Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა დაებედა საქართველოს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი თუ წინასაახალწლო დღეებში ასტროლოგები სხვადასხვა რჩევას არ იშურებდნენ 1 იანვრის ღამის გატარების წესების შესახებ შავი თხის წელიწადში წარმატების მისაღწევად,

2 იანვართან დაკავშირებით რატომღაც არანაირი საქმიანი რჩევა არ არსებობს. როგორც ჩანს, ბედობის დღეს არჩევანი თავისუფალია - ანუ ამ დღეს ყველა ისე ატარებს, როგორც სურს. რა დაებედა საქართველოს 2003 წლის ბედობის დღეს?

2 იანვრის თბილისის უკაცრიელი ქუჩების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თბილისელთა უმრავლესობამ ბედობის დღის ოჯახში გატარება გადაწყვიტა. რაც შეეხება მათ, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულია, საახალწლოდ მათზე ზრუნვა ხელისუფლებამ იკისრა. 2 იანვარს კეთილ ტრადიციად ქცეული პრეზიდენტის ნაძვისხე ისევ გაიმართა პრეზიდენტის კანცელარიაში. საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესის” ცნობით, 2 და 3 იანვარს პრეზიდენტის ნაძვისხე 400-მდე დევნილ ბავშვს უმასპინძლებს. პრეზიდენტის გარდა, დევნილ ბავშვებზე სხვადასხვა ორგანიზაციამაც იზრუნა. 2 იანვარს გაეროს სამხედრო დამკვირვებლებმა ბორჯომის დევნილთა სკოლა-ბაღს სარეცხი მანქანა, გაზქურა და ტელევიზორი გადასცეს. დევნილთა ნორვეგიულმა საბჭომ თბილისში 1000-მდე დევნილ ბავშვს საჩუქრები დაურიგა. 5 იანვარს დევნილთა საბჭო წყნეთის, ბაგების, ვაკის სტუდქალაქსა და თბილისის ზღვაზე მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ 2000 ბავშვს დიდ საკონცერტო დარბაზში დაგეგმილ კონცერტზე ეპატიჟება, სადაც მათ საჩუქრებთან ერთად ქართული პოპმუსიკის წარმომადგენელთა კონცერტიც ელით.
ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები საახალწლო დღეებში, ალბათ, ყველაზე დაძაბული რეჟიმით ცხოვრობენ. 1 იანვრის ღამეს, რესპუბლიკის მოედანსა და სხვადასხვა რესტორანში გამოსვლის შემდეგ, მომღერლებმა ყველაზე მადლიერი მსმენელისთვის, ბავშვებისთვის, მოიცალეს. 2 იანვარს სპორტის სასახლეში დაწყებულ საახალწლო კარნავალს, რომლის ორგანიზატორია კომპანია ”არტ-იმედი”, ბავშვებმა ცნობილი მულტფილმების გმირების როლში ეკა მამალაძე, მერაბ სეფაშვილი, ნატო მეტონიძე, ლელა წურწუმია და ჯგუფი ”ქუჩის ბიჭები” იხილეს. თვითმხილველთა ცნობით, ბავშვებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სპაიდერმენმა, აჩიკო მეფარიძის შესრულებით, რომელიც არა მხოლოდ მღეროდა, არამედ დარბაზში დაფრინავდა კიდეც.
ქართული შოუბიზნესის, ასე ვთქვათ, შუქ-ჩრდილებზე დღეს ჩვენი სტუდიის სტუმართან, კომპოზიტორ ბიძინა კვერნაძესთან, ვისაუბრებთ, რომელიც ამბობს, რომ, ყველაფრის მიუხედავად, იგი ოპტიმისტურად ხვდება ახალ წელს. საეჭვოა, ასევე ოპტიმიზმით აღსავსე ყოფილიყვნენ 2003 წლის 2 იანვარს საბურთალოს რაიონის მაცხოვრებლები, რომელთაც, ავარიის გამო, უწყლობა დაებედათ. თბილწყალკანალის თანამშრომლებს კი, ვისაც 2 იანვრის დილიდან ავარიის შედეგების ლიკვიდაციაზე ზრუნვა მოუხდა, ჩვეულებრივი სამუშაო დღე დაებედათ, ისევე, როგორც საგზაო პოლიციელებს, სასწრაფო დახმარების ექიმებს, კერძო ტაქსების მძღოლებს, ოფიციანტებს, გამყიდველებს და ჩვენ, რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტებს. გულახდილად რომ ითქვას, მუშაობის დაბედება სულაც არ უნდა იყოს ზედმეტი ისეთ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, როგორშიც საქართველოა. რაც შეეხება საახალწლო სურვილს, ჩემი აზრით, ძალიან მომხიბვლელად გამოიყურება ბრიტანელების სურვილი ისწავლონ რაიმე ახალი. ექსპერტების შეფასებით, ბრიტანელებს ესმით, რომ ცოდნა ცხოვრებას აუმჯობესებს და ამდიდრებს.
XS
SM
MD
LG