Accessibility links

logo-print

დაიბადა პირველი კლონირებული ბავშვი. კლონირებული?


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში "ათასწლეულთა მიჯნაზე"

დღეს პირველ კლონირებულ ბავშვზე გვექნება საუბარი. თუმცა ძნელია ასე გადაჭრით თქმა, რომ გოგონა, რომელიც 31 წლის ამერიკელ მოქალაქე ქალს ეყოლა 26 დეკემბერს, მართლაც კლონირებით და არა ჩვეულებრივი მეთოდით ჩაისახა. ასეა თუ ისე, კომპანია "კლონაიდის" დირექტორის ბრიჯიტ ბოსელიეს განცხადებამ აჟიოტაჟი გამოიწვია. მაგრამ მეცნიერთა უმრავლესობა სკეპტიკურად არის განწყობილი.

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა ვიმ დოისენბერგმა, რომელიც მომავალ წელს პენსიაზე გადის, იხუმრა, კარგი იქნება თუ ჩემს ადგილს ჩემივე კლონი დაიკავებსო. მისი ნათქვამიდან რამდენიმე დღის შემდეგ პირველი კლონირებული ადამიანის დაბადება ამცნეს მსოფლიოს. ისე რომ, თუ დოისენბერგს მისი კლონი ვერ მოესწრება, ბანკის შემდეგ პრეზიდენტს ასეთი შანსი შეიძლება მართლაც მიეცეს.

თუმცა, ხუმრობა იქით იყოს, და ახალდაბადებულ კლონირებულ გოგონას, მას სახელად ევა ჰქვია, მეცნიერები კარგს არაფერს უწინასწარმეტყველებენ. ძუძუმწოვართა კლონირების გამოცდილებიდან (დღეისთვის კი გარდა ყველასთვის ცნობილ ბატკან დოლისა, უკვე მიღებულია კლონირებული თაგვები, კატები, თხები და გოჭები) ცნობილია, რომ ასეთი ცხოველი მრავალი დეფექტით იბადება და ადრევე ბერდება.

მაგრამ ამას არ შეუშინებია არც კომპანია კლონეიდი და არც ამერიკელი ქალი, რომლის სახელი ცნობილი არ არის. ბავშვი, ბოსელიეს თქმით, ჯანმრთელი დაიბადა, იწონიდა 3 კგ-ს და 200 გრამს და შექმნილ იქნა ქალის კანიდან აღებული "დი-ენ-ეიდან". ფაქტობრივად, ის თავისი მშობლის იდენტური ტყუპია, ოღონდ მასზე 31 წლით უმცროსი. ბოსელიეს თქმით, ქალმა ბავშვის ყოლის ასეთი გზა იმიტომ აირჩია, რომ მისი მეუღლე უნაყოფოა.

ბოსელიე ამბობს, რომ "კლონეიდი" კიდევ ოთხი კლონირებული ბავშვის დაბადებას ელის: ერთი ევროპაში, ერთი ჩრდილოეთ ამერიკაში, ორიც აზიაში დაიბადება. გარდა ამისა, კომპანია კიდევ 20 წყვილთან მუშაობს. ევროპელ ბავშვს ლესბოსელ ქალთა წყვილი მოელის და ის ერთ-ერთი მშობლის ასლი იქნება. აზიელი ბავშვები გარდაცვლილი ბავშვების კლონები იქნებიან. ამ ბავშვების უჯრედები საგანგებოდ იქნა შენახული კლონირების მიზნებისთვის.

ბოსელიეს თქმით, 10 ექსპერიმენტიდან, 5 ორსულობა წარმატებით დაგვირგინდა. ამ განცხადებას მეცნიერები დიდი უნდობლობით შეხვდნენ: ძუძუმწოვართა კლონირებისას 50 პროცენტიანი წარმატება წარმოუდგენელია. ბატკან დოლის შემქმნელ შოტლანდიელ მკლევარს დოლის მიღებამდე 276 წარუმატებელი ცდა ჰქონდა ჩატარებული. ძუძუმწოვართა კლონირებისას წარმატება, როგორც წესი, 5 პროცენტსაც არ აღწევს.

გარდა "კლონეიდისა", კლონირებული ბავშვების გაჩენაზე მუშაობენ იტალიელი ექიმი სევერინო ანტინორი და ამერიკის კენტუკის უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი პანოს ზავოსი.

