Accessibility links

logo-print

“60 წუთის” სასამართლო პროცესები – დაისჯებიან თუ არა მხილებული მაღალჩინოსნები?


სოზარ სუბელიანი, თბილისი 2002 წლის ბოლოს საოლქო და გლდანი-ნაძალადევის სასამართლოებში თითქმის ერთდროულად დაიწყო 3 სისხლის სამართლის საქმის განხილვა, რომელთაც ერთი ძირითადი ნიშანი აერთიანებთ:

სამივე საქმე გადაცემა “60 წუთის” ჟურნალისტური გამოძიებების მასალებზე დაყრდნობით აღიძრა და პროცესიც ამ მასალებზე დაყრდნობით დაიწყო. ამავე გადაცემის მასალების საფუძველზე კიდევ რამდენიმე საქმეზე გამოძიება კარგა ხნის წინ დასრულდა, თუმცა საგამოძიებო ორგანოები არ ჩქარობენ ამ საქმეების სასამართლოში გადაგზავნას. უკვე დაწყებული და გაჭიანურებული საქმეები ერთმანეთისგან ერთი არსებითი ნიშნით განსხვავდება: დაწყებულ პროცესებზე ძირითად მოწმეებად გამოდიან ადამიანები, რომელთაც უკვე გადათქვეს ადრინდელი ჩვენებები და სასამართლო-სამსჯავრო გამოძიების დროს გადაცემებში მხილებული მაღალჩინოსნების სასარგებლოდ ალაპარაკდნენ, გაჭიანურებულ საქმეებზე კი მთავარი ჩვენებები უნდა მისცენ “60 წუთის” ჟურნალისტებმა, რომლებიც, ცხადია, ერთხელ მიცემულ ჩვენებებს ასე ადვილად არ შეცვლიან. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო განსასჯელებს გაამართლებს, არსებობს საფრთხე, რომ განსასჯელის სკამზე ის ჟურნალისტები აღმოჩნდნენ, რომელთა გადაცემებისთვის “ცილისწამების” კვალიფიკაციის მიცემა უკვე იურიდიული ტექნიკის საქმედღა დარჩება.

სამივე საქმე, რომლებიც სასამართლოში წარიმართა, ჟურნალისტ ბესო კურტანიძის გადაცემების საფუძველზე აღიძრა და სამივეში განსასჯელის სკამზე პოლიციის მაღალჩინოსნები სხედან. თავად ბესო კურტანიძემ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში ასე აღწერა ის ჩვეული ისტორია, რაც ძალიან ხშირად ხდება “60 წუთის” ჟურნალისტური გამოძიებების საფუძველი:
-
[ბესო კურტანიძის ხმა] “ზაფხული იყო, 2001 წელი. დაახლოებით ივლისი იქნებოდა, როცა ჩვენთან პირველად მოვიდა გელა შარაშენიძე. მე არ ვიცოდი, ვინ იყო ეს პიროვნება. მოვიდა და მითხრა, რომ პოლიციის მხრიდან განიცდიდა დევნა-შევიწროებას და სურდა ჩვენი დახმარება. გვარებს ასახელებდა, კი. მაშინ დაასახელა ბატონი ბადრი გასოევი და მითხრა, რომ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შოთა ბარათაშვილმა და ესენი აიძულებდნენ მას აგენტურულ თანამშრომლობას, საიდანაც ამოღებული ფულის 20 პროცენტს მიიღებდა თვითონ.”
-
[მოსამართლის ხმა] “ბატონო ბესო, კონკრეტულად, რა უნდა გაეკეთებინა, ამ ოც პროცენტში რას გულისხმობდა?”
-
[ბესო კურტანიძის ხმა] “შარაშენიძე ამბობდა, რომ პოლიცია მას ნებისმიერ წუთში მისცემდა ნარკოტიკს, ოღონდ მას ვინმე უნდა შეერჩია, ვისაც ამ ნარკოტიკს ჩუმად ჩაუდებდა და მერე პოლიციას დააჭერინებდა. მე ამით დავინტერესდი, ეს მართალი იყო თუ არა, იმიტომ რომ დაუჯერებელი მეჩვენებოდა. ეს იყო ჩვენი პირველი გადაცემა პოლიციაზე”.
-
[მოსამართლის ხმა] “ესე იგი, ივლისის თვეში მოვიდა თუ არა, განგიცხადათ ამის თაობაზე?”
-
[ბესო კურტანიძის ხმა] “კი.”
-
[მოსამართლის ხმა] “აი, ამგვარ თანამშრომლობას მთავაზობენ და, აი, ამის ფასადო?”
-
[ბესო კურტანიძის ხმა] “კი, მან ეს მე ივლისის თვეშიც მითხრა”.
[სტილი დაცულია]

