Accessibility links

logo-print

2003 წლის ძირითადი პოლიტიკური მოვლენა საპარლამენტო არჩევნები იქნება


2003 წელი საქართველოში რომ საკმაოდ დაძაბული იქნება, შიდაპოლიტიკური თვალსაზრისით, ამაზე ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს. ამ წელს ძირითადი მოვლენები საპარლამენტო

არჩევნებთან იქნება დაკავშირებული და, თუ გავითვალისწინებთ 2002 წლის ადგილობრივ არჩევნებს ( ადგილობრივი არჩევნები კი საპარლამენტო არჩევნების გენერალურ რეპეტიციად მიიჩნევა), არც იმის წარმოდგენა გაჭირდება, როგორი შეიძლება იყოს საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნები. ქართველი პოლიტოლოგები 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით არცთუ დამაიმედებელ პროგნოზებს აკეთებენ.


“მომავალ წელს საქართველოს საზოგადოება არა მხოლოდ წინააღმდეგობრივი პოლიტიკური კოალიციების შექმნის, არამედ გარეგნულად მტკიცე გაერთიანებების დაშლის მოწმე შეიძლება გახდეს. საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლა ორმხრივი კი არა, სამმხრივი იქნება. ბრძოლა ხელისუფლების მხარდამჭერ პარტიებს, ბათუმურ და დემოკრატიულ ოპოზიციას შორის გაჩაღდება. წლის პირველ ნახევარში ეს ძალები შეეცდებიან ძლიერი საარჩევნო გაერთიანებების შექმნას, მაგრამ არსებობს არჩევნების ჩაშლის საფრთხე, რადგან მოსახლეობა, რომელიც ისედაც არ ენდობა პოლიტიკოსების უმრავლესობას, შეიძლება არჩევნებზე არ მივიდეს. “ - 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ასეთი პროგნოზი პოლიტოლოგმა გია ნოდიამ გააკეთა.

თუ გავითვალისწინებთ სახელისუფლებო ბრძოლისთვის საქართველოში დამკვიდრებულ ტრადიციებს და 2002 წლის ადგილობრივი არჩევნების მძიმე გამოცდილებას, ეჭვგარეშეა, რომ 2003 წელი საქართველოში, შიდაპოლიტიკური ცხოვრების თვალსაზრისით, მძიმე იქნება. ქართველ პოლიტოლოგებს 2002 წლის ყველაზე უარყოფით მოვლენად სწორედ ადგილობრივი არჩევნები მიაჩნიათ. ისევ გია ნოდიას აზრით, ეს არჩევნები იყო ყველაზე არაორგანიზებული არჩევნები საქართველოს ისტორიაში. საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა კარგა ხანია დაიწყეს ზრუნვა იმისათვის, რომ ასეთივე შეფასება არ მიეცეს 2003 წლის არჩევნებს.

“თავისუფლების ინსტიტუტი”, “ პარტნიორობა სოციალური ინიციატივებისათვის”, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, “საზოგადოებრივი კვლევის ცენტრი”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის,” როგორც “საქართველოს კოალიცია დემოკრატიისთვის”,ე.ი. მისი სახელით, ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ძირითად პრინციპებს სთავაზობს. კოალიცია საკანონმდებლო ორგანოს სთხოვს მასთან ითანამშრომლოს იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც ამომრჩეველთა სიების შედგენას, მათ გადამოწმებას, ხმების დათვლასა და სხვა საარჩევნო პროცედურებს უკავშირდება. ინიციატივა გულისხმობს ისეთი ღონისძიებების დასახვას, რომლებიც არჩევნების გაყალბებას მაქსიმალურად გამორიცხავს - მათ შორის, გულისხმობს სათანადო მექანიზმების შემუშავებას იმ პირთა დასასჯელად, რომლებიც არჩევნების გაყალბებაში იქნებიან მხილებულნი. საინტერესოა, რამდენად და როგორ გამოიდებს საქართველოს პარლამენტი თავს ამ მიზნის მისაღწევად. იქ უკვე დარიგებულია 2002 წლის ადგილობრივი არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომლის რეაგირების გარეშე დატოვებაც ბევრად განაპირობებს ისეთიევ არჩევნების განმეორებას, როგორსაც 2002 წელს ჰქონდა ადგილი.

დროებითი საგამოძიებო კომისია ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი ადგილობრივი არჩევნების ქუთაისის შედეგები, გაუქმდეს ფოთის 4 უბნის შედეგები, ბოლომდე იქნეს მიყვანილი რუსთავში საარჩევნო ბიულეტენთა გატაცების ფაქტის გამოძიება, გამოძიებულ იქნეს წალკის საოლქო კომისიის წევრების მიერ საარჩევნო სიებში მკვდარი სულების შეყვანის ფაქტი, დასჯილ იქნენ დამნაშავენი და, რაც მთავარია, პირველი იანვრიდან დათხოვნილ იქნენ ცენტრალური საარჩევნო კომისია და საოლქო კომისიები. პირველ იანვრამდე აღარაფერი რჩება. პირველი იანვრიდან საქართველოში საპარლამენტო არჩევნების, ესე იგი დიდი პოლიტიკური ვნებათაღელვის, წელი იწყება.
XS
SM
MD
LG