Accessibility links

logo-print

რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს საკონსტიტუციო სასამართლოში ლეიბორისტების გამარჯვებას


30 დეკემბრის გადაცემაში გესაუბრეთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რითაც ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

შეგახსენებთ, რომ ელექტროენერგიის ფიქსირებულ გადასახადთან ერთად დენის ტარიფის უკანასკნელი ზრდაც არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად გამოცხადდა. რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ლეიბორისტთა ლიდერის წინასაახალწლო გამარჯვებას?

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნებისთანავე აუქმებს საქართველოს ენერგეტიკის ეროვნული მარეგულირებელი კომისიის დადგენილებას ეგრეთ წოდებული ფიქსირებული ტარიფის შესახებ. ამ ტარიფით ელექტროენერგიის საფასურს ის მომხმარებლები იხდიდნენ, რომლებიც ელექტრომრიცხველებით ვერ სარგებლობენ. თელასის პრივატიზებისას ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, „ეი-ი-ესს“ მომხმარებლები მრიცხველებით უნდა უზრუნველეყო. თუმცა ინვესტორი ამ ვალდებულებას სრულყოფილად ვერ ასრულებს და თბილისის მნიშვნელოვანი ნაწილი საცხოვრებელი ოთახების რაოდენობის მიხედვით იხდის დენის საფასურს.

ერთი შეხედვითაც კი ცხადია, რომ ტარიფის ასე გაანგარიშება არალოგიკურია, რადგან არავინ ითვლის, რამდენი ელექტროხელსაწყო დგას მდიდარი თუ ნაკლებად შეძლებული მოქალაქის სახლში.
შესაბამისად, მომხმარებელთა უმრავლესობას რეალურად მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულებაზე გაცილებით მეტი თანხის გადახდა უწევდა. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მათ, საერთოდ, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენის საფრთხე ემუქრებათ. „ეი-ი-ეს თელასის“ წარმომადგენლის ვალერი ფანცულაიას განმარტებით:
[ვალერი ფანცულაიას ხმა] „საკანონმდებლო დონეზე ისე არის, რომ მაშინ მართლა შეუძლებელი გახდება რომ მიაწოდო ელექტროენერგია. თუ ვერ გადაგიხდის ის ელექტროენერგიის საფასურს და ვერ გაზომავ, რა უნდა გადაგიხადოს, მაშინ რა უნდა მიაწოდო, რა მომსახურება უნდა გაუწიო.“

ფანცულაიას განცხადებით, ფიქსირებული ტარიფის მოთხოვნის უფლებას „ეი-ი-ეს თელასს“ ინვესტორსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულება აძლევს.
[ვალერი ფანცულაიას ხმა] „ჩვენთვის ცოტა გაუგებარია ეს: ხელშეკრულება არ არის გაუქმებული და გაუქმდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ტარიფი. ცხადია, ეს ჩვენს მუშაობას დაბრკოლებებს შეუქმნის. დანარჩენი უკვე როგორ წარიმართება, რა ზომებს მიიღებს “ეი-ი-ესის” ხელმძღვანელობა, როდესაც ჩამოვა, მოთათბირების შემდეგ გახდება ცნობილი - 10 იანვრის შემდეგ.“

გაცილებით რადიკალური იყო მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ელიზბარ ერისთავი. მან 31 დეკემბერს პირდაპირ განაცხადა: შეიძლება “ეი-ი-ესმა” ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში იჩივლოს და საქართველოს 250 მილიონ დოლარამდე ჯარიმა დაეკისრებაო. ერისთავის ასეთი გაცხადება მრავალი ეჭვის საფუძველს იძლევა, თუმცა კი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში რამდენიმე შეუსაბამობა, მართლაც, არის, რაც როგორც მარეგულირებელ კომისიას, ასევე “ეი-ი-ეს თელასს” შემოდავების საფუძველს აძლევს.

კერძოდ კი, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაუქმდა ელექტროენერგიის ტარიფის უკანასკნელი ზრდის გადაწყვეტილება და მარეგულირებელ კომისიას 2003 წლის მარტამდე ტარიფის რევიზია ეთხოვა. კომისიის წარმომადგენლის თამარ ნოსელიძის განცხადებით:
[ნოსელიძის ხმა] „ტარიფის გაანგარიშება ხდება განაცხადის საფუძველზე. განაცხადი კი უნდა შემოიტანოს ლიცენზიანტმა, ტარიფის გადახედვასთან დაკავშირებით. ეს იქნება შემცირება თუ გაზრდა, არ აქვს მნიშვნელობა.
-
ანუ თქვენი ინიციატივით...
-
არავითარ შემთხვევაში. საერთოდ, მარეგულირებელი კომისია თავისი ინიციატივით არანაირ ტარიფს არ ზრდის და არც ამცირებს და არც გადახედავს. ამისათვის აუცილებლად უნდა იყოს განაცხადი.“

როგორც ირკვევა, ლეიბორისტების საახალწლო საჩუქარი მისი ადრესატისათვის ჯერ კიდევ მიუწვდომელი რჩება. თუ ვინმე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დენის საფასურს დადგენილი ტარიფის მიხედვით არ გადაიხდის, უდენოდ დარჩენის პერსპექტივა ემუქრება.
XS
SM
MD
LG