კურტანიძის ჩვენებაში დასახელებული პოლიციელები – ბარათაშვილი და გასოევი – გადაცემის შემდეგ პოლიციიდან დაითხოვეს. მანამდე შოთა ბარათაშვილი გლდანის პოლიციის მერვე განყოფილებას ხელმძღვანელობდა, ბადრი გასოევი კი ამავე განყოფილების სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი გახლდათ. ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს, გელა შარაშენიძის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჟურნალისტური გამოძიების თემად ექციათ და განზრახვა განახორციელეს კიდეც. გადაცემის თანახმად, შარაშენიძემ ნამდვილად მიიღო პოლიციიდან ნარკოტიკი და ბარათაშვილს შეატყობინა, ჩემი გასაკეთებელი გავაკეთეო, რის შემდეგაც საქმეში ბადრი გასოევი ჩაერთო. “60 წუთის” ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე, რომლის მანქანაშიც შარაშენიძემ, თითქოს, ნარკოტიკი ჩადო და რომელიც, შარაშენიძესთან ერთად, ამ საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი, აცხადებს, რომ სასამართლო პროცესის დაწყება და მთავარი მოწმის დაკითხვა ისე მოხდა, რომ ამის შესახებ არც მისთვის და არც “60 წუთის” რომელიმე წევრისთვის არაფერი შეუტყობინებიათ: [ვახტანგ კომახიძის ხმა] “სასამართლომ პროცესი ისე დაიწყო, რომ ჩვენთვის არ შეუტყობინებიათ არაფერი. ამ საქმეში მთავარი მოწმე და დაზარალებული გელა შარაშენიძე ისე დაიკითხა, რომ ჩვენ ამ დაკითხვის შესახებ არ ვიცოდით. დაიწყო პროცესი მისი დაკითხვით და მე სრულიად შემთხვევით შემხვდა შარაშენიძე და მითხრა, რომ პროცესი დაწყებული იყო და მისი დაკითხვა მიმდინარეობდა. შემდეგში მე ეს პრეტენზია წავუყენე მოსამართლეს და მოსამართლემ გვაჩვენე რაღაც უწყისი, რომელიც, თითქოს, გამოგზავნილი ჰქონდათ ჩემთან და მე ვერ მომაგნეს. ძალიან ძნელია ის დავიჯერო, რომ სასამართლომ ვერ დაადგინა ჩემი ადგილსამყოფელი და ვერ შემატყობინა. ჩვენ ჩამოგვაშორეს შარაშენიძის დაკითხვის პროცესს და შარაშენიძემ რადიკალურად განსხვავებული ჩვენებები მისცა იმისაგან, რაც ხდებოდა. [სტილი დაცულია]

სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში შარაშენიძემ მთლიანად უარყო მანამდე ნათქვამი ყოველი სიტყვა: [ვახტანგ კომახიძის ხმა] “ის ამბობს ამ ჩვენებებში, რომ მან ითაღლითა, რომ მოგვატყუა, შეცდომაში შეგვიყვანა ჩვენც და პოლიციელებიც და ეს ყველაფერი იყო მისი რაღაც ფანტაზიის შედეგი.” [სტილი დაცულია]

