Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროს ერთი წელი შეუსრულდა


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა უკვე ერთი წელია, რაც ევროპის კავშირის 12 ქვეყანაში მიმოქცევაშია საერთო ფულადი ერთეული – ევრო. ბოლო დროს, თითქოს დაბადების დღის საჩუქარიაო, მისმა კურსმა დოლარის მიმართ სარეკორდო სიმაღლეს მიაღწია.



ეს უჩვეულო სიტუაციაა. თავისი ჯერაც ხანმოკლე ცხოვრების უდიდესი ნაწილი ევრომ დოლარის ჩრდილში გაატარა. მისი დაცემა 4 წლის წინათ დაიწყო, როცა ის, როგორც უხილავი ვალუტა, მხოლოდ საბანკო გადარიცხვების სისტემაში მოქმედებდა.

ახლა ევრომ რევანში აიღო. მისი გამაგრების ფაქტორებად ასახელებენ შეერთებული შტატების ეკონომიკის დაქვეითებას და ერაყის წინააღმდეგ მოსალოდნელ ომს. მაგრამ, როგორც მაინის ფრანკფურტის "დოიჩე ბანკის" ექსპერტი ოტმარ ლანგი აღნიშნავს, [ლანგის ხმა] "შეერთებული შტატების საშინაო პრობლემები ევროპისაზე არანაკლებ სერიოზულია, და ევროპაში ეს პრობლემები, შესაძლოა, უფრო სერიოზულიც კი იყოს. ასე რომ, შეერთებული შტატების დოლარზე ახლა უწინარესად გეოპოლიტიკური სიტუაცია მოქმედებს."

ევროს კურსის ამჟამინდელი ზრდა ევროზონაში წარმოებულ საქონელს აძვირებს და ნაკლებად კონკურენტუნარიანს ხდის. ამავე დროს, ის ხელს უწყობს ინფლაციის დაბალი დონის შენარჩუნებას და აიაფებს იმპორტს, მათ შორის ნედლეულის იმპორტს.

ინფლაციის პრობლემა ევროპის დიდ ნაწილს აწუხებს. საზოგადოებაში ფეხი მოიკიდა აზრმა, რომ ბიზნესმა ისარგებლა ახალ ვალუტაზე გადასვლით და უკანონოდ გაზარდა ფასები.

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ვიმ დოიზენბერგი ამ მტკივნეულ საკითხს გასულ კვირაში შეეხო. მისი თქმით, ბანკები უფრო პატიოსნად უნდა მოიქცნენ და აღიარონ, რომ ევროზე გადასვლამ მართლაც აწია ფასები. მაგრამ ოტმარ ლანგის აზრით, პრობლემა წარსულს უფრო ეკუთვნის, ვიდრე მომავალს.

თუმცა, არსებობს განსხვავებული მოსაზრებებიც. მაგალითად, ლონდონელი ექსპერტი ალისდერ მარეი მიიჩნევს, რომ ევროს მომავალი გაურკვეველია. მისი თქმით, დოლარი დღევანდელ დონებმე იმიტომ დაეცა, რომ ყველა მოელის ერაყის წინააღმდეგ კამპანიის სწრაფსა და წარმატებულ დასრულებას (ცხადია, თუ იგი საერთოდ დაიწყო). მაგრამ თუ სამხედრო ოპერაცია გაჭიანურდა, დოლარი კიდევ უფრო დაეცემა. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ევროზე გავლენას ახდენს, არის ევროპის კავშირის ქვეყნების სუსტი ეკონომიკური მდგომარეობა.

[მარეის ხმა] "ცხადია, ევროზონის ეკონომიკის მდგომარეობა, მეტი რომ არა ვთქვათ, ბრწყინვალე არ არის, განსაკუთრებით გერმანიაში. ძლიერმა ევრომ შეიძლება შეამციროს ექსპორტი სწორედ იმ დროს, როცა გერმანიას განსაკუთრებით სჭირდება მისი გაზრდა. ასე რომ, არცთუ შორეულ მომავალში ეს შეიძლება საზიანოც კი გამოდგეს."

ერთი წლის წინათ, როცა ევრო შემოღებულ იქნა, ბევრს მიაჩნდა, რომ მან ერთგვარი ზიანი მიაყენა ეროვნულ თვითმყოფადობას. მაგრამ ახლა ეს თითქმის აღარავის ახსოვს. და როგორც ეკონომიკის ექსპერტი ოტმარ ლანგი ამბობს, ევროს ალტერნატივა არა აქვს და ხალხი მას უნდა მიეჩვიოსო.
XS
SM
MD
LG