Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ შეხვდა მსოფლიო ახალ წელს? 2003-01-01


თუ პესიმისტი ბრძანდებით, 2003 წელი უთუოდ დამაჯერებელი პროგნოზების გაკეთების საშუალებას მოგცემთ: უკვე აშკარაა გლობალური ეკონომიკის დაღმასვლისა თუ სტიქიური უბედურებების გახშირების,

ტერორიზმის მომძლავრებისა თუ ადამიანის უფლებების კიდევ უფრო უხეშად ხელყოფის საფრთხე. ზოგი არც ამათუიმ ქვეყნის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას, ის კი არა, მესამე მსოფლიო ომს არ გამორიცხავს! მაგრამ ადამიანებს შორის, როგორც ჩანს, მაინც ოპტიმისტები ჭარბობენ - სხვაგვარად რომ იყოს, მსოფლიო ასეთი სიხარულით არ შეეგებებოდა ახალ წელს...

ერთ-ერთი იმ ქვეყნებიდან, რომლებიც (გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე) პირველი ეგებებიან ახალ წელს, ავსტრალიაა. მის მკვიდრებს, მართალია, არც ამჯერად დაუზოგავთ შამპანური და ფოიერვერკი, მაგრამ, როგორც სიდნეიდან თუ მელბურნიდან იუწყებიან, ადამიანებს არ დავიწყებიათ 2002 წლის 12 ოქტომბერი, როცა მეზობელი ინდონეზიის კუნძულ ბალიზე მომხდარმა ტერაქტმა 190-ზე მეტი ტურისტის, უმეტესწილად ავსტრალიელი დამსვენებლების სიცოცხლე შეიწირა. საერთოდ, ტერორიზმის პრობლემა, როგორც ცნობილია, განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ხოლმე იქ, სადაც მრავალი ადამიანი იკრიბება. ამიტომ იყო, რომ ღამით პარიზის სახელგანთქმულ ელისეს მინდვრებზე განთავსებული პოლიციელების რიცხვი 1500-ს აღწევდა, ხოლო რუსეთის სხვადასხვა რეგიონში 250 ათას პოლიციელს ევალებოდა სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულება.

ყურადღების ცენტრში მაინც შეერთებული შტატები, კერძოდ მისი პრეზიდენტი აღმოჩნდა, რაც, ალბათ, მოსალოდნელი იყო. მსოფლიო რამდენიმე თვეა, დაძაბული ადევნებს თვალყურს ერაყთან დაპირისპირებას, რომელიც, არაერთი ვარაუდით, 2003 წელს, შესაძლოა, ომში გადაიზარდოს. “განვაგრძობთ ძალისხმევას ამერიკაში უშიშროების განსამტკიცებლად, ტერორიზმის წინააღმდეგ ომში გასამარჯვებლად, განათლების გასაუმჯობესებლად, ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ჩვენი ყოველი მოქალაქის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფადო”- ასე შეიძლება შეჯამდეს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის საახალწლო მიმართვა, რომლითაც ის თავის ტეხასის რანჩოში გამოვიდა.

თუმცა, ბუში არა მარტო თავისი ქვეყნის, არამეც მთელი მსოფლიოს ეკონომიკასაც შეეხო – კერძოდ, მიუთითა საფრთხეზე, რომელიც გლობალურ ეკონომიკას ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ ერაყს შეერთებულ შტატებზე სამხედრო დარტყმის შანსი მიეცა. ჟურნალისტების შეკითხვას, რა თანხა დაჯდებოდა ერაყის წინააღმდეგ ომი, ბუშმა ასე უპასუხა: “სადამ ჰუსეინის, ან მისი რომელიმე მოკავშირის მხრივ იერიში ჩვენს ეკონომიკას გაანადგურებდაო”. ეს სიტყვები, სავარაუდოდ, არა მხოლოდ ამერიკელების გასაგონად ითქვა – გლობალური ეკონომიკური პროცესები იმდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული შეერთებული შტატების ეკონომიკასთან, რომ ამ უკანასკნელის შერყევა მთელი მსოფლიოს ინტერესების წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული. შესაბამისად, ბუშის საახალწლო მიმართვა შეიძლება გავიგოთ, როგორც შეგონება, რომ ერაყის წინააღმდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ომის წამოწყება მთელი დანარჩენი მსოფლიოს ინტერესებს შეესაბამება.

ამ აზრს, როგორც ჩანს, უკვე იზიარებს ერაყის წინააღმდეგ შესაძლო ომის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი დასავლელი ოპონენტი - გერმანია. “ჩვენ, გერმანელებს, საკუთარი გამოცდილებიდან კარგად მოგვეხსენება, რომ დიქტატორების შესაჩერებლად ზოგჯერ ერთადერთი გამოსავალი ძალა არისო”- ეს მრავლისმეტყველი სიტყვები კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა წარმოთქვა საახალწლო მიმართვაში, მაშინ, როცა ბერლინის ცენტრი გერმანიასა და, სავარაუდოდ, მთელს ევროპაში უდიდესი საახალწლო ზეიმით, მილიონამდე ადამიანით გაივსო! ღამის 12 სათზე, თითქოს მზე ამოვიდაო, ცა გააჩახჩახა ფოიერვერკმა, რომელზეც გერმანიაში წლიურად მილიონობით დოლარის შესატყვისი თანხა იხარჯება. ასევე ხმაურიანად და მხიარულად იზეიმეს ახალი წლის მობრძანება პარიზის ცენტრში, ელისეს მინდვრებზე, ნიუ იორკში, ტაიმს სკუერზე შეკრებილებმა.

რუსებმა კი უმეტესწილად შინ იდღესასწაულეს, რის ერთ-ერთ მიზეზად პრეზიდენტის საახალწლო მიმართვის მოსმენის სურვილს ასახელებენ. “თითოეულ ჩვენგანს ვუსურვებ თავის საქმეში წარმატებას. ამაზეა დამოკიდებული ყველაფერი, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ბედიო”, ასეთი შეგონებით მიმართა თანამემამულეებს ვლადიმირ პუტინმა. აირჩევს თუ არა რუსეთში უზომოდ პოპულარული პრეზიდენტი მშვიდობის გზას 2003 წელს წარმატების მოსაპოვებლად, მალე გამოჩნდება. აი, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კი ზემოხსენებულ საახალწლო მიმართვაში ისიც თქვა, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რომელიც მას საახალწლოდ აქვს დასახული, ერაყის კრიზისის მშვიდობიანად მოგვარებაა.
XS
SM
MD
LG