მეორე პროცესზე განსასჯელის სკამზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიუროს ყოფილი უფროსი, პოლკოვნიკი კოტე ყურაშვილი ზის. ყურაშვილიც ბესო კურტანიძის გადაცემის შემდეგ გათავისუფლდა თანამდებობიდან, მთავარი მოწმის ლაშა მეტრეველის დაკითხვას კი “60 წუთის” ჟურნალისტები ვერც ამ შემთხვევაში დაესწრნენ:
-
[ვახტანგ კომახიძის ხმა] “მეორე შემთხვევაშიც, სადაც ლაშა მეტრეველმა გაგვიმჟღავნა, რომ ნარკობიზნესთან ბრძოლის ეროვნული ბიუროს მაღალჩინოსანი მას აძალებდა, ვინმესთვის ჩაედო ნარკოტიკი იმ მიზნით, რომ ვინმე დაეკავებინათ, ამ ლაშა მეტრეველმაც შეცვალა თავისი ჩვენება. რა თქმა უნდა, იგი იძულებული გახადეს, რომ ჩვენება შეეცვალა და ახლა პირდაპირ ჩვენ საწინააღმდეგოდ ალაპარაკდა და ამბობს, თითქოს ჩვენ იძულებით მივიღეთ მისგან ინტერვიუ.”
-
[სოზარ სუბელიანის ხმა] “ამ პროცესსაც არ ესწრებოდით?”
-
[ვახტანგ კომახიძის ხმა] “არც ამ დმკითხვას დავსწრებივართ.”
[სტილი დაცულია]

ჟურნალისტები შიშობენ, რომ მათი გამოუძახებლობა განსასჯელთა გამართლების სურვილით არის გამოწვეული, თუმცა სასამართლოზე, მოწმეთა ჩვენებების გარდა, სხვა მტკიცებულებებიც არის წარდგენილი, თუკი, რასაკვირველია, სასამართლო მათ მხედველობაში მიიღებს. თუ რამდენად მყარია ეს სამხილები, ამაზე თუნდაც იმ ორი სატელეფონო საუბრის მოსმენაც მეტყველებს, რომლებიც გელა შარაშენიძესა და შოთა ბარათაშვილს შორის შედგა:
-
[შოთა ბარათაშვილის ხმა] “ბატონო.”
-
[გელა შარაშენიძის ხმა] “ალო!”
-
[შოთა ბარათაშვილის ხმა] “ბატონო.”
-
[გელა შარაშენიძის ხმა] “გამარჯობა, ბატონო შოთა.”
-
[შოთა ბარათაშვილის ხმა] “გამარჯობა, ბიჭო. რავა შე ჩემის გადანგრეულო, ა? რას ვაკეთებთ ახლა, მითხარი.”
-
[გელა შარაშენიძის ხმა] “აი, ის მინდა, რა.”
-
[შოთა ბარათაშვილის ხმა] “თეთრი?”
-
[გელა შარაშენიძის ხმა] “ჰო.”
-
[შოთა ბარათაშვილის ხმა] “რამდენი?”
-
[გელა შარაშენიძის ხმა] “რა ვიცი, აბა, რამდენი, თქვენ იცით.”
-
[შოთა ბარათაშვილის ხმა] “რამდენ კაცს უნდა გაუკეთო?”
-
“ორ კაცს.”
-
[შოთა ბარათაშვილის ხმა] “ორ კაცს უნდა გაუკეთო, ხომ? კარგი. სადა ახლა? ბადრის გამოვუშვებ და…”
-
[გელა შარაშენიძის ხმა] “ახლა იქა ვარ, დინამოზე.”
-
[შოთა ბარათაშვილის ხმა] “და იქ უნდა გაუკეთო?”
-
[გელა შარაშენიძის ხმა] “არა, მოვალ მანდა და მე თვითონ მივიტან, ხომ არ იმას ვიზამ ეგრევე…”
-
[შოთა ბარათაშვილის ხმა] “მერე დღესვე გაუკეთებ?”
-
[გელა შარაშენიძის ხმა] “ნუ, ვეცდები ყველანაირად, ხო, დღეს, პრინციპში დღეს, ხო.”
-
[შოთა ბარათაშვილის ხმა] “მე როგორ, ჩვენ როგორ გავიგებთ?”
-
[გელა შარაშენიძის ხმა] “დაგირეკავთ თქვენ კაბინეტში.”
-
[შოთა ბარათაშვილის ხმა] “აჰააა, და რომ გაკეთებული აქვთ და არიან ამა და ამ ადგილზე.”
-
[გელა შარაშენიძის ხმა] “დევიტსოტ სემდესიატ ჩეტირეა (974) მანქანა.”
-
[შოთა ბარათაშვილის ხმა] “დევიტსოტ სემდესიატ ჩეტირე… ხარაშო! ხუთის ათ წუთზე…”
-
[გელა შარაშენიძის ხმა] “დიახ…”
-
[შოთა ბარათაშვილის ხმა] “წითელი ნოლ-სემით მოვა ბადრი.”
-
[გელა შარაშენიძის ხმა] “ბადრი?”
-
[შოთა ბარათაშვილის ხმა] “ბადრი, ხომ იცი, ჩემი ოურის უფროსი.”
-
[გელა შარაშენიძის ხმა] “გასოევი?”
-
[შოთა ბარათაშვილის ხმა] “გასოევი, ჰო.”
-
[გელა შარაშენიძის ხმა] “მერე მაგან არ გააბაზროს.”
-
[შოთა ბარათაშვილის ხმა] “არ გინა. არ გააბაზრებს, მე ვარ იქ, ჩათვალე, რა!”
-
[გელა შარაშენიძის ხმა] “კაი, ბატონო.”
-
[შოთა ბარათაშვილის ხმა] “ჩათვალე, მე როგორც მიყურებ და მისმენ, მასე მოუსმინე მაგასაც.”
-
[გელა შარაშენიძის ხმა] “გავიგე.”
-
[შოთა ბარათაშვილის ხმა] “ “დავაი, აბა, შენ იცი, რა, სპასიბა.”
-
[გელა შარაშენიძის ხმა] “კი, ჰო.”
-
[შოთა ბარათაშვილის ხმა] “დავაი.”