ბიოტექნიკური კომპანია "კლონდეილი" დაარსებულ იქნა რაელიანების სექტის მიერ, რომელიც თვლის, რომ თვით ადამმანი კლონირებით შექმნეს უცხოპლანეტელებმა. რაელიანების სექტა კი დააარსა ფრანგმა ჟურნალისტმა 56 წლის კლოდ ვორილიონმა, რომელსაც მეგობრები რაელს ეძახიან. ის კი საკუთარ თავს წინასწარმეტყველს უწოდებს.

კვირას ამერიკულ გაზეთ "მაიამი ჰერალდისთვის" მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ 1973 წლის 13 დეკემბერს პარიზის გარეუბანში შეხვდა უცხოპლანეტელებს, რომლებმაც უთხრეს, დედამიწაზე სიცოცხლე ჩვენმა მეცნიერებმა მოიტანესო.
შარშან თებერვალში კი რაელმა აშშ-ს ტელეკომპანია "ეი-ბი-სი"-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ კოსმოსში იესო ქრისტეს, ბუდასა და მუჰამედს შეხვდა.

კვირის ინტერვიუში, ფლორიდაში რაიელმა თქვა, რომ "კლონდეილთან" კლონირებაზე რიგში ორი ათასი ადამიანი დგას, და თითოეული მზად არის, 200 ათასი დოლარი გაიღოს საკუთარი თავის ან ახლობლის ასლის მისაღებად.

ადამიანის რეპროდუცირება 30-ზე მეტ ქვეყანაშია აკრძალული. თეთრი სახლის პრესმდივანმა სკოტ მაკკლელანმა თქვა, რომ პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, მხარს უჭერს ადამინის კლონირების ამკრძალავი კანონის მიღებას.

პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი გამოვიდა ადამიანის კლონირების მსოფლიო მასშტაბით აკრძალვის მოწოდებით. "საფრანგეთში ასეთი პროცედურა, რომელიც ბღალავს ადამიანის ღირსებას ბოროტმოქმედებად ითვლებაო," თქვა მან.

კვირას პარიზის არქიეპისკოპოსმა ჟან-მარი ლუსტიჟემ ადამიანის კლონირება ნაცისტების პრაქტიკას შეადარა.

გერმანიამ და საფრანგეთმა 2001 წელს გაეროში შეიტანეს კონვენციის პროექტი ადამინის კლონირების აკრძალვის შესახებ, მაგრამ აქამდე ამის თაობაზე შეთანხმება მიღწეული არ ყოფილა.

ზოგიერთი მეცნიერი არ უარყოფს კლონირებას სამკურნალო მიზნებით. ოთხშაბათს სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა განაცხადა, რომ აპირებს ადამიანის ემბრიონის კლონირებას, თავის და ზურგის ტვინის მძიმე დაავადებათა სამკურნალო პრეპარატების მიღების მიზნით. რამდენიმე კვირის წინ ამერიკის სტენფორდის უნივერიტეტმა განაცხადა, რომ აპირებს მსგავსი სამუშაოების ჩატარებას.

მეცნიერთა სიტყვით, ემბრიონის ელემენტარულ უჯრედებს, მოზრდილის უჯრედებისგან განსხვავებით, შეუძლიათ სხეულის სხვადასხვა ორგანოებად განვითარება, რაც ზოგიერთი მძიმე დაავადების, მათ შორის ალცჰაიმერის სამკურნალო პრეპარატის გამომუშავების იმედს იძლევა. ამასთან, მკვლევართა თქმით, საჭირო ემბრიონი 14 დღისაც კი არ არის, მისი ზომა სულ რამდენიმე მილიმეტრია, და ადამიანს არაფრით არ წააგავს.

2002 წლის ივლისში 25-ე დაბადების დღე გადაიხადა ლუის ბრაუნმა, სინჯარის პირველმა ბავშვმა. მისმა გაჩენამ თითქმის ისეთივე ცხოველი დებატები გამოიწვია, როგორიც დღეს გასულ კვირაში დაბადებულმა ევამ. სინჯარის ბავშვები ჩვენს დროში ჩვეულებრივი მოვლენაა. გამორიცხული არ არის 25 წლის შემდეგ ჩვენი პლანეტის მცხოვრებთ გაუჭირდეთ იმის გაგება, რატომ ატყდა ასეთი ალიაქოთი კლონირების გამო.
XS
SM
MD
LG