეათედი პროცენტით გაიზრდება. მთავრობა კი, ამ დროს, 2 - 2,5 პროცენტს მოელოდა. ბრაუნისავე აზრით, გაერთიანებულმა სამეფომ კრიზისი უკეთ გადაიტანა, ვიდრე სხვა ქვეყნებმა, მაგრამ საფინანსო ბირჟებზე ჩავარდნამ, ნავთობის ფასების ზრდამ, 11 სექტემბრის შემდგომდროინდელმა გაურკვევლობამ და საფინანსო სკანდალებმა ბრიტანეთის ეკონომიკაც დააზარალა.
აღსანიშნავია, რომ საერთო ევროპულმა კრიზისმა ბრიტანეთში გააცხოველა დისკუსია ევროს ზონაში შესვლა-არშესვლის შესახებ.
ევროპის ეკონომიკურმა კრიზისმა უკვალოდ არც საფრანგეთში ჩაიარა. ამ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა წლევანდელივით ნელი 1996 წლის შემდეგ არ ყოფილა. გერმანიის მსგავსად, აქაც მაღალია საბიუჯეტო დეფიციტი.
ევროპის ეკონომიკის უფრო სიმბოლური, ვიდრე რეალური წარმატების მიზეზია ევრო, საერთო ვალუტა, რომლის დოლართან გათანაბრება და მცირე ხნით ამ მსოფლიო ვალუტაზე უკეთესი მაჩვენებელი, ექსპერტთა აზრით, მისი სიძლიერის ნიშანი კი არა, უფრო ამერიკის ეკონომიკური კრიზისის გამოვლენა იყო.
ექსპერტთა შორის საერთო შიშია გამეფებული ერაყში მოსალოდნელი ომის მიმართ. მათი ვარაუდით, თუკი ომი, მართლაც, დაიწყო, მსოფლიო ეკონომიკის გაუმჯობესების ის მცირე იმედიც გაქარწყლდება, რომელიც დღეს სულ ოდნავღა ბჟუტავს.
ეკონომიკის ბრიტანელი ექსპერტი პოლ ეშვორთი განგვიმარტავს:
[ეშვორთის ხმა]
“ნავთობის ფასის ზრდა გააღარიბებს ამერიკელ მომხმარებელს და შეამცირებს მის მსყიდველობით უნარს: ის ვეღარ შეძლებს საქონლის ფართო ასორტიმენტის შეძენას. ასე რომ, ეს გამოიწვევს ორმაგ ეფექტს: მოთხოვნილების შემცირებას და ინფლაციის ზრდას”.
ექსპერტების აზრი ორად იყოფა: “დოიჩე ბანკის” თანამშრომელი ფიქრობს, რომ ერაყთან ომი ერთადერთი ფაქტორია, რომელმაც შეიძლება მსოფლიო ეკონომიკას ძლიერი დარტმა მიაყენოს, სხვები კი ფიქრობენ, რომ, ომის მიუხედავად, 2003 წლისგან განსაკუთრებულს არაფერს უნდა ველოდეთ.
XS
SM
MD
LG