სამივე პროცესზე მოსამართლეებს არჩევანის გაკეთება ორი სახის მტკიცებულებებს შორის მოუხდებათ. ერთი მხრივ, არსებობს ზემოთ მოსმენილი და მსგავსი საუბრები, ჟურნალისტების მიერ ფარული კამერით გადაღებული კადრები, რესპონდენტებთან გაკეთებული ინტერვიუები და თავად ჟურნალისტების მიერ მიცემული ჩვენებები, მეორე მხრივ კი, ის ჩვენებები, რომელთაც მოწმეები განსასჯელთა ზეგავლენით იძლევიან: [ვახტანგ კომახიძის ხმა] “მე მგონია, რომ ის დანაშაული, რომელიც არის ჩადენილი და რაშიც არიან ბრალდებულები ამჟამად პოლიციის თანამშრომლები, საკმაოდ მძიმე ხასიათის დანაშაულია და აღმკვეთი ღონისძიების საკითხი რაღაცნაირად უნდა განხილულიყო. დღეს ეს ადამიანები გარეთ არიან. მათ აქვთ საშუალება – ამის შესახებ უამრავი ინფორმაცია იყო და სასამართლოში მეც გავაკეთე განცხადება, რომ შარაშენიძე განიცდის ძალიან სერიოზულ ზეწოლას და არის ამ ადამიანის დაცვა საჭირო. არც დაცვის უზრუნველყოფა მომხდარა და ეს ადამიანებიც ისევ გარეთ არიან. სანამ ისინი გარეთ იქნებიან, ისინი ყოველთვის მოახერხებენ შარაშენიძეზე ზეწოლის განხორციელებას. აქედან გამომდინარე, შარაშენიძე ვერ გაბედავს თქვას ის, რაც ნამდვილად მოხდა.” [სტილი დაცულია]

განსასჯელებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეუფარდებლობა მით უფრო საეჭვოა იმ ფონზე, როცა გასულ კვირაში ქუთაისის საოლქო სასამართლომ 3 თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მოქალაქე ნუგზარ ერაგიას, რომელმაც, თითქოს, სასამართლოს მიმართ უპატივცემლობა გამოიჩინა.
XS
SM
MD
LG