Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტურიზმის წელიწადი მტკნარი წყლებისამ შეცვალა


გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 2003 წელი მტკნარი წყლების წლად გამოაცხადა ისევე, როგორც შარშანდელს ეკოტურიზმის წელი უწოდა. გასულ და ახლად მოსულ წელიწადთა სახელწოდებები

საქართველოშიც შესაბამისად განაწილდა. რა შედეგები მოაქვს ყოველივე ამას?

როგორც საქართველოს ტურიზმის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი ყუფარაძე ირწმუნება, გასული წელი, ტურიზმის კუთხით, საკმაოდ შედეგიანი იყო. თუმცა ოფიციალურ სტატისტიკას ჯერჯერობით არ დაუთვლია, თუ რამდენ სტუმარს უმასპინძლა შარშან საქართველომ, ოდნავ მაინც თუ გაიზარდა მათი რიცხვი და, შესაბამისად, ქვეყნის შემოსავალი. როგორც ყუფარძე აღნიშნავს, ხსენებული მონაცემები მხოლოდ იანვრის ბოლოსთვის შეჯამდება.

მანამდე კი, აღვნიშნოთ სხვა ფაქტები. მაგალითად ის, რომ 2002 წელს საქართველოს პარლამენტმა პირველივე მოსმენით დაუჭირა მხარი საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს და ტურიზმის სფეროში დასაქმებულ მსხვილ ინვესტორებს საკმაოდ შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი დაუწესა. ამით ქვეყანამ ახალ-ახალ კაპიტალს კარი კიდევ უფრო ფართოდ გაუღო. ამასთან, შარშანდელი წელი მდიდარი იყო ტურიზმისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის კონფერენციებითა თუ სიმპოზიუმებით. გაეროს წინადადებით წახალისებული არასამთავრობო ორგანიზაციები 2002 წელს ტურიზმს საგანგებო ყურადღებას აქცევდნენ. თუმცა ამ ყურადღების ნაყოფიერება ჯერჯერობით ხილული და, მით უმეტეს, ხელშესახები შედეგებით არ გამომჟღავნებულა.

ხელისუფალთა განცხადებით, გასული წლის მიღწევად შეიძლება მივიჩნიოთ ის ფაქტიც, რომ იაპონიამ თავის მოქალაქეებს საქართველოსკენ გამომგზავრების ნება კვლავაც დართო. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ქვეყნის არასტაბილურობით შეშინებულმა იაპონიამ ამგვარი აკრძალვა 2000 წელს დააკანონა და მისი გულის მოგება ჩვენმა ხელისუფლებამ წლების განმავლობაში ვერასგზით ვერ შეძლო. რაც შეეხება აკრძალვის ამჟამინდელ მოხსნას, მას საქართველოს სტაბილურობით ნამდვილად ვერ ავხსნით. ეტყობა, იაპონელებს სიბრაზემ გადაუარა და დიდსულოვნად გვაპატიეს. თანაც, ისინი, ალბათ, ბოლო პერიოდში თავგატეხილი და მოტაცებული უცხოელების შესახებ ინფორმაციებს მაინცდამაინც კარგად ვერ ფლობენ. სწორედ ამგვარი არასტაბილურობის გამოა, რომ საქართველოში გახსნილი უამრავი კერძო სასტუმროს კომფორტული ნომრები, ძირითადად, ცარიელი რჩება. ამ პრობლემას საქართველოში, როგორც ვხედავთ, ვერც გაეროს კეთილმა ნებამ უშველა და არც იყო მოსალოდნელი. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ადგილობრივ ხელისუფალთა ნება და მონდომებაა აუცილებელი. მით უმეტეს, ქვეყანაში, რომელიც მთელ თავის სამომავლო იმედებს სწორედ ტურიზმს უკავშირებს. ახალ წელს ოპტიმიზმი გვჭირდება და ამიტომ, მოდით, ვიფიქროთ, რომ ეს დროც უსათუოდ მოვა.

როგორც მოგახსენეთ, გაეროს მოწოდების მიხედვით, დღეს მტკნარი წყლების წელიწადის პირველი დღეა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე აკაკი ფანჩულიძე აცხადებს, რომ ამგვარი პრიორიტეტის ძირითადი აქცენტი სასმელი წყლისკენაა მიმართული. სასმელად ვარგისი წყალი თავისუფლად ხელმისაწვდომი უნდა გახდეს უღარიბესი ფენებისთვის და დედამიწის ზურგზე წყურვილის პრობლემა უნდა მოისპოს. თავისთავად, მტკნარი წყლის წელიწადი ყურადღებას დაუთმობს წყალსაცავების, ტბებისა და მდინარეების პრობლემებს. წყლის რესურსებით მდიდარ საქართველოში ამგვარ პრობლემებს რა დალევს, მაგრამ რამდენად გასწვდება ჩვენი დალეული და ჯერაც დაუმტკიცებელი ბიუჯეტი მათ აღმოფხვრას, ამის გარკვევა ჩვენს დღევანდელ მასალას ნამდვილად დაამძიმებდა. ახალი წლის ხათრით, ამგვარი სიმძიმეების აწევას დღეს მოვერიდებით და გისურვებთ, რომ 2003 წელიწადი არც მტკნარი და არც მეტისმეტად მლაშე ყოფილიყოს თქვენთვის. ზომიერად მარილიანსა და ბედნიერ წელიწადს გისურვებთ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG