Accessibility links

logo-print

პროგნოზები დსთ-ის ქვეყნების პრეზიდენტებისთვის


გიორგი კაკაბაძე, თბილისი რუსეთის “ნეზავისიმაია გაზეტას” გასული წლის 30 დეკემბრის ნომერში გამოთქმულია პროგნოზები დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების პრეზიდენტებისთვის.

თუმცა ავტორი, ტატიანა ივჟენკო, მიიჩნევს, რომ, საზოგადოდ, პროგნოზების გაკეთება თანამეგობრობის სახელმწიფოებისთვის უმადური საქმეა, რადგან ამ ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენები ყოველთვის როდი შეესაბამება მეცნიერულ თეორიებს.
გესაუბრებით წერილში გამოთქმული ზოგიერთი პროგნოზის შესახებ.

ავტორის თქმით, “თანამეგობრობის ლიდერების სტრატეგიაზე, სიტყვებსა და ნაბიჯებზე არცთუ პატარა გავლენა აქვთ ვარსკვლავებს. 2003 წლის დამდეგს ეს თემა განსაკუთრებით აქტუალურია. წინა ჯერზე, თორმეტი წლის წინათ, ცხვრის წელიწადი ხომ საბჭოთა კავშირის დაშლით და თანამეგობრობის შექმნით აღინიშნა. სწორედ ამიტომ დსთ-ის მომავალზე საუბრამდე აზრი აქვს, რომ პრეზიდენტების პირად ჰოროსკოპებში ჩავიხედოთ. საინტერესოა, რომ მათ შორის არც ერთი არ არის ცხვრის წელიწადში დაბადებული. სამაგიეროდ, თანამეგობრობის ლიდერთა, დაახლოებით, ნახევარი დრაკონის წელში დაიბადა”.

“ნეზავისიმაია გაზეტა” წერს: “ვლადიმირ პუტინი და ემომალი რახმონოვი არა მხოლოდ “დრაკონისეული” დაბადების წლით, არამედ ზოდიაქოს სასწორის ნიშნითაც ჰგვანან ერთმანეთს. ასტროლოგები ამბობენ, რომ ორივე პრეზიდენტი ცხვრის წელიწადში ფართოდ და მასშტაბურად დაიწყებს აზროვნებას. რუსეთის ლიდერისთვის რეკომენდებულია ისეთი პერსპექტივის დასახვა, რომელიც რუსეთის მიერ ზესახელმწიფოს სტატუსის აღდგენას უკავშირდება. ამ წელიწადში მას ყველა ჩანაფიქრი აუცილებლად შეუსრულდება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანამოაზრეთა გუნდი ეყოლება და ზედმეტ ემოციებსა და მორალურ-ზნეობრივ განცდებს არ აჰყვება. განსაკუთრებით წარმატებული წლის პირველი ნახევარი აღმოჩნდება. ამ დროს მას მოკავშირეთა ერთი ნაწილის კეთილი დამოკიდებულებისა და გულუხვი დახმარების იმედი უნდა ჰქონდეს, მოკავშირეთა მეორე ნაწილის მხრიდან კი - უსიტყვო მორჩილების იმედი. ვლადიმირ პუტინისთვის წლის დევიზად შეიძლება იქცეს სიტყვა - “იბატონე!”

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს, “ნეზავისიმაია გაზეტა” აღნიშნავს, რომ მერწყული ედუარდ შევარდნაძე დრაკონის წელიწადშია დაბადებული. გაზეთის თქმით, “ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ მას შეუძლია ყველაზე მასშტაბური გეგმების რეალიზების იმედი ჰქონდეს იმ პირობით, თუ მეოცნებე-ემოციური მერწყულის პარტნიორები, რომლებიც სხვადასხვა სახის ავანტიურებისკენ უბიძგებენ, ყველაზე რთულ მომენტში არ მიატოვებენ მას. მაგრამ საქმე ის არის, რომ დაახლოებით ივლისისათვის ვარსკვლავები ბევრ უძილო ღამეს ჰპირდებიან ქართველ პრეზიდენტს, რაც ერის ბედზე ფიქრით იქნება გამოწვეული. უკვე შემოდგომაზე შევარნდაძე იძულებული გახდება, უარი თქვას ბევრ უპერსპექტივო იდეაზე და მკლავებდაკაპიწებულმა იმუშაოს კეთილდღეობისა და საპენსიო სიმშვიდისთვის, რასაც ვარსკვლავები ამ პრეზიდენტს საკმაოდ მალე ჰპირდებიან”.

“ნეზავისიმაია გაზეტას” პროგნოზით, 2003 წლის შუა ზაფხულიდან კრემლთან გარკვეული კონფლიქტი ელის ტაჯიკეთის პრეზიდენტს ემომალი რახმონოვს. წლის ბოლოს ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის დაპირებებით გაცრუებული სანავთობო პარტნიორების ნაწილი უარს იტყვის მასთან თანამშრომლობაზე; ხოლო ყველაზე რთული წელიწადი , როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ჰეიდარ ალიევს ელის.
XS
SM
MD
LG